საფრანგეთის პირენეებში ზღვის დონიდან 2878 მეტრის სიმაღლეზე აღმოაჩინეს მიკროპლასტიკები აფრიკიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან
როგორც ჩანს მიკროპლასტიკა – პლასტმასის პაწაწინა ფრაგმენტები, რომელთა სიგრძე ხუთ მილიმეტრზე ნაკლებია და მოდის სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის ტანსაცმლიდან, შეფუთვებიდან, კოსმეტიკიდან და საბურავებიდან – ბოლო დროს ყველგანაა გავრცელებული, თუნდაც Pic du Midi ობსერვატორიაში, ზღვის დონიდან 2878 მეტრზე საფრანგეთის პირენეებში.
გლაზგოს სტრათკლაიდის უნივერსიტეტის წყლის, გარემოს, მდგრადობისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მკვლევრების სტივ და დეონი ალენების მიერ ჩატარებულ ახალ კვლევაში, დადგინდა, რომ მიკროპლასტიკების წარმოშობა ჩრდილოეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკას ეხებოდა. მაგრამ როგორ მოახერხეს პლასტმასის ამ პატარა ნაჭრებმა ასეთ მანძილზე მოგზაურობა? პასუხი დაკავშირებულია იმ სიმაღლეებთან, რომლებსაც მიკროპლასტიკები აღწევენ დედამიწის ტროპოსფეროში. კვლევამ აჩვენა, რომ ქარის მაღალმა სიჩქარემ მიკროპლასტიკებს საშუალება მისცა ემოგზაურათ დედამიწის გარშემო უპრობლემოდ და ჩარევის გარეშე.
„როდესაც მიკროპლასტიკა თავისუფალ ტროპოსფეროში ხვდება, ეს არის გზატკეცილი დაბინძურების გავრცელებისთვისა და გადაადგილებისთვის. იქ არის ქარის მაღალი სიჩქარე და ძალიან ცოტა წვიმა, ამიტომ დაბინძურება არ ირეცხება და ის მოძრაობს ბევრად უფრო სწრაფად [ვიდრე პლანეტარული სასაზღვრო ფენის ქვემოთ]“, – თქვა სტივ ალენმა, როგორც New Scientist იტყობინება.
Daily Mail-ის თანახმად, მიკროპლასტიკურმა ნაწილაკებმა გაიარეს საშუალოდ 4506 კილომეტრი ერთი კვირის განმავლობაში Pic du Midi ობსერვატორიაში ჩასვლამდე, გადაკვეთეს ატლანტის ოკეანე და ხმელთაშუა ზღვა, სანამ პირენეების ზემოთ ატმოსფეროში მოხვდებოდნენ. მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ზოგიერთი ნაწილაკი შესაძლოა დასავლეთ ევროპიდანაც მოდიოდეს. ადრეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მიკროპლასტიკები მოძრაობდნენ რეგიონულ დონეზე და არა დედამიწის ატმოსფეროში, კონტინენტიდან კონტინენტზე.
სტივ ალენის თქმით, პლასტმასის ნაწილი წარმოიშვა ხმელთაშუა ზღვასა და ატლანტის ოკეანეში. „პლასტმასი ტოვებს ოკეანეს და ადის ჰაერში ასე მაღლა – ეს იმის მიმანიშნებელია, რომ პლასტმასის საბოლოო ჩაძირვა არ ხდება. პლასტმასი უბრალოდ მოძრაობს ჩვენს გარშემო და ირგვლივ განუსაზღვრელი ციკლით, ”- თქვა მან The Guardian-ის მიხედვით.
საფრანგეთის პირენეებში აღმოჩენილი პლასტმასის ნაწილაკების უმეტესობას ჰქონდა დიამეტრი 5-დან 20 მიკრომეტრამდე, საკმარისად მცირე იმისთვის, რომ ჩავისუნთქოთ, იტყობინება New Scientist. კვლევის ჯგუფმა გამოიყენა ლაზერი, რათა აღმოაჩინა, რომ პოლიეთილენი, მასალა, რომელიც ხშირად გამოიყენება პლასტმასის შეფუთვაში, იყო ნიმუშებში ყველაზე გავრცელებული ტიპი.
„ჩვენ არ გვიკვირს, რომ ის იქ არის, მაგრამ სამწუხაროა, რომ ასეა. ეს პაწაწინა ნაწილაკები დაბინძურების შესანიშნავი გადამტანები არიან, ისინი მოქმედებენ როგორც Velcro-ს პატარა ბურთულები, გარედან აგროვებენ ვირუსებს და სხვა დამაბინძურებლებს მოძრაობისას“, – თქვა დეონი ალენმა, იტყობინება New Scientist.
მისი თქმით, პლასტმასის პრობლემა გლობალურია და მისი საზღვარგარეთ გადაზიდვა, როგორც განადგურების საშუალება, არ იყო ეფექტური სტრატეგია, იტყობინება The Guardian.
„მდიდარი ქვეყნები ფიქრობენ, რომ ისინი ათავისუფლებენ პლასტმასის ნარჩენებს, როდესაც ისინი აგზავნიან მათ დასაწვავად ან ნაგავსაყრელზე მსოფლიოს სხვა ნაწილებში – ეს ასე არ ხდება, პლასტმასი რამდენიმე კვირაში ბრუნდება. ბუნებაში საზღვრები არ არსებობს“, – თქვა სტივ ალენმა, იტყობინება New Scientist.
სტატიაზე მუშაობდა : ლიზი ფირცხალაიშვილი და ნატა შველიძე
წყარო : www.ecowatch.com