როგორ იცვლებოდა ჩვენი პლანეტა დროთა განმავლობაში?
კლიმატის ფართომასშტაბიანი ცვლილებების ვიზუალიზაცია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, ძალიან ძნელია.
მაგრამ „ნასა“ უკვე რამდენიმე წელია დედამიწას კოსმოსიდან სურათებს უღებს. თუ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე გადაღებულ სურათებს ერთმანეთს შევადარებთ, დავინახავთ, თუ როგორ შეცვალა ჩვენი პლანეტა გლობალურმა დათბობამ.
ქვემოთ მოყვანილია „ნასა“-ს პროექტიდან „ცლილებების სახეები“ და ამ ფოტოებზე დაფიქსირებულია კლიმატური კრიზისისგან უშაულოდ დაზარალებული რეგიონები.
ნოიმაერის მყინვარი, სამხ. ჯორჯიას კუნძული
„ნასა“-ს ინფორმაციით, ნოიმაირის მყინვარი, რომელიც პატარა ჯორჯიას კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს, ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში, ბოლო საუკუნის განმავლობაში 2.5 მილით შემცირდა. მყინვარი ოკეანეში ჩაედინება, ამიტომაც ოკეანეს ტემპერატურის მცირე ცვლილებაც კი მასზე სერიოზულ გავლენას ახდენს.
ზღვის წყლის ზედაპირის უფრო მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება დააჩქაროს ჩამდინარი მყინვარების ხმელეთის სიღრმეში უკან დახევის პროცესი და აისბერგების წყალში ჩამოცვენა გამოიწვიოს. როდესაც გამდნარი აისბერგების წყალი ოკეანეს წყალს შეუერთდება, ზღვის დონე აიწევს.
პაუელის ტბა, არიზონას და იუტას შტატები
„ნასა“ გვატყობინებს, რომ ხანგრძლივმა გვალვამ და წყლის ამოღებამ პაუელის ტბაში წყლის დონის სერიოზული შემცირება გამოიწვია. ამ ფოტოებზე ტბის ჩრდილოეთი ნაწილი ჩანს. ფაქტობრივად ეს ტბა ადამიანების მიერ შექმნილი წყალსაცავია, რომელიც არიზონადან სამხ. იუტამდეა გადაჭიმული. 1999 წელს მასში წყლის დონე მაქსიმალურ მაჩვენებელზე იყო. 2014 წლისთვის ის 42%-ით შემცირდა.
მართალია გვალვები ამ რეგიონში ყოველთვის ხდებოდა, მაგრამ ბოლო დროს ისინი უფრო სასტიკი გახდა.
„მცირეემისიური“ სცენარების შემთხვევაშიც კი (კლიმატური ცვლილებების სცენარები, რომლების თანახმადაც ადამიანების დამოკიდებულება წიაღისეულ საწვავზე შემცირდება და ნელნელა საერთოდ გაქრება) საუკუნის დასასრულს ნალექის რაოდენობა კალიფორნიის უდიდეს ნაწილში, სამხრეთ ნევადასა და დაკოტაში 20-25%-ით შემცირდება.
ტყის ხანძარი კემპი, კალიფორნია
2018 წელს კალიფორნიაში, ბატის ოლქში მომხდარი ტყის ხანძარი „კემპი“ ყველაზე სასტიკი და დამანგრეველი ხანძარი იყო ამ რეგიონში წლების მანძილზე. ამ ხანძრის გამო 85 ადამიანი დაიღუპა და 14.000 სახლი განადგურდა.
ჟურნალ „დედამიწის მომავალში“ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად ბოლო 50 წლის მანძილზე მომხდარმა კლიმატურმა ცვლილებებმა მკვეთრად გაზარდა ტყის ხანძრების რაოდენობა კალიფორნიაში.
ამის გამომწვევი მიზეზია უფრო ცხელი ჰაერი, რომელიც აშრობს მიწას და უფრო ხელსაყრელ პირობებს ქმნის დამანგრეველი ტყის ხანძრებისათვის.
კვლევაში ნათქვამია: „ანტროპოგენურ კლიმატურ ცვლილებებსა და კალიფორნიაში ტყის ხანძრების გახშირებასთან უშუალო კავშირი აშკარაა. ატმოსფეროს ტემპერატურის ზრდა იწვევს ტორფისა და ხე-ტყის გამოშრობას, რაც ხელს უწყობს ზაფხულში სასტიკი ხანძრების გაჩენას.“
ჩრდილოთ ევროპა
ამ ფოტოებზე ჩანს, თუ როგორ აქცია მუდმივმა გვალვამ მწვანე რეგიონები ყავისფრად. ევროპული კოსმოსური სააგენტოს ცნობით, ამ რეგიონის უდიდესი ნაწილი ყავისფერი გახდა სულ რაღაც ერთი თვის განმავლობაში, როდესაც ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურა და მცირე ნალექი დაფიქსირდა.
ამის მსგავსი სიცხის ტალღები მომავალში მხოლოდ გაძლიერდება. ჟურნალ „Nature“-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ზოგიერთ ნაწილებში 10-15 დღით უფრო ხანგრძლივი სიცხის ტალღები დაფიქსირდება, როდესაც გლობალური დათბობა კიდევ თუნდაც 1 გრადუსით მოიმატებს.
მდინარე ტიგროსი, ერაყი
2019 წლის ფოტოზე ჩანს, რომ მდინარე ტიგროსი ადიდდა, რადგან დანალექი ქანებით აივსო. „ნასა“-ს თქმით, ეს უჩვეულოდ ნესტიანი ზამთრისა და გაზაფხულის შედეგია. მდინარის გარშემოც უფრო მეტი სიმწვანე შეინიშნება, ვიდრე 2015 წელს.
კლიმატური ცვლილებები არამხოლოდ ზრდის სინესტესა და სიცხეს, არამედ ახშირებს ძლიერ ნალექს. მეცნიერების თქმით, ამან შეიძლება „ამინდის მათრახის“ ეფექტი გამოიწვიოს, ანუ ზედმეტად მშრალ წელს მეტისმეტად ნესტიანი მოყვება. ასე მოხდა 2019 წელს, როდესაც რამდენიმე წლიანი გვალვის შემდეგ ანომალურად ძლიერმა წვიმებმა მდინარეები კალაპოტებიდან გამოიყვანეს.
მყინვარი კოლუმბია, ალასკა
ეს ფოტოები ცხადყოფს, თუ რამდენად შემცირდა მყინვარი 30 წლის მანძილზე. მყინვარი კოლუმბია ფარავს ჩუგაჩის მთებს პრინც-უილიამ-საუნდში.
მყინვარის შემცირება წყლის დონის მატებას იწვევს, რადგან მდნარი წყალი ოკეანეში იღვრება და აისბერგებსაც ქმნის. „ნასა“-ს ცნობით, ჩუგაჩის მთებში ყველაზე დიდი რაოდენობით ყინულს სწორედ ეს მყინვარი კარგავს.
წყალსაცავი თივოთერკლუფი, სამხრეთ აფრიკა
სამხრეთ აფრიკის ყველაზე დიდი წყალსაცავი – თივოთერკლუფი (Theewaterskloof), რომელიც მდებარეობს პროვინციაში აღმოსავლეთ კეიპი, 2014 წელს სრულად იყო წყლით გავსებული. მაგრამ 2017 წლის გვალვის გამო მასში წყლის დონე 27%-ით დაეცა.
2017 წელს CNN-ის ეთერში კეიპტაუნის მერი, პატრიცია დე ლილი, გამოვიდა და წყლის კრიზისთან დაკავშირებული აღშფოთება გამოხატა: „კლიმატური ცვლილებები რეალურია, არ შეგვიძლია მხოლოდ წვიმის წყლის იმედად ვიყოთ ჩვენი წყალსაცავების შევსებისას. უნდა განვიხილოთ ალტერნატიული წყაროები: წყლის გამტკნარება და გრუნტის წყლები.“
მყინვარი პაინ აილენდი, ანტარკტიდა
აისბერგი B-46 პაინ აილენდის მყინვარს 2018 წელს მოტყდა. მეორე ფოტოზე ის არც ისე დიდი ჩანს, მაგრამ მისი ზომა 115 კვადრატული მილია. „ნასა“-ს ცნობით, ბოლო წლებში მყინვარს სულ უფრო და უფრო მეტი აისბერგი მოტყდა.
მეცნიერები დიდი გულისყურით აკვირდებიან პაინ აილენდის მყინვარს, ვინაიდან ის სწრაფი ტემპებით მცირდება, მასზე ყინული დნება, რის შედეგადაც იქმნება აისბერგები და მატულობს წყლის დონე მსოფლიო ოკეანეში.
ტბა ალუჩეო, ჩილე
გასულ წელს ჩილეს ცენტრალურ ნაწილში მდებარე ეს ტბა გაშრა. 2019 წლის მარტისთვის ის უკვე მხოლოდ გამომშრალი ტალახისგან და მწვანე წყალმცენარეებისგან შედგებოდა. მეცნიერები ამას ხსნიან ათწლიანი გვალვითა და გაზრდილი წყლის მოხმარებით მოსახლეობის მიერ.
ამ მეგაგვალვას მრავალი გამომწვევი მიზეზი ჰქონდა, თუმცა მეცნიერების თქმით საკვანძო როლი მასში გლობალურმა დათბობამ შეასრულა.
ქარიშხალ „ჰარვის“ შედეგები, ჰიუსტონი
მეორე ფოტოზე ნაჩვენებია მასშტაბური წყალდიდობა, რომელიც ქარიშხალმა „ჰარვიმ“ გამოიწვია 2017 წლის აგვისტოში. ორივე ფოტო ხილული და ინფრაწითელი გამოსხივების გამოყენებით გადაიღეს, რომლებიც გვეხმარება მიწაზე წყლის არსებობის დადგენაში.
სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფის, Climate Central-ის მიერ მართული ორგანიზაცია World Weather Attribution-ის ცნობით, კლიმატის ანტროპოგენური ცვლილებების გამო ჰარვისგან ზარალის მიღების შესაძლებლობა 3-ჯერ იმატა. შეგახსენებთ, რომ 2017 წელს ამ ქარიშხალმა ჰიუსტონს გადაუარა და 19 ტრილიონ გალონზე მეტი ნალექი მოიტანა. ამან დამანგრეველი წყალდიდობები გამოიწვია.
სადირმანის მთები, ახალი გვინეა
„ნასა“-ს ცნობით, ყველაზე მაღალ მთებზე სადირმანში საკმაოდ ციოდა იმისთვის, რომ იქ მყინვარები ყოფილიყო. მაგრამ წლების განმავლობაში იქ ყინულის რაოდენობამ საგრძნობლად იკლო.
სადირმანის მსგავსი ტროპიკული მყინვარები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მცირდება. მეცნიერების თქმით, დაახ. 10 წელიწადში ისინი საერთოდ გაქრებიან.
ოკიოკულის (Okjökull) მყინვარი, ისლანდია
„ნასა“-ს ცნობით, ეს ოდესღაც ლეგენდარული მყინვარი 2014 წელს გამქრალად სცნეს. მისგან მხოლოდ თხელი ყინულის მცირე მონაკვეთებიღა დარჩა.
მეცნიერებმა ოკიოკულს წლის დასაწყისში ერთგვარი სიმბოლური დაკრძალვის რიტუალი მოუწყვეს. ეს პირველ ისლანდიურ მყინვარი იყო, რომელიც გლობალური კლიმატური ცვლილებების გამო განადგურდა.
წარწერა ძეგლზე „წერილი მომავალს“ ბნელ სურათს გვიხატავს:
„OK – პირველი ისლანდიური მყინვარია, რომელმაც მყინვარის სტატუსი დაკარგა. მოსალოდნელია, რომ 200 წლის მანძილზე ყველა ჩვენი მყინვარი იგივე გზას გაიმეორებს. ეს ძეგლი იმის აღიარებაა, რომ ვიცით რაც ხდება, და ისიც ვიცით, თუ რა უნდა გავაკეთოთ. მხოლოდ თქვენ გეცოდინებათ, გავაკეთეთ ის რაც საჭირო იყო, თუ არა,“ – წერის მყინვარისადმი მიძღვნილ მემორიალზე ინგლისურ და ისლანდიურ ენებზე.
სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი და ვალერი გელოვანი
წყარო : cnn.com