მსოფლიოს 10 ყველაზე დაბინძურებული ქალაქიდან 9 ინდოეთშია
· 2019 წლის კვლევის მიხედვით, მსოფლიოს 10 ყველაზე დაბინძურებული ქალაქიდან 9 ინდოეთშია
· ჰაერის უკიდურესი დაბინძურების გამო, ინდოეთს 1,600-დან 4,000-მდე ჰაერის ხარისხის საზომი აპარატი სჭირდება, თუმცა 2021 წლის მონაცემებით მხოლოდ 804 აქვს, რომელთა უმეტესობაც ურბანულ ზონებშია განთავსებული
. კვლევა აჩვენებს, რომ ჰაერის ხარისხის გასაზომი აპარატები ინდოეთში მილიონ ადამიანზე იმაზე ნაკლებია, ვიდრე სხვა უფრო მეტად დასახლებულ ქვეყნებში. ეს ხელს უშლის სწორი ინფორმაციის მიღებას სხვადასხვა დამაბინძურებლებზე.
. კვლევის მიხედვით, ქვეყნის სიდიდის, მოსახლეობის რაოდენობისა და ჰაერის უკიდურესი დაბინძურების გამო, ინდოეთს 1,600-დან 4,000-მდე ჰაერის ხარისხის საზომი აპარატი სჭირდება, თუმცა 2021 წლის მონაცემებით მხოლოდ 804 აქვს, რომელთა უმეტესობაც ურბანულ ზონებშია განთავსებული. ექსპერტების თქმით, ეს ხელს უშლის ინდოეთს, იცოდეს დამაბინძურებლების გავრცელების მასშტაბისა და ზუსტი გეოგრაფიული არეალის შესახებ.
2019 წლის კვლევის მიხედვით, მსოფლიოს 10 ყველაზე დაბინძურებული ქალაქიდან 9 ინდოეთშია. მაგრამ 2010-2016 წლებში PM 2.5-ის 200 მონიტორინგის სადგურით, ინდოეთის ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სიხშირე (დაახლოებით 0.14 მონიტორინგის ხელსაწყო 1 მილიონ ადამიანზე) ჩამორჩება ჩინეთს (1.2), აშშ-ს (3.4), იაპონიასა (0.5) და ბრაზილიას (1.8).
შედეგად, ინდოეთმა დაზუსტებით არ იცის დამაბიძურებლების გავრცელების შესახებ, მათ შორის გოგირდის დიოქსიდის (SO2), აზოტის დიოქსიდის (NO2), „შესუნთქვადი“ PM 10-ის, „წვრილი ნაწილაკის“ ან PM 2.5-ის, ტყვიის, ნახშირბადის მონოქსიდისა და ამიაკის. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით (WHO), ამ დამაბინძურებლების მუდმივი ზემოქმედება ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა, რესპირატორული დაავადებების, ისევე როგორც ფილტვების კიბოს რისკის ზრდას.
გარდა ამისა, სანამ არსებული ჰაერის ხარისხის საზომი მოწყობილობები ურბანულ ზონებშია კონცენტრირებული, ჯანდაცვისა და გარემოსდაცვითი ორგანოები ვერ შეძლებენ სასოფლო ზონებში ჰაერის დაბინძურების შეფასებას ბიომასის, შეშისა და მოსავლის შემდგომი ნარჩენების წვისა და პესტიციდების მიმოფრქვევის გამო.
საჭიროა ჰაერის ხარისხის მონიტორინგი რეალურ დროში
ატმოსფერული ჰაერის ხარისხი კონტროლდება დამაბინძურებლებზე დაკვირვებით, მათ შორის SO2, NO2, PM 10, PM 2.5, ტყვიაზე, CO-სა და ამიაკზე. ამჟამად, ქვეყნის „სუფთა ჰაერის“ პროგრამამ სახელმწიფო მიზნად დაისახა 2024 წლისთვის 132 ქალაქში, სადაც ჰაერი ყველაზე მეტადაა დაბიძნურებული, ის 20-30%-ით შეამციროს. საწყის წლად კი 2017 წელს იღებს. ის ქალაქები, რომლებიც ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ, ვალდებულნი არიან, ქალაქისთვის სპეციფიკური სამოქმედო გეგმა წარმოადგინონ, რათა შეამცირონ ჰაერის დაბინძურება. რადგან მთავარი ყურადღება მეტად დაბინძურებულ ქალაქებს ეთმობა, სასოფლო და ნახევრად სასოფლო ზონები სრულად ვერ კონტროლდება პროტოკოლისა და ჰაერის ხარისხის საზომი ხელსაწყოების ნაკლებობის გამო.
ინდოეთში ჰაერის ხარისხი ტრადიციულად მანუალური (ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებლების ნიმუშების ხელით შეგროვების მეთოდი) მონაცემებით კონტროლდება. მონაცემები 804 მონიტორინგის სადგურიდან ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაკვირვებისთვის გამოიყენება. მიუხედავად რეალურ დროში მზომების შემოღებისა, დაბინძურების კონტროლის ცენტრალური საბჭო (CPCB) მხოლოდ მანუალური მზომების მონაცემთა პრაქტიკის გამოყენებას განაგრძობს.
სულ 261 რეალურ დროში საზომი აპარატია, რომელთა მონაცემებიც ცენტრალურ მონაცემთა ბაზაში ახლდება. ეს ქსელი ტექნიკურად ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის (NAMP) ნაწილია. მონაცემები ინახება და ცალ–ცალკე მუშავდება, რადგან დაბინძურების კონტროლის ცენტრალურ საბჭოს (CPCB) არ დაუდგენია ექვივალენტობის მეთოდი მონიტორინგის ამ ორ ტექნიკას შორის, აღინიშნა მეცნიერებისა და გარემოს ცენტრის (CSE) ანგარიშში.
მანუალური მეთოდით დამაბინძურებლების მონიტორინგი 24 საათის განმავლობაში ტარდება კვირაში 2-ჯერ (ოთხ საათში ერთხელ აირისებრი დამაბინძურებლებისა და ყოველ რვა საათში PM ნაწილაკების სინჯების). ხოლო რეალურ დროში მზომები დამაბინძურებლებს მუდმივად ზომავს. მარტივად რომ ვთქვათ, მანუალური მზომების მონაცემები არის ის მონაცემები, რომელთაც დაბინძურების კონტროლის ცენტრალური საბჭო ჰაერის ხარისხის გრძელვადიანი ტენდენციების დასადგენად იყენებს, რომელიც ასევე ჰაერის ხარისხის შესახებ წლიურ მონაცემებს მოიცავს.
„2020 წლის ჩვენს ანგარიშში არსებული რიცხვები განახლებას საჭიროებს, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, მთელი ურბანული მოსახლეობის დაფარვა არაადეკვატურია, როდესაც ქალაქგარე მოსახლეობა დღესდღეობით ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ფარგლებს გარეთაა“, – თქვა ანუმიტა როიჩოვჰურმა, მეცნიერებისა და გარემოს ცენტრის (CSE) დირექტორმა, ანგარიშის ავტორმა.
მანუალურ მზომებს ჰაერის ხარისხის მონიტორინგისთვის უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, თქვა ს.ნ. ტრიპათმა, ინდოეთის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. „ეს ძალიან დამღლელი პროცედურაა და რეალური ჰაერის ხარისხის ცოდნისთვის კვირაში ერთხელ ან ორჯერ მიღებული მონაცემები საკმარისი არ არის. ჩვენ ჰაერის ხარისხის უფრო ხშირი გაზომვა გვჭირდება, მინიმუმ ყოველსაათობრივი“.
2015 წელს, როდესაც მზომების ნაკლებობა დაადგინეს (ამ დროს ინდოეთში უფრო ნაკლები ჰაერის საზომი აპარატი იყო), ინდოეთის ქალაქებში ჰაერის ხარისხის გასაზომად “IndiaSpend”-მა წარმოებაში ჩაუშვა საკუთარი დაბალფასიანი სენსორების ქსელი.
ინდოეთს ჰაერის ხარისხის გასაზომი 1,500 სადგური სჭირდება
სადგურების მინიმალური რაოდენობა SPM ნაწილაკების მონიტორინგისთვის, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 100,000-ზე ნაკლებია, ოთხია. CPCB-ს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 2003 წელს გამოშვებული გაიდლაინების მიხედვით, სადგურების მინიმალური რაოდენობა SO2-ისთვის არის სამი, NO2-ისთვის – ოთხი და ერთიც – CO-სთვის. მოსახლეობის ზრდასთან ერთად მზომების საჭირო რაოდენობაც იზრდება.
როდესაც მეცნიერებმა ინდოეთის მონიტორინგის ქსელის სიხშირე სხვა მაღალი დაბინძურების მქონე ქვეყნებისას შეადარეს, მკვეთრი განსხვავებები აღმოაჩინეს.
ინდოეთის ექვს მეგაქალაქს (მუმბაი, კალკუტა, ბენგალურუ, ჩენაი, ჰაიდარაბადი, დელი) სჭირდება ყველაზე ცოტა 23-დან 44-მდე ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური თითოეულში, მაშინ როცა სადგურების არსებული რაოდენობა მერყეობს 9-დან 12-მდე (დელის გარდა), CSE-ს 2020 წლის ანგარიშის მიხედვით.
ასევე საზომები, რომლებიც ინდოეთს აქვს, თანაბრად არ არის გადანაწილებული. „რეალურ დროში საზომების 33 პროცენტი დელიშია კონცენტრირებული. მხოლოდ დელიმ 100 კრორის (1 კრორი 10 მილიონი რუპიას ექვივალენტია) ოდენობით ინვესტიცია გაიღო, რათა დროთა განმავლობაში 38 სადგური აშენებულიყო“, – ნათქვამია მეცნიერებისა და გარემოს ცენტრის ანგარიშში. რამდენიმე შტატში, მათ შორის მანიპურსა და არუნაჩალ–პრადეშში, სადგურის სიმძლავრე ძალიან სუსტია და მხოლოდ 2–დან 5 წლამდე ინფორმაციაა ხელმისაწვდომი. შედარებისთვის, დიდი ლონდონის რეგიონში, რომლის მოსახლეობაც 9 მილიონს შეადგენს, PM 10-ისთვის 87 მონიტორინგის სადგურია, ხოლო PM 2.5-ისთვის – 32. 2021 წელს მანიპურში, რომლის მოსახლეობაც 2.7 მილიონია, მხოლოდ 1 მონიტორინგის სადგურია და არუჩალ პრადეშში, მოსახლეობით 1.25 მილიონი, კი მხოლოდ – 2.
დაბინძურების კონტროლის ცენტრალური საბჭოს (CPCB) კრიტერიუმების მიხედვით, მილიონზე მეტი მოსახლის ქალაქს მონიტორინგის დაახლოებით 25 სადგური სჭირდება და თუ ეს რიცხვი 60 მილიონს გადააჭარბებს, დაახლოებით 1,500 სადგური იქნება საჭირო, ნათქვამია ჟურნალ „Springer”-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
დამაბინძურებლების გაზომვასთან დაკავშირებული ხარჯები
დამაბინძურებლების მონაცემების მონიტორინგის ხარვეზების მოსაგვარებლად ინდოეთს 1,600-4,000 საზომი დასჭირდება, ნათქვამია ერთ-ერთ დოკუმენტში და ამ რაოდენობის მიუხედავად, მხოლოდ ძირითადი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი ჰაერის საერთო დამაბინძურებლებზე, ისიც მხოლოდ ლიმიტირებულ ტერიტორიას მოიცავს.
მონიტორინგის სადგურის საშუალო ღირებულება დაახლოებით 1 კრორს შეადგენს, დაახლოებით 10% კი წლიური ტექნიკური ხარჯებისთვის იქნება საჭირო. ამას კი 3,000 კრორის ოდენობის საწყისი ინვესტიცია დასჭირდება (1,500 სადგურის აშენება), რაც გულისხმობს მომდევნო 10 წლის კაპიტალურ და საოპერაციო ხარჯებს.
2021-22 ფინანსურ წლებში ინდოეთმა 470 კრორი გამოყო დაბინძურების კონტროლისთვის, რომელშიც შედის ეროვნული სუფთა ჰაერის პროგრამის დაფინანსებაც.
„ამას გარდა, ინფრასტრუქტურასთან, პერსონალთან და ტრენინგთან დაკავშირებული ხარჯებიც უნდა იყოს გათვალისწინებული, რომელსაც დამატებით დაახლოებით 3,000 კრორი დასჭირდება; სხვა ხარჯების დასაფარად არსებულ ხარჯებს 50% დაემატება; საბოლოო ჯამში ხარჯები 7,500 კრორს მიაღწევს. ეს შეფასებები აჩვენებს, რომ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მუდმივი მონიტორინგის სადგურების ქსელის მშენებლობის საშუალო ღირებულება ყოველ ქალაქში წელიწადში დაახლოებით 12.5 კრორს შეადგენს“,- ნათქვამია დოკუმენტში.
ასევე უნდა მოხდეს სასოფლო ტერიტორიების მონიტორინგი
„NCAP“-ის ანგარიშში აღინიშნა ჰაერის დაბინძურების სერიოზული პრობლემა სასოფლო ადგილებში და შემოგვთავაზა სოფლად 75 სადგურის აშენება.
სოფლები იტანჯებიან როგორც გარე, ასევე შიდა ჰაერის დაბინძურებით. გარე ჰაერის დაბინძურების მთავარი წყაროებია ინსექტიციდების/პესტიციდების უკონტროლო გამოყენება და ხორბლისა და ბრინჯის ჩალის ღეროების დაწვა. ოზონის ატმოსფერული კონცენტრაცია სოფლად უფრო მაღალია, ვიდრე ქალაქად.
„NCAP“-ის მიხედვით, ქალაქის დონეზე არსებული გეგმები იყო იმისთვის, რათა არსებული დაბინძურების წყაროები აღმოეჩინათ“, – განაცხადა სუნილ დაჰიამ, ენერგიისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის ანალიტიკოსმა. „მაგრამ ქალაქებზე ფიქრის ნაცვლად, მოდი, დავფიქრდეთ ჰაერნაკადებზე (რეგიონები, რომელთაც ჰაერის მსგავსი ხარისხი აქვთ). შტატებს უნდა ჩამოეყალიბებინათ სუფთა ჰაერის გეგმა ქალაქების გეგმებზე დაყრდნობით. ნამკალის დაწვა, ელექტროსადგურები, ესენია დაბინძურების რეგიონული წყაროები. ჩვენ გვჭირდება ადგილობრივი და რეგიონული მიდგომების ნარევი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ადგილობრივი ქალაქების სამოქმედო გეგმები, ჯერ კიდევ შორს ვართ შტატის ან რეგიონული გეგმებისგან“.
ძვირადღირებული მზომების ალტერნატივები
ჰაერის ხარისხის ახალი მზომების შესყიდვა ძვირადღირებულია და დიდ დროსთანაა დაკავშირებული.
„მთავრობის მზომების გარდა, ასევე არსებობს მზომები, რომლებიც შექმნილია მრეწველობის მიერ. თუ ეს მონაცემები შეიკრიბება მთავრობის მონაცემებთან ერთად, მივიღებთ უფრო დეტალურ ინფორმაციას ქვეყნის მასშტაბით. ის ასევე ახალი სადგურების მშენებლობის ხარჯებსაც დაზოგავს“, – თქვა დაჰიამ.
ძვირადღირებულული მზომების კიდევ ერთი ალტერნატივაა დაბალფასიანი სენსორები. ეს სენსორები მოგვცემს შესაძლებლობას, დავაგენერიროთ მაღალი გარჩევადობის მქონე მონაცემები შედარებით დაბალ ფასად. მაგრამ ჯერ არ დადასტურებულა, რომ ეს სენსორები გრძელვადიან, ზუსტ და სწორ ინფორმაციას მოგვაწვდის და მიმდინარეობს მუშაობა ასეთი სენსორების სიზუსტის გასაუმჯობესებლად. უახლესი ანალიზი მხარს უჭერს კარგად შემუშავებული, დაბალფასიანი სენსორების განთავსებას ქალაქის დონეზე ჰაერის დაბინძურების გასაზომად.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უნდა გავაფართოვოთ მონიტორინგის ქსელი, მზომების შეძენა ძალიან ძვირია. ინდოეთს სჭირდება რეალურ დროში მონიტორინგის ქსელის გამოყენება გრძელვადიანი ტრენდებისთვის; ჰიბრიდული მოდელი სატელიტური მონიტორინგითა და დაბალფასიანი სენსორებით, რომლებიც დაეხმარება რეგიონს დაბინძურების პროფილის რუკის შედგენაში“, – თქვა როიჩოვდჰერიმ.
სტატიაზე მუშაობდა : ანუკი კვეკვესკირი
წყარო : www.business-standard.com