დაასრულეთ ულტრა-მდიდრების კასტა: ეს ერთადერთი გზაა კლიმატის კრიზისის თავიდან ასაცილებლად
- ჩვენი ლაქუცური დამოკიდებულება მდიდარი ადამიანების მიმართ ჩვენივე უუნარობის და უმოქმედების მთავრი მიზეზია.
- მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების 1%-ი (ისინი, ვინც წელიწადში 172,000 დოლარზე მეტს გამოიმუშავებენ) ნახშირბადის ემისიების გლობალურ წილში 15%-ზეა პასუხისმგებელი.
- 20 მილიარდერის ცხოვრების წესის ბოლოდროინდელმა ანალიზმა აჩვენა, რომ თითოეული მათგანი პასუხისმგებელია, საშუალოდ, 8000 ტონაზე მეტ ნახშირორჟანგის ემისიაზე.
- ზოგიერთ წყაროზე დაყრდნობით, Cop26 არის ყველაზე ექსკლუზიური კლიმატის სამიტი ყველა სამიტს შორის.
- ჩვენს პლანეტას მთლიანი კაცობრიობის კი არა, ულტრა-მდიდრების ატანა აღარ შეუძლია.
ჩვენი ლაქუცური დამოკიდებულება მდიდარი ადამიანების მიმართ ჩვენივე უუნარობის და უმოქმედების მთავარი მიზეზია. მთავრობები არად დაგიდევენ და ხშირ შემთხვევაში უფლებასაც კი აძლევენ ლობისტებს (მათ შორის, მომგებიან, კერძო ინტერესების მქონე პოლიტიკოსებს) ძირი გამოუთხარონ დემოკრატიას; დერეგულაციები, რომლებიც საშუალებას აძლევენ კორპორაციებს, ოლიგარქებს და კერძო მესაკუთრეებს რაც შეიძლება ბოლომდე გამოწურონ საკუთარი დასაქმებულები და მოიჯარეები და საბოლოოდ ყველა ხარჯი ისევ საზოგადოებას აკიდონ; პანდემიის დროს მომგებიანობის ნებადართული გარემო; ჯანდაცვის, განათლების და სხვა საჯარო სერვისების დეგრადაცია პრივატიზაციისკენ მუდმივი სწრაფვით: ეს ის სიმპტომებია, რომლებიც ერთსა და იგივე მდგომარეობას ახასიათებს.
იგივე ეხება იმ დილემას, რომელშიც ჩვენ ყველანი აღმოვჩნდით: უტიფრად ვანადგურებთ საკუთარივე სიცოცხლისთვის აუცილებელ და უმნიშვნელოვანეს სისტემებს. უმდიდრესი ადამიანები ითვისებენ ლომის წილს პლანეტარულ სივრცეში, რომელზეც ჩვენ ყველა ვართ დამოკიდებული. ძნელია იმის ახსნა, თუ რატომ ვითმენთ ამ თავდასხმას ჩვენსავე საერთო ინტერესებზე.
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების 1%-ი (ისინი, ვინც წელიწადში 172,000 დოლარზე მეტს გამოიმუშავებენ) ნახშირბადის ემისიების გლობალურ წილში 15%-ზეა პასუხისმგებელი: ორჯერ მეტი, ვიდრე უღარიბესი 50%-ი. საშუალოდ, ერთ ადამიანი, ყოველწლიურად, 70 ტონაზე მეტ ნახშირორჟანგს წარმოქმნის, რაც 30-ჯერ აღემატება იმ დასაშვებ ნიშნულს, რომელიც აუცილებელია გლობალური დათბობის 1.5C-იანი ზღვრის შესანარჩუნებლად. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს საშუალო ფენების მიერ წარმოქმნილი ემისიები, სავარაუდოდ, მკვეთრად შემცირდება მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, ჩვენი ეკონომიკის ზოგადი დეკარბონიზაციის წყალობით, ეს ტენდენცია სულაც არ შეეხება უმდიდრესი ადამიანების კასტას: უფრო მეტიც, მათი წილი გარემოს CO2-ით გამდიდრებაში კიდევ უფრო გაიზრდება. გახდე კარგი, გლობალური მოქალაქე, ნიშნავს, ამ ადამიანების მიერ ნახშირბადის ემისიების შემცირებას 97%-ით.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ კი მოსახლეობის 90%-ს ექნება ნახშირბადის ემისიის ნულოვანი მაჩვენებელი, უმდიდრესი 10%-ი მომდევნო ცხრა წლის მანძილზე სრულად აითვისებს თითქმის მთელ გლობალურ ბიუჯეტს. გარემოზე ზემოქმედების დისკრიმინაციული ასპექტი პირდაპირი ანარეკლია ერებს შორის უთანასწორობის. ამიტომ, გასაკვირი არ არის, როდესაც მდიდარი ქვეყნების ხალხი ცდილობს ბრალი ან ჩინეთს დასდონ, ან იმ ქვეყნებს, სადაც შობადობის მაღალი მაჩვენებელია.
20 მილიარდერის ცხოვრების წესის ბოლოდროინდელმა ანალიზმა აჩვენა, რომ თითოეული მათგანი პასუხისმგებელია, საშუალოდ, 8000 ტონაზე მეტ ნახშირორჟანგის ემისიაზე: 3500-ჯერ მეტი, ვიდრე მსოფლიოში თითოეულ ადამიანზე დადგენილი სამართლიანი წილია. ძირითადი მიზეზებია მათი თვითმფრინავები და იახტები. სუპერ იახტა, რომელიც მუდმივ მზადყოფნაშია, წელიწადში დაახლოებით 7000 ტონა CO2-ს აფრქვევს გარემოში.
ბილ გეითსი, რომელმაც კლიმატის ჩემპიონის იმიჯი დაიმკვიდრა საზოგადოებაში, იახტას საერთოდ არ ფლობს. მიუხედავად ამისა, მისი გარემოზე მიყენებული ზიანი 3000-ჯერ აღემატება კარგი გლობალური მოქალაქის გარემოზე ზემოქმედების მაჩვენებელს. ძირითადად მისი თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების კოლექციის წყალობით. ის აცხადებს, რომ „მწვანე საავიაციო საწვავს ყიდულობს“, მაგრამ ასეთი რამ არ არსებობს. თვითმფრინავებისთვის ბიო საწვავის მასიური წარმოება და მოხმარება რომ მოხდეს, ეს გამოიწვევს ეკოლოგიურ კატასტროფას, რადგან თითოეული ფრენისთვის უზომოდ დიდი რაოდენობის მცენარეული მასალა იქნება საჭირო. ეს ნიშნავს, რომ გარკვეული სახის კულტურებმა ან პლანტაციებმა უნდა შეცვალონ საკვები პროდუქტების წარმოება ან ველური ეკოსისტემები. სხვა “მწვანე” საავიაციო საწვავი ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი.
ბილ გეითსი ამ საჩოთირო საკითხის მოგვარებას ნახშირბადის კომპენსაციის შეძენით ცდილობს. მაგრამ ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის ამოღების ყველა არსებული მეთოდი და შესაძლებლობა უნდა გახდეს მთლიანად კაცობრიობის უმთავრესი მისია და არ უნდა მიეცეთ პრივილეგიები ერთეულ ადამიანებს, ვისაც სურთ იმპერატორებივით გააგრძელონ ცხოვრება.
ის ადამიანები, რომლებსაც ფრენებით ხშირად უწევთ სარგებლობა, გამუდმებით გვიჩიჩინებენ, რომ ავიაციის ზემოქმედება კლიმატზე უმნიშვნელოა და მხოლოდ რამდენიმე პროცენტს შეადგენს. მაგრამ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ის შედარებით დაბალია, არის ის, რომ ფრენა ძალიან კონცენტრირებულია. სუპერ-მდიდრების სათბური გაზების ემისიების უმეტესი ნაწილი ფრენებზე მოდის, შედეგად უმდიდრესი ადამიანების 1% წარმოქმნის მსოფლიოს საავიაციო ემისიების დაახლოებით ნახევარს. მსოფლიოს თითოეულმა მოქალაქემ მდიდარი ადამიანის მსგავსად რომ იცხოვროს, მხოლოდ ავიაცია გახდებოდა მსოფლიოში კლიმატის განადგურების მიზეზი.
მაგრამ ეს რეალური ფაქტები, სულაც არ აფერხებს ზოგიერთ უმდიდრეს ადამიანს უფრო რაციონალურად მოექცეს გარემოს: ზოგიერთ მათგანს ახლა კოსმოსში გამგზავრების იმედი აქვს, რაც ნიშნავს, რომ თითოეული მათგანი 10 წუთში იმდენ ნახშირორჟანგს წარმოქმნის, რამდენსაც საშუალოდ 30 ადამიანი წელიწადში. მილიონერები და მილიარდელები აცხადებენ, რომ ისინი სიმდიდრეს ქმნიან. სინამდვილეში, ეკოლოგიური თვალსაზრისით, ისინი სიმდიდრეს კი არ ქმნიან, არამედ თითოეულ ჩვენგანს გვართმევენ.
დღეს დიდი ფულით ყველაფრის ყიდვაა შესაძლებელი: იმ შეხვედრებზე დასწრებაც კი, რომელმაც ზუსტად მსგავს დისფუნქციურ საკითხებზე უნდა იმსჯელოს და მათი მოგვარების გზები მოიძიოს. ზოგიერთ წყაროზე დაყრდნობით, Cop26 არის ყველაზე ექსკლუზიური კლიმატის სამიტი ყველა სამიტს შორის. ღარიბი ქვეყნების დელეგატებს არ მიეცათ ამ სამიტში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, რადგან სავიზო მოთხოვნების სასტიკ და რთულ კომბინაციას შეეჯახნენ, ასევე მოხდა კოვიდის ვაქცინების ხელმისაწვდომობის პირობის დარღვევა და სასტუმროების და საცხოვრებელი სახლების ასტრონომიული ხარჯები. და მაინც, თუ-კი ღარიბი ქვეყნების დელეგატები მოახერხებენ ამ სირთულეების დაძლევას, ისინი ხშირად აღმოჩნდებიან გარიყულნი მოლაპარაკებების ზონებიდან და, შესაბამისად, ვერ ახერხებენ მოლაპარაკებებზე სათანადო გავლენის მოხდენას.
თუმცა, სამიტზე დასწრებისთვის პრობლემა არ შექმნია წიაღისეული საწვავის 500-ზე მეტ ლობისტს, რაც გაცილებით ბევრია, ვიდრე რვა ქვეყნის დელეგატები ერთად აღებული. ეს ის ქვეყნებია, რომლებსაც კლიმატის კრიზისი უკვე საგრძნობლად შეეხო და ზარალიც მოუტანა: პაკისტანი, ბანგლადეში, ფილიპინები, მოზამბიკი, მიანმარი, ჰაიტი, პუერტო რიკო დ ბაჰამის კუნძულები. პარადოქსია, მაგრამ რეალობაა – დამნაშავეებს უსმენენ, დაზარალებულებს არც კი ალაპარაკებენ.
საზოგადოებაში გავრცელებულია ციტირებული აქსიომა, რომლის ავტორის ვინაობა ცნობილი არ არის: უფრო ადვილია წარმოვიდგინოთ სამყაროს დასასრული, ვიდრე კაპიტალიზმის დასასრული. ამის მიზეზი არის ის, რომ თვითონ კაპიტალიზმის გაგება და წარმოდგენაა ძნელი. ადამიანების უმეტესობას უჭირს სწორი განმარტების მოძებნა, ხოლო კაპიტალიზმის ეგრეთ წოდებულმა ჩემპიონებმა წარმატებით მოახერხეს მისი ნამდვილი ბუნების შენიღბვა. სხვა რაღა დაგვრჩენია, თუ არა წარმოვიდგინოთ ის რაც უფრო მარტივი აღსაქმელი და გასაგებია: კონცენტრირებული სიმდიდრის დასასრული. ჩვენი გადარჩენა მასზეა დამოკიდებული.
საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ კლიმატის კრიზისთან საბრძოლველად ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება არის სიმდიდრის გადასახადები. გარემოს სისტემური კოლაფსის პრევენცია გულისხმობს ულტრა მდიდრების კასტის დასასრულს. ჩვენს პლანეტას მთლიანი კაცობრიობის კი არა, ულტრა-მდიდრების ატანა აღარ შეუძლია.
სტატიაზე მუშაობდა : მაია ბურდული და ნატა შველიძე
წყარო : www.theguardian.com