ბრიუსელი ცდილობს ხმაურით დაბინძურების დაძლევას ქალაქ გენტის მაგალითზე
- ქალაქ გენტში ხმაურით დაბინძურების დაძლევის მიზნით იმ მანქანების და მოტოციკლეტების ჩამორთმევა დაიწყეს, რომლებიც ძალიან ხმაურიანად ითვლება.
- საფრანგეთში ჩატარებულმა ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყანას ხმაურის დაბინძურებით გამოწვეული სოციალური ზარალი 156 მილიარდი ევრო უჯდება.
- ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე მიიღო ქმედი ზომები ხმაურით დაბინძურების შესამცირებლად გადატვირთულ ქალაქებში.
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ხმაური არის მეორე ყველაზე მავნე გარემო ფაქტორი ევროპაში, ჰაერის დაბინძურების შემდეგ.
ქალაქ გენტში ხმაურით დაბინძურების დაძლევის მიზნით იმ მანქანების და მოტოციკლეტების ჩამორთმევა დაიწყეს, რომლებიც ძალიან ხმაურიანად ითვლება. ქალაქ გენტის მაგალითზე, ზოგიერთ პოლიტიკოს სურს ბელგიის დედაქალაქშიც ზუსტად იგივე ზომები გატარდეს.
თვალისმომჭრელი მანქანები გამაყრუებელი ძრავებით, მოტოციკლეტები, რომლებიც ქუჩას ხმაურით იკლებენ, კოვიდ პანდემიის ფონზე უფრო და უფრო მეტი ადამიანისთვის გახდა ხმაურით დაბინძურების წყარო, ვინაიდან ბრიუსელის მაცხოვრებლების უმეტესობას სახლიდან უწევს მუშაობა.
„ჩვენ უკვე ბევრი ცვლილება განვახორციელეთ ავტომობილების აგრესიული მართვის წინააღმდეგ, თუმცა ეს ზომები მხოლოდ სიჩქარის შეზღუდვის მიზნით ხორციელდებოდა და არასდროს განგვიხილავს ხმაურით დაბინძურება,“ – განუცხადა დეპუტატმა ლოტე სტოუპსმა (გროენი) ბრიუსელ თაიმსს.
საფრანგეთში ჩატარებულმა ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყანას ხმაურის დაბინძურებით გამოწვეული სოციალური ზარალი 156 მილიარდი ევრო უჯდება. ეს მაჩვენებელი ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ქონების გაუფასურება, საზოგადოებრივი ჯამრთელობა, გართულებები სწავლის და კონცენტრაციის კუთხით, ძილის პრობლემები და პროდუქტიულობის დაქვეითება.
ავტომობილების მოძრაობით გამოწვეული ხმაური უკავშირდება ისეთ დაავადებას, როგორიცაა, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.
„ღამით ავტომობილების ხმაური იწვევს ძილის ფრაგმენტაციას, სტრესის ჰორმონების დონის აწევას და ჰაერის უკმარისობას“, – ნათქვამია აკადემიურ კვლევებში.
”ეს ფაქტორები ხელს უწყობენ სისხლძარღვთა დისფუნქციის განვითარებას (ენდოთელური დისფუნქცია) და მაღალ არტერიული წნევას, რაც, თავის მხრივ, ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.”
ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე მიიღო ქმედი ზომები ხმაურით დაბინძურების შესამცირებლად გადატვირთულ ქალაქებში.
შვედეთში, ხმაურით დაბინძურების შესამცირებლად, მიმდინარეობს სისტემის ტესტირება, რომელიც მძღოლებს უგზავნის აკუსტიკურ სიგნალს მანქანის რადიოს საშუალებით და ატყობინებს სასწრაფო დახმარების, სახანძრო ბრიგადის ან პოლიციის მანქანების მოახლოებას.
ასევე ნიდერლანდებშიც ხდება მსგავსი ზომების გატარება. როტერდამში, მაგალითად, ხდება ხმაურის დონის გაზომვა და ხმაურით დაბინძურებული უბნების რუკების შედგენა.
ეს პრობლემა თითქმის მსოფლიოს ყველა ქალაქშია აქტიური, ამიტომ სხვა ქალაქების მაგალითების შესწავლა და გაანალიზება უმნიშვნელოვანესია. რაც უფრო მეტ პერსპექტივას მიიღებთ პრობლემისადმი, მით უკეთ შეძლებთ მის დაძლევას, ” – თქვა სტოუპსმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ხმაური არის მეორე ყველაზე მავნე გარემო ფაქტორი ევროპაში, ჰაერის დაბინძურების შემდეგ.
ევროპის მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს (100 მილონზე მეტი ადამიანი) ქრონიკულად ხმაურით დაბინძურებულ გარემოში უწევს ცხოვრება, რაც საზიანოა მათი ჯანმრთელობისათვის.
ფრანგულმა კვლევამ Conseil national du bruit (CNB) და Agence de la transfer écologique ჩამოთვალა ხმაურის დაბინძურებით გამოწვეული ფაქტორები, როგორიცაა ძილის რეჟიმის დარღვევა, გულ -სისხლძარღვთა დაავადებები, სიმსუქნე, დიაბეტი, ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევები, სწავლის სირთულეები, ჰოსპიტალიზაცია, უბედურ შემთხვევები, პროდუქტიულობის შემცირება და ქონების ამორტიზაცია.
„გაცილებით ნაკლები ღირს ხმაურის აცილების მიზნით ზომების გატარება, ვიდრე ის ზარალი, რასაც ხმაური ჩვენ, ადამინებს და მთლიანად საზოგადოებას აყენებს,“ – განაცხადა სტოპსმა.
„ეს არის ჩუმი მკვლელი და წარმოუდგენლად საზიანო. თუ გვსურს ბრიუსელი ვაქციოთ ქალაქად, სადაც ცხოვრება შეიძლება, მაშინ უნდა მოვერიოთ ხმაურით დაბინძურების პრობლემას.“
სტოპსი ახალ იდეებს პარლამენტს მუშაობის დაწყებისთანავე წარუდგენს.
სტატიაზე მუშაობდა : მაია ბურდული და ნატა შველიძე
წყარო : www.brusselstimes.com