ცვლილებები, რომლებიც საქართველოში 2022 წლიდან ამოქმედდა
ცვლილებათა ნაწილი, რომელიც ქვეყანაში 2022 წლიდან უნდა ამოქმედდეს. მათ შორის: იანვრიდან ქვეყანაში 1-კვირიანი უქმეები ცხადდება. ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2022 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები და 8-9 იანვარი უქმე დღეებად განისაზღვრა.
- იანვრიდან საჯარო მოხელეებს ხელფასები გაეზრდებათ
იანვრიდან ხელფასები გაიზრდება ჯარში, პოლიციაში. გარდა ამისა, მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, მანდატურებს, სოფლის ექიმებს, ექთნებს, სასწრაფო დახმარების სამსახურის ყველა თანამშრომელს. საჯარო სექტორში განხორციელდება 10%-იანი სახელფასო მატება.
- იზრდება პენსიები და დახმარებები
2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია განისაზღვრება 260 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 300 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის შეადგენს 312 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 360 ლარი იქნება. ამასთან, იანვრიდან გაიზრდება დახმარებების რაოდენობაც. მკვეთრად გამოხატული შშმ პირთა და 18 წლამდე შშმ პირთა ყოველთვიური სოციალური დახმარება იზრდება 25 ლარით. ომში მონაწილე ვეტერანების ყოველთვიური 22-ლარიანი დახმარება იზრდება 100 ლარამდე.
- ქვეყანაში წამლების მონიტორინგი დაიწყება
საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე GDP და GMP სტანდარტების დანერგვა სავალდებულო ხდება. აღნიშნული ცვლილება ძალაში 2022 წლის 1-ლი იანვრიდან შევიდა. ფარმაცევტულ დაწესებულებებს ახალი სტანდარტების დაკმაყოფილება საქართველოს ბაზარზე მედიკამენტების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მოუწევთ.
- ახალ ავტომობილებზე კატალიზატორის ქონა სავალდებულო იქნება
- ბიზნეს სექტორს, დაწესებულებებს და სუბიექტებს, დასუფთავების მოსაკრებელი ეზრდება
2022 წლის 1-ელი იანვრიდან მხოლოდ ბიზნეს სექტორისთვის, დაწესებულებებისთვის და სუბიექტებისთვის, რომლებიც მომგებიან საქმიანობას ეწევიან დასუფთავების მოსაკრებელი იზრდება. სასტუმროებსა და კვების ობიექტებს დასუფთავების მოსაკრებლის 1 000-ლარიანი ვაუჩერი გადაეცემათ, რომელის გამოყენებასაც 1 წლის განმავლობაში შეძლებენ.
- ბიზნესის ნაწილს თანამშრომელთა ტესტირება საკუთარი ხარჯებით მოუწევს
ბიზნესის ნაწილს თანამშრომელთა ტესტირებას სახელმწიფო აღარ დააფინანსებს და აღნიშნული ხარჯის საკუთარ თავზე აღება სექტორს მოუწევს. ცვლილება 2022 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა.
თანამშრომელთა გატესტვა სახელმწიფოს მხრიდან აღარ დაფინანსდება – სავაჭრო ცენტრებში (ე. წ. მოლები), ბაზრებში და ბაზრობებზე (გარდა აგრარული), საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტებში (გარდა სასურსათო მაღაზიების, სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარიული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების რეალიზაციის, ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდების, სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის ობიექტებისა).
საუბარია, ამ ტიპის იმ ობიექტებზე, რომელთაც 30 და მეტი მომუშავე პირი ჰყავს. მათთვის სავალდებულო იყო, რომ ყოველ 14 დღეში ერთხელ 20% ანტიგენის სწრაფი ტესტით ან PCR მეთოდით ყოფილიყო გატესტილი.
- საქართველოში ელექტროენერგიის დღის და ღამის ტარიფები ამოქმედდება
საწარმოებს 2022 წლის 1-ელი იანვრიდან შესაძლებლობა ექნებათ დღის და ღამის საათებში ელექტროენერგიის განსხვავებული ტარიფით ისარგებლონ. შესაბამისი სერვისი საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი. რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, დროში დიფერენცირებული ელექტროენერგიის ტარიფით სარგებლობა მას შემდეგ შეეძლებათ, როცა მოსახლეობის მრიცხველები ე.წ. ჭკვიანი მრიცხველებით ჩანაცვლდება.
- თბილისში ელექტროენერგიის გადახდის ვადები იცვლება
სემეკ-ის გადაწყვეტილებით, თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდება. თბილისის ყველა აბონენტის მრიცხველის წაკითხვას, კომპანია თელასი, ყოველი თვის ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მოახდენს. ხოლო ელექტროენერგიის ქვითარს, მოსახლეობა ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვებში მიიღებს. შესაბამისად ელექტროენერგიის გადასახადის გადახდა ქვითრის მომზადებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
ამასთან, წესდება გადახდის საშეღავათო პერიოდი, რომლითაც ისარგებლებენ პენსიის მიმღები პირები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირები და მრავალშვილიანი ოჯახები. ელექტროენერგიის საფასურის გადახდა პენსიონერებს ყოველი თვის 16 რიცხვამდე შეეძლებათ, ხოლო სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები ელექტროენერგიის საფასურის გადახდას ყოველი თვის 22 რიცხვამდე შეძლებენ. აღნიშნული ცვლილების შედეგად, მოსახლეობის ამ ჯგუფებისთვის, ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადა, პენსიისა და სოციალური დახმარების მიღების ვადებზე იქნება მორგებული.
- იკრძალება 15-წლიანი სავალუტო იპოთეკური სესხები
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 2022 წლის პირველი იანვრიდან 15-წლიანი სავალუტო იპოთეკური სესხები იკრძალება. ახალი წესით, ლარით გაცემული იპოთეკური სესხის ან იმ შემთხვევაში თუ მსესხებლის შემოსავალი და სესხი ერთსა და იმავე ვალუტაშია – სესხის მაქსიმალური ხანგრძლივობა ისევ არაუმეტეს 20 წელი, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული იპოთეკური სესხის ან იმ შემთხვევაში, როცა მსესხებლის შემოსავალი და სესხის ვალუტა ერთმანეთისგან განსხვავდება – არაუმეტეს 10 წელი იქნება.
- კომუნიკაციების სფეროში კომპანიებს ახალი წესების დაცვა მოუწევთ
კომუნიკაციების კომისიამ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით ახალი რეგლამენტი მიიღო. მომხმარებელს ენიჭება არჩევანის სრული თავისუფლება თავად გადაწყვიტოს, ვისგან შეიძინოს სატელეკომუნიკაციო მოწყობილობა მისთვის ხელსაყრელი საფასურით და პირობებით. კომპანიებს ასევე ეკისრებათ ვალდებულება მომსახურების პირობის ცვლილების შესახებ მომხმარებელს 10 სამუშაო დღის ნაცვლად, ერთი თვით ადრე მიაწოდოს ინფორმაცია, კიდევ ერთი პრობლემური საკითხი, რომელსაც ახალი რეგლამენტი გადაჭრის, მომხმარებლების თანხმობის გარეშე დამატებითი სერვისების გააქტიურებას ეხება. ცვლილებების შედეგად ვერცერთი კომპანია აბონენტს ახალ ფასიან პაკეტს მისი მიმართვის გარეშე ვერ გაუაქტიურებს.
- თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა ამოქმედდება
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, 2022 წლის იანვრიდან, თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა ამოქმედდა. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, აღნიშნული ცვლილების შედეგად მოსახლეობა კომუნალური მომსახურების ქვითარს ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვებში მიიღებს.
- კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის შემთხვევაში 200-ლარს 50 წელს ზემოთ მოქალაქეები მიიღებენ
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი კამპანია იანვარშიც გაგრძელება. ამასთან, საბჭოს გადაწყვეტილებით, ასაკობრივი ზღვარი დაიწევს და 60 წლის ნაცვლად, აცრის შემთხვევაში, 200 ლარს 50 წლიდან მოქალაქეები მიიღებენ.
- ცვლილებები როუმინგული მომსახურების წესში
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით ახალი რეგლამენტი დაამტკიცა. ცვლილების შესაბამისად, მომხმარებელთან შეთანხმებით დადგინდება სავალდებულო ფინანსური ლიმიტი, რომლის ამოწურვის შემთხვევაში მომსახურების მიწოდება შეწყდება და მომხმარებელს დამატებით დავალიანება არ დაერიცხება. შესაბამისად, მომხმარებელს ექნება მექანიზმი აკონტროლოს და თავიდან აიცილოს დამატებითი მომსახურების ხარჯი. მომხმარებელს ხარჯის კონტროლის მექანიზმი ექნება ასევე მობილური და ინტერნეტ მომსახურების მიღებისას, იმ შემთხვევაში, თუ აბონენტს მომსახურების ლიმიტი, ბალანსი ან ვადა ეწურება, კომპანია ვალდებულია მას ინფორმაცია მიაწოდოს.
- მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება
2022 წლის 28 მარტიდან მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება. პარლამენტმა საბოლოო, მესამე მოსმენით “საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა. მიღებული პროექტის თანხმად, მოპედები მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს უთანაბრდება და მათზე იგივე მოთხოვნები გავრცელდება, რაც ნებისმიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისთვის არის დადგენილი.
- მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდის ჩაბარება ქუჩაშიც გახდება აუცილებელი
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება. 2022 წლის 25 აპრილიდან სავალდებულო გახდება რეალურ პირობებში (ქუჩაში) მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება. საუბარია, მსუბუქ ავტომობილებზე, ხოლო 2022 წლის 7 ნოემბრიდან რეალურ პირობებში მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება ყველასთვის სავალდებულო იქნება. მართვის მოწმობის ასაღები თითო გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარების საფასური, 90 ლარი იქნება.
- თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტში აბონიმენტების სისტემა ამოქმედდება
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას აბონიმენტების სისტემა ამოქმედდება. ულიმიტო სისტემა ძალაში 1-ლი თებერვლიდან შევა. მგზავრობის 90-წუთიანი ბარათი 1 ლარი ეღირება, 1-დღიანი ბარათი – 3 ლარი, 1-კვირიანი – 20 ლარი, 1-თვიანი – 40 ლარი, 3-თვიანი – 100 ლარი, 6-თვიანი – 150 ლარი, ხოლო 1-წლიანი ბარათები – 250 ლარი ეღირება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ გადახდის სისტემიდან მათთვის სასურველი პაკეტი. ერთჯერადად მგზავრობის შემთხვევაში ტარიფი არსებული 50 თეთრის ნაცვლად, იქნება 1 ლარი.
ამასთან, უნდა ითქვას, რომ მომავალი წლიდან ყვითელი მიკროავტობუსები სრულად ჩანაცვლდება და თბილისში 18-მეტრიანი 200 ერთეული ავტობუსი გამოჩნდება.