როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
ტემპერატურის მატებასთან ერთად, ახალი კვლევების საჭიროებაც გაჩნდა, თუ როგორ უნდა გაზომონ და როგორ უპასუხონ ქალაქებში სიცხის პრობლემას მკვლევარებმა. თუმცა, ექსპერტების თქმით, ეფექტური გადაწყვეტილებები უნდა იყოს მორგებული თითოეული ქალაქის ადგილობრივ პირობებზე და არა ერთიანი მიდგომის პრინციპით.
რეკორდულად მაღალი სიცხე და ტენიანობა ჯერ კიდევ უკვე ზაფხულის დასაწყისში ფიქსირდება, რაც წინასწარი პროგნოზით განსაკუთრებულად ცხელ სეზონებს აანონსებს. ქალაქებში კი, სადაც მუქი ასფალტის საფარი ჭარბობს, ავტომობილების გამონაბოლქვი და მჭიდრო დასახლებებია (რაც სითბოს შემაკავებელ და ჰაერის არ გამტარ პირობებს ქმნის) მაღალი ტემპერატურა ყველაზე მეტად იგრძნობა. ორგანიზაცია „ცენტრალური კლიმატი“-ს მონაცემებით, რომელმაც 65 მეტროპოლიტენურ რეგიონში სიცხის გავრცელება შეისწავლა, განაცხადა რომ ბევრი მაცხოვრებელი მხოლოდ თავისი უბნის განაშენიანების გამო, დამატებით 8°C (ცელსიუსი)-მდე მეტ სიცხეს განიცდის. მსგავსი უბნები მაღალი ტემპერატურით თერმულ სატელიტურ რუკებზე მკვეთრად გამოირჩევა, რის გამოც ამ მოვლენას „სითბოს კუნძულის ეფექტი“ (Heat Island Effect) ეწოდა. მსგავს მაჩვენებლებზე დაყრდნობით, უკვე ათწლეულზე მეტია ქალაქებში სიცხის შემცირების წინააღმდეგ დაგეგმილ ინიციატივებში ერთ-ერთ ძირითად საფუძველს წარმოადგენს. მეცნიერების თქმით, „სითბოს კუნძულის ეფექტი“ სასარგებლო, თუმცა ზოგჯერ ზედმეტად გამარტივებული მაჩვენებელია. ის ხელს უწყობს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ურბანული სიცხის სიმძიმის შესახებ, თუმცა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს მიდგომა მეტ ყურადღებას ამახვილებს მიწის ზედაპირის ტემპერატურაზე, ვიდრე იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ეს სიცხე ადამიანების ჯანმრთელობაზე. მაღალი ტემპერატურა დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობასთან, თირკმლის ქრონიკული დაავადებების გართულებასა და სუნთქვის უკმარისობასთან.
მეცნიერებმა და არქიტექტორებმა დაიწყეს ახალი გზების ძიება, თუ როგორ დაიცვან ქალაქები ურბანული სიცხის უკიდურესი ტალღებისგან. ამის შედეგად, ზოგიერთ ქალაქში შეიქმნა „მწვანე სივრცეების, ინოვაციური არქიტექტურული გადაწყვეტილებებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ერთობლიობა“, რომელიც ქალაქებს ძლიერი სიცხის შემცირებაში ეხმარება. თუმცა, ასეთი ზომების გატარება განსაკუთრებულ სიზუსტეს მოითხოვს, რადგან არასწორად შერჩეულმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა საპირისპირო შედეგი გამოიწვიოს. როგორც ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის მაღალი ეფექტიანობის არქიტექტურის პროფესორი მატ სანტამურისი აღნიშნავს, არცერთი ქალაქი არ ჰგავს მეორეს და არც სიცხის დაგროვების მიზეზებია ყველგან ერთნაირი. ზოგ ქალაქში სიცხე მუდმივი პრობლემაა, ხოლო სხვაგან კი იშვიათი. ამიტომ, არასწორი სტრატეგიის არჩევამ შეიძლება არა მხოლოდ რესურსების ფუჭად ხარჯვა, არამედ მდგომარეობის გაუარესებაც გამოიწვიოს. „ქალაქში სიცხის შემცირების თითოეული პროექტი სპეციალისტებმა კარგად უნდა დაგეგმონ და წინასწარ გამოსცადონ“, – ამბობს სანტამურისი. „წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ მივიღოთ ძალიან ცუდი შედეგები, დავხარჯოთ უზარმაზარი თანხები და საბოლოოდ, ქალაქებში ტემპერატურა კიდევ უფრო გავზარდოთ.“
სტატიაზე მუშაობდა : თამარ ქავთარაძე და რუსა ციცქიშვილი
წყარო: How cities are fighting back against the ‘heat island effect’