GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

რა არის კომპოსტირება და რატომ არის ის გარემოსთვის სასარგებლო?

Homepage შემეცნებითი რა არის კომპოსტირება და რატომ არის ის გარემოსთვის სასარგებლო?
შემეცნებითი

რა არის კომპოსტირება და რატომ არის ის გარემოსთვის სასარგებლო?

ნოემბერი 5, 2026
By GREENPOLE
0 კომენტარი
3 ნახვა
ნახვები : 1

რა არის კომპოსტირება და რატომ არის ის გარემოსთვის სასარგებლო?

● კომპოსტირება ამცირებს ნაგავსაყრელებზე ორგანული ნარჩენების დაგროვებას და მეთანის ემისიებს, რითაც კლიმატის ცვლილების შერბილებას უწყობს ხელს.
● კომპოსტი აუმჯობესებს ნიადაგის ნაყოფიერებას, ინარჩუნებს ტენს და ამცირებს ქიმიური სასუქებისა და პესტიციდების გამოყენების საჭიროებას.
● კომპოსტირება მარტივი და ხელმისაწვდომი პრაქტიკაა, რომლის დანერგვა შესაძლებელია როგორც ოჯახებში, ისე მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში, რაც გარემოს დაცვაში თითოეული ადამიანის მონაწილეობას უწყობს ხელს.

როგორ გადაამუშაოთ საკვების ნარჩენები სახლში და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი გარემოსთვის
კომპოსტი ორგანული ნარჩენების ბუნებრივი დაშლის შედეგად მიღებული, საკვები ნივთიერებებით მდიდარი მასაა, რომელიც ნიადაგის ნაყოფიერებას აუმჯობესებს და მცენარეთა ზრდას უწყობს ხელს. კომპოსტირება კი ამ ორგანული ნარჩენების გადამუშავების პროცესია. ქვემოთ გაეცნობით, როგორ შეიძლება საკვების ნარჩენების კომპოსტირება სახლის პირობებში და როგორ უწყობს ეს ხელს ნაგავსაყრელებიდან მავნე გამონაბოლქვის შემცირებას.
მსოფლიოში წარმოებული საკვების დაახლოებით ერთი მესამედი იკარგება ან ფუჭდება, ხოლო მისი დიდი ნაწილი ნაგავსაყრელებზე ხვდება. იქ ორგანული ნარჩენების დაშლის შედეგად გამოიყოფა მეთანი — სათბურის აირი, რომლის გავლენა გლობალურ დათბობაზე ნახშირორჟანგთან შედარებით დაახლოებით 25-ჯერ ძლიერია.
საკვების დანაკარგის შემცირება ამ პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზაა, თუმცა საკვების ნარჩენების სრულად თავიდან აცილება შეუძლებელია. სწორედ ამიტომ არსებობს მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი გამოსავალი — კომპოსტირება.
კომპოსტირება ორგანულ ნარჩენებს გარდაქმნის ნიადაგისთვის ფასეულ ორგანულ სასუქად, რომელიც მცენარეების ზრდასა და განვითარებას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ ფერმერები კომპოსტს ხშირად „შავ ოქროს“ უწოდებენ.
დღეს მსოფლიოს სულ უფრო მეტი ქალაქი ნარჩენების ცალკე შეგროვებისა და კომპოსტირების პროგრამებს ნერგავს, რათა მდგრადი განვითარების მიზნებს მიაღწიოს. ნიუ-იორკში ეტაპობრივად ამოქმედდა სავალდებულო კომპოსტირების პროგრამა, რომელიც უკვე ვრცელდება ბრუკლინზე, ხოლო მომავალი წლიდან მთლიანად მანჰეტენსაც მოიცავს. ვაშინგტონსა (D.C.) და ჩიკაგოში კომპოსტირების საპილოტე პროგრამები მიმდინარეობს, სიეტლი და სან-ფრანცისკო კი მოსახლეობის საკვების ნარჩენებს უკვე მრავალი წელია წარმატებით აგროვებენ და ამუშავებენ.
თუმცა კომპოსტირების დასაწყებად სულაც არ არის აუცილებელი, მუნიციპალური პროგრამის ამოქმედებას დაელოდოთ. კომპოსტის მომზადება საკუთარ ეზოშიც შეგიძლიათ, ან საკვების ნარჩენები თქვენს თემში არსებულ კომპოსტის საერთო კონტეინერში მიიტანოთ.
„ნუ შეგეშინდებათ კომპოსტირების. ეს საკმაოდ მარტივი პროცესია. რა თქმა უნდა, თავიდან გარკვეული შეცდომები შეიძლება დაუშვათ, მაგრამ მათი გამოსწორება ადვილია,“ — ამბობს ბობ რინკი, „კომპოსტირების სახელმძღვანელოს“ მთავარი ავტორი და ნიუ-იორკის შტატის კობლსკილის უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი.

რა ხდება კომპოსტის გროვაში?
საკვების ნარჩენები კომპოსტად მილიარდობით მიკროორგანიზმის — ბაქტერიების, სოკოების და უმარტივესების — დაუღალავი საქმიანობის შედეგად გარდაიქმნება.
„როდესაც კომპოსტის გროვას ქმნით, გარკვეული თვალსაზრისით, მიკროორგანიზმების „ფერმერი“ ხდებით,“ — ამბობს ჩრდილოეთ კაროლინის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპოსტირების სპეციალისტი რონდა შერმანი. „თქვენი მთავარი ამოცანაა მათთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. მიკროორგანიზმებს ზუსტად ის სჭირდებათ, რაც ადამიანს — ჰაერი, წყალი, საკვები და შესაბამისი გარემო.“

სახლის პირობებში, ეზოში ან სამეზობლოში მოწყობილი კომპოსტის გროვა სამი ძირითადი კომპონენტისგან უნდა შედგებოდეს:
● საკვების ნარჩენები;
● წყალი;
● მშრალი, ხისებრი მცენარეული მასალა — გამხმარი ფოთლები, ბალახი, ტოტები და ეზოს სხვა მცენარეული ნარჩენები.
მცენარეულ მშრალ მასალას კომპოსტირებაში „ყავისფერს“ უწოდებენ, რადგან ის ნახშირბადით მდიდარია, ხოლო საკვების ნარჩენებს — „მწვანეს“, რადგან ისინი აზოტის მაღალი შემცველობით გამოირჩევიან.
ეფექტიანი კომპოსტირებისათვის რეკომენდებულია, რომ „ყავისფერი“ მასალა „მწვანეზე“ დაახლოებით ორჯერ მეტი იყოს.
მშრალი მცენარეული მასალა მხოლოდ ზედმეტი ტენის შეწოვას არ უზრუნველყოფს. მისი ფხვიერი სტრუქტურა კომპოსტის გროვაში ჰაერის ცირკულაციას უწყობს ხელს, რაც ჟანგბადის თავისუფლად გადაადგილების საშუალებას იძლევა.
ჟანგბადი აუცილებელია აერობული მიკროორგანიზმებისთვის, რომლებიც საკვების ნარჩენებს აერობული დაშლის პროცესში გარდაქმნიან.
ნაგავსაყრელებზე მდგომარეობა სრულიად განსხვავებულია. იქ ნარჩენების სქელი ფენები ჟანგბადის შეღწევას აფერხებს, რის გამოც ორგანულ მასალას ჰაერის გარეშე მცხოვრები მიკროორგანიზმები — ანაერობები — შლიან. სწორედ ამ პროცესის შედეგად წარმოიქმნება მეთანი.
ამის საპირისპიროდ, აერობული მიკროორგანიზმები ორგანულ ნივთიერებებს თანმიმდევრულად შლიან — თავდაპირველად ადვილად დასაშლელ შაქრებს, შემდეგ ცილებსა და ცხიმებს, ბოლოს კი ბოჭკოვან ნივთიერებებს. ამ პროცესში ისინი ნახშირორჟანგს გამოყოფენ. მიუხედავად იმისა, რომ ნახშირორჟანგიც სათბურის აირია, მისი გავლენა კლიმატის ცვლილებაზე მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე მეთანის.
დაშლის პროცესში მიკროორგანიზმები დიდი რაოდენობით სითბოსაც წარმოქმნიან. თუ კომპოსტის გროვა საკმარისად დიდია და სათანადოდ იმართება, მისი ტემპერატურა 54°C-მდე (130°F) შეიძლება გაიზარდოს. ასეთი ტემპერატურა დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმებისა და პათოგენების უმეტესობის გასანადგურებლად საკმარისია.
რამდენიმე თვის შემდეგ მიღებული კომპოსტი უკვე სტაბილურ მდგომარეობაშია. იგი მდიდარია სასარგებლო მიკროორგანიზმებითა და მცენარეთა ზრდისთვის აუცილებელი საკვები ელემენტებით — აზოტით, ფოსფორითა და კალიუმით.
როგორ მოვამზადოთ ხარისხიანი კომპოსტის გროვა?
კომპოსტის სწორად მომწიფებისთვის აუცილებელია, გროვას პერიოდულად მოურიოთ ან გადმოაბრუნოთ და სათანადო ტენიანობა შეუნარჩუნოთ. ორივე ეს პროცესი ორგანული ნარჩენების დაშლას საგრძნობლად აჩქარებს: მორევა ჟანგბადს გროვის ყველა ნაწილამდე მიაწვდის, ხოლო ტენიანობა მიკროორგანიზმების სიცოცხლისთვის აუცილებელ პირობებს უზრუნველყოფს.
სპეციალისტების თქმით, ეზოში მოწყობილი კომპოსტის გროვის წარუმატებლობის ყველაზე გავრცელებული მიზეზი სწორედ სიმშრალეა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გროვა უხვად უნდა მორწყოთ. ხშირად საკმარისია მეტი „მწვანე“ მასალის დამატება, რადგან საკვების ნარჩენები ბუნებრივად შეიცავს ტენს. თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, კომპოსტს მსუბუქად შეასხურეთ წყალი.
რონდა შერმანი კომპოსტის ტენიანობის შესაფასებლად მარტივ მაგალითს გვთავაზობს:
„გაწურული სველი ღრუბელი წარმოიდგინეთ — სწორედ ასეთი უნდა იყოს კომპოსტის გროვაც: ნოტიო, მაგრამ არა იმდენად, რომ წყალი წვეთავდეს“.
მისი რეკომენდაციით, კომპოსტის კონტეინერი ან გროვა დაახლოებით ერთი მეტრის (სამი ფუტის) სიმაღლის უნდა იყოს. ასეთი მოცულობა საკმარის სითბოს აგროვებს, თუმცა უმჯობესია იგი ჩრდილში მოთავსდეს, რათა სწრაფად არ გამოშრეს.
„ბევრს ჰგონია, რომ კომპოსტის გროვა მზეზე უნდა იდგეს, რათა გათბეს. ეს მცდარი წარმოდგენაა. სინამდვილეში, მასალას თავად მიკროორგანიზმების აქტივობა ათბობს,“ — ამბობს შერმანი.
ყველა საკვების ნარჩენი სახლის პირობებში კომპოსტირებისთვის ერთნაირად შესაფერისი არ არის. ხილისა და ბოსტნეულის ნარჩენები კომპოსტში უსაფრთხოდ შეიძლება მოათავსოთ, თუმცა ხორცისა და რძის პროდუქტების დამატება რეკომენდებული არ არის. ისინი უსიამოვნო სუნს იწვევს, იზიდავს მავნებლებს და ცხიმის მაღალი შემცველობის გამო გაცილებით ნელა იშლება.
მართალია, კომპოსტის გროვაში მღრღნელების გამოჩენა იშვიათი არ არის, მაგრამ მისი რეგულარული მორევა მათ ბუდეების მოწყობის საშუალებას არ აძლევს. ამასთანავე, კომპოსტის დამზადება წარმატებით შეიძლება როგორც ღია, ისე დახურულ კონტეინერებში.
აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტო (EPA) აქვეყნებს იმ მასალების ვრცელ ჩამონათვალს, რომლებიც კომპოსტში არ უნდა მოხვდეს. მათ შორისაა პესტიციდებით დამუშავებული მცენარეული ნარჩენები, რადგან მათში შემავალმა ქიმიურმა ნივთიერებებმა შესაძლოა კომპოსტირების პროცესში მონაწილე სასარგებლო მიკროორგანიზმები გაანადგუროს.
დღეს ბევრი მუნიციპალიტეტი მოსახლეობას ნაგვისა და გადამუშავებადი მასალების კონტეინერებთან ერთად საკვების ნარჩენებისთვისაც სპეციალურ კონტეინერებს სთავაზობს. მუნიციპალურ დონეზე შეგროვებული ორგანული ნარჩენები, როგორც წესი, სამრეწველო კომპოსტირების საწარმოებში იგზავნება, სადაც მიღებისთანავე აქუცმაცებენ და მაღალ ტემპერატურაზე ამუშავებენ.
სამრეწველო კომპოსტირება შეიძლება განხორციელდეს როგორც დიდი ღია გროვების, ისე სპეციალური სილოსების გამოყენებით. იმის გამო, რომ ასეთ საწარმოებში ტექნოლოგიური პირობები მნიშვნელოვნად განსხვავდება სახლის პირობებისგან, მუნიციპალიტეტები ხშირად უფრო მრავალფეროვანი სახის ორგანულ ნარჩენებს იღებენ, ვიდრე ეზოში მოწყობილი კომპოსტისთვის არის რეკომენდებული. თუმცა მიღების წესები ქალაქიდან ქალაქამდე განსხვავდება.
თუ საკუთარი ეზო არ გაქვთ, არ სარგებლობთ მუნიციპალური კომპოსტირების პროგრამით ან უბრალოდ არ გსურთ კომპოსტის გროვის მოვლა, შეგიძლიათ საკვების ნარჩენები ურბანულ ბაღებსა და ფერმერთა ბაზრებს ჩააბაროთ, სადაც ისინი კომპოსტირებისთვის სიამოვნებით მიიღება.
ბევრს აშინებს ისიც, რომ სამზარეულოში დაგროვილმა საკვების ნარჩენებმა შესაძლოა უსიამოვნო სუნი გამოიწვიოს. რონდა შერმანის თქმით, ამ პრობლემის მარტივი გამოსავალი არსებობს — ნარჩენების საყინულეში შენახვა.
„ეს მართლაც საუკეთესო გამოსავალია. გაყინვა დროებით აჩერებს დაშლის პროცესს და უსიამოვნო სუნის წარმოქმნას თავიდან გვაცილებს.“
ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი საკვების შეფუთვა
ბოლო წლებში სულ უფრო ფართოდ ვრცელდება პროდუქტები, რომლებსაც აწერია „კომპოსტირებადი“ (Compostable) ან „ბიოდეგრადირებადი“ (Biodegradable). ასეთია, მაგალითად, საკვების შესაფუთი მასალები, ერთჯერადი ჭურჭელი და სხვადასხვა სახის კონტეინერი. თუმცა მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ამ პროდუქტების უმეტესობა სახლის პირობებში არ კომპოსტირდება და მათი სრულფასოვანი გადამუშავება მხოლოდ სამრეწველო კომპოსტირების ობიექტებშია შესაძლებელი.
კომპოსტირებადი პროდუქციის მწარმოებელი კომპანია Eco-Products-ის პრეზიდენტის, იან ჯეიკობსონის თქმით, ამ პროდუქტებზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება. თუ 2010 წელს კომპანიას დაახლოებით 200 დასახელების პროდუქტი ჰქონდა, დღეს მისი ასორტიმენტი 450-ზე მეტს მოიცავს.

კომპოსტირებადი შეფუთვა სხვადასხვა მასალისგან მზადდება, მათ შორის:
● ქაღალდისგან;
● შაქრის ლერწმის გადამუშავების შემდეგ დარჩენილი ბოჭკოვანი მასალისგან (ბაგასი);
● ბიოპლასტიკისგან, რომელიც სიმინდისა და სხვა მცენარეული ნედლეულის საფუძველზე იწარმოება.
ამ პროდუქციის ნაწილი, თუმცა არა ყველა, სერტიფიცირებულია ბიოდეგრადირებადი პროდუქტების ინსტიტუტის (BPI) მიერ. ეს ორგანიზაცია ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა პროდუქტი კომერციული კომპოსტირებისათვის დადგენილ სტანდარტებს.
წასაღები საკვების კონტეინერები ხშირად კომპოსტირებადი ქაღალდისგან მზადდება, თუმცა, როგორც რონდა შერმანი აღნიშნავს, მათი უბრალოდ კომპოსტის გროვაში მოთავსება საკმარისი არ არის.
„თუ კონტეინერს მთლიანად ჩააგდებთ კომპოსტში, ის იქ დიდხანს დარჩება და თითქმის არ დაიშლება.“
სპეციალისტები გვირჩევენ, ასეთი შეფუთვა დაახლოებით 5 სანტიმეტრზე მცირე ზომის ნაჭრებად დავჭრათ. ასე მიკროორგანიზმებს მისი დაშლა გაცილებით გაუადვილდებათ.
თუმცა დაქუცმაცებაც ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს სწრაფ კომპოსტირებას. მიუხედავად იმისა, რომ სწორად მოვლილ კომპოსტის გროვაში ტემპერატურა საკმაოდ მაღალია, სამრეწველო კომპოსტირების ობიექტებში მიღწეული ტემპერატურა გაცილებით აღემატება სახლის პირობებს. სწორედ ამიტომ მსგავსი მასალები იქ უფრო სწრაფად და სრულყოფილად იშლება.
შერმანი ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ საკითხზე. კომპოსტირებადი ქაღალდის ნაწარმი — მაგალითად, გაზეთები ან ქაღალდის ხელსახოცები — ზედმეტი ტენიანობის პირობებში შეიძლება დარბილდეს, ერთგვაროვან მასად იქცეს და კომპოსტის გროვაში ჰაერის ცირკულაცია შეაფერხოს. ჟანგბადის ნაკლებობა კი კომპოსტირების პროცესს ანელებს.
რაც შეეხება ბიოპლასტიკისგან დამზადებულ შეფუთვას, მისი კომპოსტირება სახლის პირობებში, როგორც წესი, შეუძლებელია. მიზეზი ის არის, რომ ბიოპლასტიკში არსებული მტკიცე პოლიმერული კავშირები მხოლოდ სამრეწველო კომპოსტირებისას მიღწეულ მაღალ ტემპერატურასა და სპეციალურ პირობებში იშლება.
ამასთან, ყველა ბიოპლასტიკი არც სამრეწველო კომპოსტირებისთვის არის შესაფერისი. ზოგიერთი მათგანი წყალგამძლეობისა და სიმტკიცის გასაზრდელად შეიცავს ქიმიურ დანამატებს, რომლებიც კომპოსტირების პროცესს აფერხებს ან გარემოსთვის უსაფრთხო არ არის.
როგორ ეხმარება კომპოსტირება გარემოს?
2018 წელს შეერთებულ შტატებში თითქმის 300 მილიონი ტონა მუნიციპალური ნარჩენი წარმოიქმნა, რაც საშუალოდ ერთ ადამიანზე დღეში დაახლოებით 2,2 კილოგრამს (4,9 ფუნტს) შეადგენდა. ქაღალდის ნაწარმის შემდეგ, ყველაზე დიდი წილი სწორედ საკვების ნარჩენებზე მოდიოდა — ისინი წარმოქმნილი ნარჩენების დაახლოებით 21%-ს შეადგენდა. ნაგავსაყრელებზე დაგროვილი ორგანული ნარჩენები კი ქვეყანაში მეთანის ემისიების დაახლოებით 34%-ის წყაროა.
კომპოსტირებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ფართო მასშტაბით ხორციელდება, შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს სათბურის აირების გამოყოფა. ამის თვალსაჩინო მაგალითია სან-ფრანცისკო, სადაც 2009 წელს ქალაქის მასშტაბით სავალდებულო კომპოსტირების პროგრამა ამოქმედდა. ამ ინიციატივის შედეგად ქალაქი ყოველწლიურად ახერხებს წარმოქმნილი ნარჩენების დაახლოებით 80% ნაგავსაყრელების ნაცვლად გადამამუშავებელ სისტემებში მიმართოს. საერთო ჯამში, ნაგავსაყრელებზე მოხვედრას 2,5 მილიონ ტონაზე მეტი ნარჩენი აერიდა.
ბუნებრივი რესურსების დაცვის საბჭოს (NRDC) შეფასებით, სან-ფრანცისკოში მოქმედი კომპოსტირების პროგრამის წყალობით, ყოველწლიურად დაახლოებით 90 000 მეტრული ტონა ნახშირორჟანგის ეკვივალენტი სათბურის აირის ემისია მცირდება. ეს დაახლოებით იმავე მოცულობის გამონაბოლქვია, რასაც 20 000 მსუბუქი ავტომობილი ერთი წლის განმავლობაში გამოყოფს.
კომპოსტირების სარგებელი მხოლოდ ნაგავსაყრელებიდან მეთანის ემისიების შემცირებით არ შემოიფარგლება.
კომპოსტი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ნიადაგის ხარისხს. ბაღსა თუ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე შეტანილი კომპოსტი ნიადაგს ორგანული ნივთიერებებით ამდიდრებს, აუმჯობესებს მის სტრუქტურას, ხელს უწყობს ტენის უკეთ შენარჩუნებას და ზრდის ნაყოფიერებას.
ჯანსაღი ნიადაგი მცენარეების უკეთეს განვითარებას უზრუნველყოფს, ხოლო განვითარებული მცენარეული საფარი ატმოსფეროდან მეტი რაოდენობით ნახშირორჟანგის შთანთქმასა და დაგროვებას (კარბონის სეკვესტრაციას) უწყობს ხელს.
გარდა ამისა, ნაყოფიერი ნიადაგი ამცირებს მინერალური სასუქებისა და პესტიციდების გამოყენების აუცილებლობას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აღნიშნული ნივთიერებები თავადაც გარემოს დამაბინძურებელია, ხოლო მათი წარმოება ხშირად დაკავშირებულია ენერგოინტენსიურ პროცესებთან, ბუნებრივი რესურსების ინტენსიურ მოპოვებასა და ნახშირბადის მაღალი კვალის წარმოქმნასთან.
როგორც რონდა შერმანი აღნიშნავს, კომპოსტირების ერთადერთი „ნაკლი“ ხშირად მხოლოდ ადამიანების ფსიქოლოგიური დამოკიდებულებაა — ბევრს ჰგონია, რომ კომპოსტი აუცილებლად უსიამოვნო სუნთან და არაჰიგიენურ გარემოსთან ასოცირდება.
თუმცა, მისი თქმით, ეს მცდარი წარმოდგენაა.
„კომპოსტი არც ცუდი სუნისაა და არც უსიამოვნო. კვირაში ერთხელ ჩემს ეზოში არსებულ კომპოსტის კონტეინერთან მივდივარ და მთელი პროცესი სამ წუთზე მეტს არ მოითხოვს. ყოველთვის ვცდილობ, ადამიანებს დავანახვო, რამდენად მარტივი და მოსახერხებელია კომპოსტირება“.

სტატიაზე მუშაობდა : თამარ ქავთარაძე და ლილიან მეტრეველი

წყარო : How to compost—and why it’s good for the environment


წინა პოსტი
COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • რა არის კომპოსტირება და რატომ არის ის გარემოსთვის სასარგებლო?
  • COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
  • როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 5, ნოე
რა არის კომპოსტირება და რატომ არის ის გარემოსთვის სასარგებლო?
კვირა, 1, ნოე
COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
შაბათი, 17, ოქტ
როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად

Welcome back,