წიაღისეული საწვავის ინდუსტრიამ საგანგაშო კლიმატური ცვლილებების შესახებ ჯერ კიდევ 1954 წელს იცოდა
-
აშშ-ის უმსხვილესი ნავთობის მომპოვებელი და საავტომობილო კომპანიები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში ფლობდნენ ჰაერის დაბინძურებაზე სრულ ინფორმაციას.
-
სამხრეთ კალიფორნიის გარემოს დაბინძურების ფონდი 1954 წელს სრულად იყო ინფორმირებული შესაძლო ზიანზე, რომელსაც გარემოს წიაღისეული საწვავის მოპოვება აყენებდა.
-
ჰავაიზე, მაუნა-ლოას ვულკანის მწვერვალზე, ჩატარებული ექსპერიმენტების სერია „კილინგის მრუდის“ შექმნით დაგვირგვინდა, რომელიც კლიმატის ანთროპოგენური ცვლილებების კონცეფციის საფუძველია.
ახლახან აღმოჩენილმა საბუთებმა ცხადყო, რომ 1954-1956 წლებში ნავთობისა და საავტომობილო ინდუსტრიის წარმომადგენლები კალიფორნიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მოღვაწე ჩარლზ დევიდ კილინგის კლიმატურ კვლევებს აფინანსებდნენ. მან სახელი გაითქვა ე.წ. „კილინგის მრუდის“ წყალობით, რომელიც ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის მატებას ამტკიცებს.
მეწარმეებმა თავიდანვე იცოდნენ, თუ რამდენად სახიფათო იყო გარემოსთვის წიაღისეული საწვავის მოპოვება.
DeSmog-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ კილინგი ნახშირბადის დონის გასაზომად მოგზაურობდა აშშ-ის დასავლეთ სანაპიროს რაიონებში, უდაბნოებში, ტყეებსა და მდელოებში.
ჰავაიზე, მაუნა-ლოას ვულკანის მწვერვალზე, ჩატარებული ექსპერიმენტების სერია კი „კილინგის მრუდის“ შექმნით დაგვირგვინდა, რომელიც კლიმატის თანამედროვე, ანთროპოგენური ცვლილებების კონცეფციის საფუძველია.
კილინგის ეს ადრეული კვლევები სამხრეთ კალიფორნიის გარემოს დაბინძურების ფონდიდან ფინანსდებოდა, რომლის შემომწირველებიც ნავთობის მომპოვებელი და ავტომობილების მწარმოებელი კომპანიები გახლდათ. ჯერ კიდევ 1954 წელს ფონდი სრულად იყო ინფორმირებული შესაძლო ზიანზე, რომელსაც გარემოს წიაღისეული საწვავის მოპოვება აყენებდა.
„სამხრეთ კალიფორნიის გარემოს დაბინძურებასთან ბრძოლის ფონდი“ 1953 წელს დაარსდა ლოს-ანჯელესში სმოგის პრობლემის მოსაგვარებლად. მის დამფინანსებლებს შორის იყვნენ „ფორდი“, „კრაისლერი“, „ამერიკან მოტორსი“ და „ჯენერალ მოტორსი“.
ავტომობილების მწარმოებელმა და ნავთობის მომპოვებელმა კომპანიებმა კილინგს კვლევებზე 13.814 დოლარი გამოუყვეს (დღევანდელი ღირებულებით ეს თანხა 158.000 დოლარს შეადგენს).
1955 წლიდან „ტექნიკური საკონსულტაციო კომიტეტი“ ფონდის სამმართველოს კვლევის შედეგებზე სრულ ინფორმაციას აწვდიდა. „კრაისლერსა“ და „რიჩფილდის ნავთობის კორპორაციაში“ მომუშავე მეცნიერები ამ კომიტეტის წევრები იყვნენ.
„ამ საბუთების გამოქვეყნებამ დაადასტურა, რომ ჯერ კიდევ 1954 წელს, „ექსონის“ (Exxon) კვლევითი ცენტრის დაარსებამდე გაცილებით ადრე, ნავთობმწარმოებელი კომპანიები აფინანსებდნენ კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებულ პროგრამებს. წიაღისეული საწვავის მომპოვებელი ინდუსტრია მჭიდრო კავშირშია კლიმატოლოგიასთან. ნავთობის მოპოვება არა მხოლოდ სათბურის ეფექტის მთავარი მამოძრავებელი ძალაა, არამედ იგივე ინდუსტრია კლიმატის ცვლილებაზე სამეცნიერო დაკვირვების საშუალებას ქმნიდა“, – იუწყება DeSmog-ი.
ფონდის წევრების დაფინანსების წყალობით რადიკალურად შეიცვალა ჩვენი წარმოდგენები ადამიანის მიერ გარემოზე ზემოქმედების შესახებ. სწორედ ისეთმა ნავთობკომპანიებმა, როგორებიცაა „შევრონი“ (Chevron), „ბრითიშ პეტროლეუმი“ და „ამერიკის ნავთობის ინსტიტუტი“, ხელი შეუწყვეს იმ სამეცნიერო მიდგომების უარყოფას, რომლებსაც ადრე თავადვე აფინანსებდნენ.
საერთაშორისო ეკოლოგიური სამართლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ქეროლ მაფეტმა, The Guardian-თან ინტერვიუში აღნიშნა: „თქვენ მუდმივად ლანძღავთ ნავთობის მომპოვებელ კომპანიებს. მაგრამ ისინი ჯერ კიდევ 70 წლის წინ საქმის კურსში იყვნენ, თუ რა გავლენას ახდენს ნავთობის მოპოვება კლიმატზე“.
ახლახან გამოქვეყნებული მიმოწერა ცხადყოფს, რომ კილინგის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა, სემიუელ ეფშტეინმა, 1954 წელს „კალტექის“ ფონდში ჰაერის დაბინძურების შესწავლის მოთხოვნა გააგზავნა. მეცნიერი ვარაუდობდა, რომ ნავთობისა და ქვანახშირის წვა დედამიწის კლიმატს პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის და ნახშირბადის იზოტოპების ანალიზის ახლებურ მეთოდს სთავაზობდა ატმოსფეროში მიმდინარე ცვლილებების უფრო ზუსტი შესწავლისთვის.
ეფშტეინი აღნიშნავდა, რომ „ატმოსფეროში ნახშირორჟანგის (CO2) კონცენტრაციის ზრდა შესაძლოა კაცობრიობისთვის საბედისწერო გახდეს“.
1956 წელს კილინგმა გამოაქვეყნა კვლევა სახელწოდებით „იზოტოპური ნახშირორჟანგის ატმოსფერული კონცენტრაცია“, რომელიც ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლის ფონდმა დააფინანსა. ეს ფრიად მასშტაბური კვლევა იყო წიაღისეული საწვავის დაბინძურებით გამოწვეული კლიმატური ცვლილებების პროგნოზირების კუთხით.
სტატიაზე მუშაობდა: ლილინ მეტრეველი, ნინი თოიძე
წყარო: Ecowatch.com
25 მარტი 2024 წელი