ტემპერატურის 2,4° C-ით ზრდის შესახებ
- ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს პროგნოზით (IEA), 2030 წლისთვის პლანეტის ენერგიის დაახლოებით ნახევარი იქნება განახლებადი რესურსებით უზრუნველყოფილი და ათჯერ მეტი ელექტრომობილი ივლის გზებზე;
- ანგარიშში გაანალიზებულია სამი განსხვავებული ვარიანტი: გაცხადებული პოლიტიკის, დაანონსებული დაპირებებისა და წმინდა ნულოვანი გამონაბოლქვის „სცენარები“;
- მოხსენებაში შეთავაზებულია ხუთი სტრატეგია, რომლის მეშვეობითაც გლობალური დათბობის 1.5°C-ამდე დაყვანაა შესაძლებელი;
2030 წლისთვის პლანეტის ენერგიის დაახლოებით ნახევარი იქნება განახლებადი რესურსებით უზრუნველყოფილი და ათჯერ მეტი ელექტრომობილი ივლის გზებზე. ეს არის ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს პროგნოზი (IEA), რომელმაც უახლესი World Energy Outlook ანგარიში ახლახან გამოაქვეყნა.
World Energy Outlook არის ენერგიის ანალიზისა და პროგნოზების ავტორიტეტული, გლობალური წყარო და უახლესი ანგარიში იძლევა გარკვეულ პოზიტიურ პროგნოზებს მომავალ მსოფლიო ენერგეტიკულ ლანდშაფტთან დაკავშირებით, თუმცა იქვე ნახსენებია, რომ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს.
ანგარიშში გაანალიზებულია სამი განსხვავებული ვარიანტი:
-
გაცხადებული პოლიტიკის სცენარი (STEPS), რომელიც ეფუძნება მიმდინარე პოლიტიკის პარამეტრებს, მათ შორის ენერგეტიკას, კლიმატსა და მასთან დაკავშირებულ ინდუსტრიულ პოლიტიკას;
-
დაანონსებული დაპირებების სცენარი (APS) გულისხმობს, მთავრობების მიერ ეროვნულ ენერგეტიკასა და კლიმატთან მიმართებით დასახული მიზნების სრულად და დროულად შესრულებას;
-
2050 წლისთვის წმინდა ნულოვანი გამონაბოლქვის (NZE) სცენარი, რომელიც ზღუდავს გლობალურ დათბობას 1,5 °C-მდე.
მიუხედავად ბევრი დადებითისა, მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ დამატებითი პროგრესიაა საჭირო წმინდა ნულოვანი გამონაბოლქვის სცენარის შესასრულებლად.
გაცხადებული პოლიტიკის სცენარის (STEPS) პირობებშიც კი, ყველაზე ნაკლებად ოპტიმისტური სცენარით, მოხსენება პროგნოზირებს, რომ მსოფლიოს გზებზე თითქმის ათჯერ მეტი ელექტრომობილი ივლის, მზის პანელები გამოიმუშავებს უფრო მეტ ელექტროენერგიას, ვიდრე აშშ-ის მთელი ენერგეტიკული სისტემა ახლა და განახლებადი ენერგია პლანეტის ნახევარს უზრუნველყოფს ელექტროენერგიით. ასევე მოსალოდნელია, რომ სითბური ტუმბოები და სხვა ელექტროგათბობის სისტემები გაიყიდება უფრო მეტად, ვიდრე წიაღისეულ საწვავზე მომუშავე საქვაბეები და სამჯერ მეტი ინვესტიცია ჩაიდება ზღვის ქარის ენერგიის ახალ პროექტებში, ვიდრე ნახშირსა და გაზზე მომუშავე ახალ ელექტროსადგურებში.
დაანონსებული დაპირებების სცენარის (APS) მიხედვით, ყველაფერი კიდევ უფრო კარგად გამოიყურება, თუმცა მოხსენებაში ნათქვამია: „უფრო მკაცრი ზომების მიღება იქნება საჭირო იმისათვის, რომ გლობალური დათბობა 1.5°C-ამდე შეიზღუდოს“. მოხსენება ასევე განმარტავს: „მიუხედავად სუფთა ენერგიის შთამბეჭდავი ზრდისა, რომელიც დაფუძნებულია დღევანდელი პოლიტიკის პარამეტრებზე, გლობალური ემისიები დარჩება საკმარისად მაღალი, რათა ამ საუკუნეში გლობალურმა საშუალო ტემპერატურამ დაახლოებით 2,4°C-ით აიწიოს, რაც „პარიზის შეთანხმების“ მიერ დადგენილ საკვანძო ზღვარზე საკმაოდ მაღალია“.
მოხსენებაში შეთავაზებულია ხუთი სტრატეგია, რომლის მეშვეობითაც გლობალური დათბობის 1.5°C-ამდე დაყვანაა შესაძლებელი:
- გლობალური განახლებადი ენერგიის სიმძლავრის გასამმაგება;
- ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების ტემპის გაორმაგება;
- წიაღისეული საწვავის ოპერაციებიდან მეთანის ემისიების შემცირება 75%-ით;
- ინოვაციური, ფართომასშტაბიანი დაფინანსების მექანიზმები სუფთა ენერგიის ინვესტიციების გასასამმაგებლად ახალ და განვითარებად ეკონომიკებში;
- ზომები წიაღისეული საწვავის მოხმარების გეგმიურად შემცირების უზრუნველსაყოფად; მათ შორის, ნახშირზე მუდმივად მომუშავე ელექტროსადგურებისთვის ახალი ნებართვების გაცემის შეწყვეტა.
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) აღმასრულებელმა დირექტორმა ფატიჰ ბიროლმა განაცხადა: „ყველა ქვეყანამ უნდა მოძებნოს პრობლემის გადაჭრის საკუთარი გზა, მაგრამ საერთაშორისო თანამშრომლობა გადამწყვეტია სუფთა ენერგიაზე გადასვლის დასაჩქარებლად. კერძოდ, ემისიების შემცირების სიჩქარე დიდწილად იქნება დამოკიდებული ჩვენს უნარზე, დავაფინანსოთ მდგრადი გადაწყვეტილებები, მსოფლიოს სწრაფად მზარდი ეკონომიკების მზარდი ენერგიის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ეს ყველაფერი მიგვანიშნებს თანამშრომლობის გაორმაგების აუცილებლობაზე და არა მისთვის თავის არიდებაზე“.
სტატიაზე მუშაობდა: თაკო ოზბეტელაშვილი, ანუკი კვეკვესქირი
წყარო: Airqualitynews.com
28 თებერვალი 2024 წელი