პლასტმასის ნარჩენების ექსპორტის შეწყვეტა განვითარებად ქვეყნებში
- კალიფორნიის უნივერსიტეტის ახალი კვლევის თანახმად, ტემპერატურის მატება უფრო ძლიერ და საშიშ გვალვებს იწვევს.
- გვალვის შედეგად იწრიტება გრუნტის წყლები, რაც მდინარეებსა და ტბებში წყლის დონის კლებას განაპირობებს.
- ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გვალვის დროს წყლის რაციონალური გამოყენება, რადგან მისი დონის აღდგენას ზოგჯერ წლები სჭირდება.
გვალვა, ჩვეულებრივ, ასოცირდება ნალექის ნაკლებობასთან, მაგრამ არსებობს სხვა ფაქტორებიც, როგორებიცაა თოვლის დნობა და მიწისქვეშა წყლები. ქალაქ რივერსაიდში მდებარე კალიფორნიული უნივერსიტეტის (UCR) ახალი კვლევის თანახმად, გვალვის მძიმე შედეგები მდინარეებსა და წყაროებზე სამი ან მეტი წლის განმავლობაში აისახება. შტორმების შედეგად მოსულმა ნალექმა ეს ვითარება ვერ გამოასწორა, აღნიშნულია პრესგამოშვებაში. წყაროებში წყლის საერთო დონის გაზომვისას ორ ფაქტორს ითვალისწინებენ: ნალექის და თოვლის დნობისა და გრუნტის წყლების წილს.
„ხალხს გვალვის მთავარ მაჩვენებლად წვიმა მიაჩნია, თუმცა გვალვის სხვა ნაირსახეობებიც არსებობს, რომელთა შედეგებიც უფრო რთული შესამჩნევია“ — აღნიშნავს ჰური აჯანი, კვლევის თანაავტორი და UCR-ს ჰიდროლოგიის კათედრის დოცენტი.
საბაზისო წყლის წყაროს დაშრეტით გამოწვეულ გვალვებს ნაკლებად იკვლევენ და შესაბამისად, ამისთვის არც ზუსტი მეთოდოლოგია არსებობდა აქამდე; თუმცა გვალვის სწორედ ეს სახეობა ახდენს ცუდ ზეგავლენას წყლის რესურსებზე, ამიტომაც მკვლევარებმა სწორედ გრუნტის წყლების დაშრეტით გამოწვეულ გვალვებზე გაამახვილეს ყურადღება.
ჟურნალ „ჰიდროლოგიის გზაში“ (Journal of Hydrology) გამოქვეყნდა კვლევა სახელწოდებით „წყლის საბაზისო წყაროს დაშრეტით გამოწვეული გრძელვადიანი გვალვები აშშ-ს ტერიტორიაზე.“
ამ ტიპის გვალვას ,,ჰიდროლოგიურს“ უწოდებენ, ის წყლის მთავარი წყაროს, გრუნტის წყლების, დაშრეტითაა გამოწვეული. სწორედ ასეთი გვალვა ამცირებს სასმელი, საბანაო და სარწყავ წყალს. შესაბამისად, ზარალდება მთელი ეკოსისტემა – ცხოველები, მცენარეები. ძლიერი ჰიდროლოგიური გვალვა გარემოს ინფრასტრუქტურის შეცვლასაც კი იწვევს.
ჰიდროლოგიური გვალვის საწყისი და საბოლოო ეტაპების დასადგენად მეცნიერებმა აშშ-ს 350 რეგიონის მონაცემები გაანალიზეს, სადაც ბოლო 30 წლის განმავლობაში იყო გვალვა.
დაკვირვების ობიექტებად ისეთი წყლის წყაროები იქცა, რომლებზეც დამბები არაა. კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ ჰიდროლოგიურ გვალვას უამრავი ფაქტორი იწვევს, როგორებიცაა კლიმატი და გეოგრაფია.
გვალვა, როგორც წესი, ნალექის ნაკლებობით იწყებოდა, თუმცა მისი დასასრულის პერიოდი სხვადასხვა რეგიონში განსხვავებული იყო. მაგალითად, კანზასის შტატში ზოგიერთ წყაროში წყლის დონე 41 თვეში აღდგა, ხოლო პასადენაში — წელიწადში.
„წყლის რესურსების მართვის განსხვავებული სტრატეგიების გათვალისწინებით უნივერსალურ გამოსავალს ვერ შემოგთავაზებთ. ჩვენი მიდგომის თანახმად, კონკრეტული რეგიონის თავისებურებებია გასათვალისწინებელი“ — განაცხადა პრეს-რელიზში კვლევის მთავარმა ავტორმა, სანგჰიუ ლიმ. „როდესაც კალიფორნიაში 2016 წელს პირველად ჩავედი, ხალხი მეკითხებოდა, თუ რამდენად მალე დამთავრდებოდა გვალვა. მათ აინტერესებდათ, აღდგება წყლის დონე ჩვენს საცავებში, თუ არა. ჩვენი ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ ამას შეიძლება კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდეს“
კვლევის შედეგებმა აგრეთვე დაადასტურა, რომ გრუნტის წყლების აღდგენა ჭიანურდება ნალექის სიმცირის გამო, რომელიც სახნავ-სათესი მიწების მორწყვის უმნიშვნელოვანესი წყაროა.
გრუნტის წყლების ინტენსიური გამოყენება გვალვის დროს კარსტული ძაბრების გაჩენას იწვევს, რაც შეიძლება მიწის ჩამოშლისა და სახლების ჩამონგრევის მიზეზი გახდეს.
„ჩვენი მთავარი გზავნილი მოსახლეობისათვის გახლავთ: მოუფრთხილდით წყალს გვალვის დროს“ — აცხადებს ლი.
სტატიაზე მუშაობდა: ლილიან მეტრეველი
წყარო: Ecowatch.com
26 თებერვალი 2024 წელი