არა პესტიციდებს!
-
ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის ალიანსი (HEAL) ევროკავშირის დეპუტატებს ღია წერილით მიმართავს და პესტიციდების გამოყენების შემცირებისკენ მოუწოდებს;
-
3 300-ზე მეტმა მეცნიერმა მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას, ვინაიდან პესტიციდები იწვევს სიმსივნეს;
-
განსაკუთრებით დიდ საფრთხეში არიან ბავშვები, რადგან ხელოვნური პესტიციდები დნმ-ს ცვლის, რამაც უამრავი დაავადების მემკვიდრეობით გადაცემა შეიძლება გამოიწვიოს მომავალ თაობებში.
HEAL-ის ღია წერილში ჩამოთვლილია ჯანმრთელობის პრობლემები ( ონკოლოგიური დაავადებები: ლიმფომა, პროსტატის კიბო ზრდასრულებში, ლეიკემია და ნერვული სისტემების სიმსივნეები ბავშვებში), რომლებიც პესტიციდების გამოყენებას უკავშირდება.
მიმართვაში განსაკუთრებით ხაზგასმულია პესტიციდების ზიანი ბავშვების მიმართ, რადგან მათ განვითარებაზე ნეგატიური ზეგავლენა უამრავ ჯანმრთელობის პრობლემას იწვევს ზრდასრულ ასაკში. კვლევებით დადასტურდა, რომ პესტიციდების ზოგიერთი სახეობა დნმ-ს ცვლის, რამაც შეიძლება დაავადებების მემკვიდრეობით გადაცემა გამოიწვიოს.
ორგანიზაციის წერილში ნახსენებია 2022 წლის პროექტ „სამოქალაქო მეცნიერების“ კვლევა Pesticide CheckUp-ი, რომლის შედეგადაც ევროკავშირის 300-ზე მეტი მოქალაქის თმაში პესტიციდები იპოვეს. საყურადღებოა, რომ აღმოჩენილი პესტიციდების მხოლოდ 6% არის ნებადართული ევროკავშირში.
ევროპული სოფლის მეურნეობა აქტიურად იყენებს პესტიციდებს. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური სამეცნიერო კვლევების თანახმად, ზოგიერთი მათგანი კიბოს იწვევს, ამ ნივთიერებებს მაინც იყენებენ პარკებში, სკოლების ეზოებში, სპორტულ მოედნებსა და სხვა ადგილებში, სადაც ბავშვები ბევრ დროს ატარებენ.
წერილი სრულდება მოწოდებით:
აუცილებელია მოლაპარაკებების გამართვა საერთო ევროპული პესტიციდების გამოყენების ნორმების გასამკაცრებლად. ეს მომავალი თაობების ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. ევროპარლამენტის წევრებმა ახალი კანონები და რეგულაციები უნდა შეიმუშაონ. 3 300-ამდე მეცნიერმა დაუჭირა მხარი ინიციატივას. მათი თქმით: „ეს მომავალი თაობების ჯანმრთელობის ქვაკუთხედია“.
„ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის აუცილებელია ზუსტი გეგმების დასახვა. ეს შეამცირებს ევროპის დამოკიდებულებას ქიმიკატებზე. ევროპის მილიონზე მეტი მოქალაქე მოუწოდებს მთავრობას ხელოვნური პესტიციდების გამოყენების ეტაპობრივი შემცირებისკენ“.
შეიქმნას პესტიციდებისგან თავისუფალი გარემო და ბუფერული ზონები.
„იმის გათვალისწინებით, თუ რა საფრთხის შემცველია პესტიციდები ბავშვებისთვის, მათი გამოყენება იმ ზონებში, სადაც ბავშვები ხშირად დადიან, აუცილებლად უნდა შეწყდეს. მაგალითად: საცხოვრებელი კომპლექსები, საზოგადოებრივი პარკები და ბაღები, საბავშვო სათამაშო და სპორტული მოედნები, სკოლები, ზონები სამედიცინო დაწესებულებების გარშემო. აუცილებელია დავაწესოთ უპესტიციდო, ბუფერული ზონები.“
სტატიაზე მუშაობდა: ლილიან მეტრეველი, იამზე მარკოიძე
წყარო: Airqualitynews.com
1 მარტი 2024 წელი