მეცნიერები მოუწოდებენ ქვეყნების მთავრობებს, შენობებში ჰაერის მონიტორინგი სავალდებულო გახადონ
-
კორონავირუსის პანდემიამ მეცნიერებს ნათლად დაანახა, რომ აუცილებელია შენობების შიდა სივრცეების განიავების სისტემების ეფექტური მონიტორინგის შემუშავება
-
არსებული მონაცემები სავენტილაციო სისტემების მუშაობის ხარისხის შესაფასებლად არასაკმარისია
-
ჩინელი მეცნიერები მოუწოდებენ ქვეყნის მთავრობას, შემოიღოს საჯარო დაწესებულებების დახურულ სივრცეებში ჰაერის ხარისხის ყოველდღიური სავალდებულო მონიტორინგი
Covid-19-ის პანდემიის შემდეგ ჰონკონგის, ცინხუანდაოსა და პეკინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტებში მოღვაწე მკვლევრებმა შესთავაზეს მთავრობებს, განეხილათ შენობებში ჰაერის ხარისხის რეალურ დროში მონიტორინგის შესაძლებლობა. მეცნიერების აზრით, ეს ნაბიჯი საჯარო დაწესებულებებისთვის მაინც საჭიროა.
მეცნიერების თქმით, კოვიდი ყველაზე სწრაფად სწორედ დახურულ სივრცეებში ვრცელდებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ კორონავირუსით მსოფლიო მასშტაბით 6.5 მილიონი ადამიანი დაიღუპა, შენობების განიავების გაუმჯობესების საკითხი მძაფრად დადგა დღის წესრიგში.
შენობის ენერგოეფექტურობის ორი საკვანძო კომპონენტია მისი გათბობისა და ვენტილაციის სისტემები. პირველის გაკონტროლება თერმომეტრის საშუალებით შეგვიძლია. რაც შეეხება განიავებას, ვერ დავადგენთ, კარგად მუშაობს ვენტილაციის სისტემა შენობაში, თუ არა. ადამიანს არ შეუძლია დაადგინოს, რომ ჰაერი ინფექციითაა დაბინძურებული. შენობებში ჰაერის ე.წ. კრიზისი მეცნიერების თქმით სწორედ ამითაა გამოწვეული.
მეცნიერები შიშობენ, რომ სახელმწიფო განკარგულებების გარეშე შენობების მფლობელები არ დაიწყებენ სავენტილაციო სისტემების გამართული მუშაობის რეგულარულ შემოწმებას. მკვლევრები ასევე აღნიშნავენ, რომ ყოველთვიური და ყოველწლიური მონაცემები შენობების განიავების შესახებ ძალზე მწირია. იმის დასადგენად, თუ რამდენად ეფექტურად ნიავდება შენობა, საჭიროა რეალურ დროში ჩაწერილი საათობრივი მონაცემები. ვინაიდან დედამიწის მოსახლეობა ამჟამად 7 მილიარდ ადამიანს შეადგენს, ჩვენს პლანეტაზე დაახ. 1 მილიარდამდე საცხოვრებელი სახლია აშენებული. გარდა ამისა, არსებობს მილიონობით ადმინისტრაციული შენობა: კინოთეატრები, ოფისები და ა.შ. დედამიწაზე არსებული ყველა შენობის საათობრივი მონიტორინგი რეალურ დროში შეუძლებელია.
შენობების განიავების სისტემებში ცვლილებების შეტანა რთული ამოცანაა. ვენტილაციის სისტემების შესახებ უფრო დეტალური ცნობების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა იაფი პროგნოზების შემუშავება. პროგნოზირების ინსტრუმენტების ინტეგრაცია, ნივთების ინტერნეტში1 ინფორმაციის დიდი მოცულობისა და სამანქანო სწავლების მეთოდების გამოყენება დაეხმარებოდა მეცნიერებს შენობების ვენტილაციის ხარისხის შეფასებაში.
იუგუო ლი ჰონკონგის უნივერსიტეტიდან აცხადებს: „ოპტიმისტურად ვუყურებთ მომავალს, როდესაც ტექნიკური სიახლეები დაგვეხმარება შენობების შიდა სივრცეების განიავების ეფექტურობის შესაფასებელი მექანიზმების შემუშავებაში და მათ მსოფლიო მასშტაბით გამოვიყენებთ. ვიმედოვნებ, რომ მომავალში მზად ვიქნებით სხვა ვირუსული პანდემიებისთვის, რომლებიც ჰაერ-წვეთოვანი გზებით ვრცელდება.“
1 ნივთების ინტერნეტი (ინგლ. internet of things, IoT) — მონაცემთა გადაცემის კონცეფცია ფიზიკურ ობიექტებს („ნივთებს“) ან ობიექტთა ჯგუფებს შორის.
სტატიაზე მუშაობდა: ლილიან მეტრეველი, მარიამ მდინარაძე
წყარო : airqualitynews.com
22 ნოემბერი 2023 წელი.