აშშ 4 მილიარდ დოლარს გამოყოფს პორტების გარშემო ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ინიციატივებისთვის
-
აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტო საპორტო ინფრასტუქტურის მოდერნიზაციის მასშტაბურ ინიციატივაზე 4 მილიარდ დოლარს გამოყოფს ჰაერის გაუმჯობესებისთვის.
-
თანხა ორ პროექტზე დაიხარჯება: საპორტო ინფრასტუქტურის მოდერნიზაციაზე, ეკოლოგიურად სუფთა ნაოსნობის შექმნასა და დიზელის ძრავიანი სატვირთოების ეკო-ტრანსპორტით ჩანაცვლებაზე
აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტომ განაცხადა, რომ აპირებს ინფლაციის შემცირების ფონდიდან 4 მილიარდი დოლარის ჩადებას პორტების ინფრასტუქტურის გაუჯობესების პროექტებში. ეს ინიციატივა ემსახურება ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას დიდი პორტების გარშემო.
ფულს ორ პროექტზე გადაანაწილებენ: 3 მილიარდი დოლარი „სუფთა პორტების პროგრამას“ (Clean Ports Program – CPP) დასჭირდება. მის ფარგლებში შემუშავდება ტექნოლოგიები მავნე ნივთიერებების ჰაერსა და გარემოში გამოყოფის შესამცირებლად. სამომავლო გეგმაა ეკოლოგიურად სუფთა ნაოსნობის შექმნა. დარჩენილი 1 მილიარდი დოლარი დაიხარჯება ეკოლოგიურად სუფთა სატვირთო ავტომობილების (Clean Heavy-Duty Vehicle Program – CHDVP) შექმნის პროგრამაზე. ეს აუცილებელია საავტომობილო გამონაბოლქვის შესამცირებლად საპორტო ზონაში, რათა იქ მცხოვრებ და მომუშავე ადამიანებს, განსაკუთრებით კი ახლომდებარე სკოლების მოსწავლეებს, უკეთესი გარემო პირობები შეექმნათ.
ამ სამუშაო გეგმის შესახებ აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს (United States Environmental Protection Agency – EPA) ხელმძღვანელმა, მაიკლ ს. რეიგანმა, შტატ ჯორჯიაში მდებარე პორტ სავანას მონახულებისას განაცხადა. ადრე EPA-მა ამ პორტის ინფრასტუქტურის გასაუმჯობესებლად, დაახლოებით, 9 მილიარდი დოლარი გამოყო დიზელის გამონაბოლქვის შემცირების კანონის შესაბამისად. ეს თანხა დაიხარჯა ძველი ავტომობილების, გემების ძრავებისა და სხვა საპორტო მანქანების ახალი, უფრო ეკოლოგიურად სუფთა მოდელებით ჩანაცვლებაზე და მათი ძრავების მოდერნიზაციაზე.
„სუფთა პორტების“ პროგრამის პირველ ეტაპზე EPA-ი განიხილავს, თუ რა არის საჭირო „ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე სატვირთოებისა და საპორტო დანადგარების შესაქმნელად და, ამავდროულად, როგორ უნდა დაკმაყოფილდეს მანქანებისა და საპორტო ინფრასტრუქტურის საწვავით დატენვის მოთხოვნა.“
EPA-ი ფრიად დაინტერესებულია შემდეგი ინფორმაციის მოძიებაში: თუ სად და რა რაოდენობით არის შესაძლებელი ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე სატვირთოებისა და საპორტო დანადგარების, ელექტრონული დამტენისა და სხვა ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების შეძენა და რა რაოდენობით აწარმოებს ასეთ მანქანებსა და დანადგარებს უშუალოდ აშშ.
პროგრამა „სუფთა სატვირთოები“ (Clean Heavy-Duty Vehicle Program) იმუშავებს დიზელის ძრავიანი სატვირთოების ჩანაცვლებაზე ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილებით და ასევე მათი დატენვისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნაზეც. ბუნებრივია, გადამზადდებიან ამ თვისობრივად ახალი სატვირთოების მძღოლებიც.
სტატიაზე მუშაობდა: ლილიან მეტრეველი
წყარო : airqualitynews.com
23 ნოემბერი 2023 წელი.