მანქანის გამონაბოლქვი: რას ნიშნავს კვამლის სხვადასხვა სახეობა და ფერი
უმეტეს შემთხვევაში, მანქანის გამონაბოლქვი ოდნავ შესამჩნევი უნდა იყოს, ვინაიდან მანქანის უკანა ნაწილიდან წვის პროცესის ნარჩენი გაზები გამოდის. მაგრამ რაიმე პრობლემის არსებობისას გამოსაბოლქვი მილიდან შეიძლება ლურჯი, თეთრი ან შავი კვამლი წამოვიდეს.
ეს უჩვეულო გამონაბოლქვი შეიძლება იყოს გაჩერებულ ან დაძრულ მანქანაზე და მძღოლებში ჰორიზონტზე ძვირადღირებული რემონტის პერსპექტივის შიშს იწვევს. ბენზინისა ან დიზელის მანქანებში გამონაბოლქვი შეიძლება მართლაც სერიოზული მექანიკური პრობლემის ნიშანი იყოს, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის.
მაშ, კონკრეტულად რას ნიშნავს კვამლიანი გამონაბოლქვი? მანქანის უკანა ნაწილიდან დამაბინძურებლების გამოსროლის მთელი რიგი პოტენციური მიზეზი არსებობს და ჩვენი მოსახერხებელი სახელმძღვანელო დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, თუ რა სჭირს თქვენს მანქანას.
კვამლიანი გამონაბოლქვის დიაგნოსტირება: რას ვეძებთ
პირველ რიგში, ზუსტად უნდა განსაზღვროთ, როდის დასდევს კვამლი მანქანის გამონაბოლქვს: მხოლოდ დაძვრისას თუ ჩნდება, სხვა პრობლემაზე მიუთითებს, მხოლოდ დგომისას – სხვაზე, ხოლო თუ ძრავის მუშაობას მუდმივად თან სდევს – სხვაზე.
შემდეგ, უნდა დაადგინოთ, რა სახის კვამლია – თეთრია, ნაცრისფერი, თუ ლურჯი ელფერით? სქელი და შავია? ჰაერში მოხვედრისთანავე ორთქლდება? თუ ჩერდება და მძაფრი სუნი აქვს? თუ შავი კვამლია, გაჩერებული მანქანის გამოსაბოლქვი მილის ქვეშ გზაზე ჭვარტლს ტოვებს?
კვამლიანი გამონაბოლქვის ძირითადი მიზეზები შეიძლება განსხვავდებოდეს მანქანისა და მისი მდგომარეობის მიხედვით. თუ თქვენი მანქანა კარგ მდგომარეობაშია და მოვლილია, ნაკლებად სავარაუდოა, გამონაბოლქვში რაიმე ხილული კვამლი შეშფოთების მიზეზი იყოს, მაგრამ შემოწმება მაინც ღირს.
მოუვლელ მანქანებში, რ. წ., პრობლემა სერიოზულია, რადგან კვამლიანი გამონაბოლქვი შეიძლება იყოს უგულებელყოფის თვალსაჩინო ნიშანი. ეს საყურადღებო მინიშნებაა მეორადი მანქანის ყიდვისას, რადგან თუ მომსახურების ისტორია არასრულია, კვამლიანი გამონაბოლქვი შეიძლება სიღრმისეულ პრობლემებს ავლენდეს.
ხილული კვამლი სხვადასხვა ფაქტორებითაა განპირობებული ბენზინისა და დიზელის ძრავიან მანქანებში. ჰიბრიდის შემთხვევაშიც გამონაბოლქვში შეიძლება ნახოთ ისეთი რამ, რისთვისაც მზად არ ხართ.
ჩვენ კვამლის სხვადასხვა სახეობები გამოვყავით, რათა თქვენ შეძლოთ იმის სწრაფად განსაზღვრა, თუ რომელი პრობლემას როგორი კვამლი ახასიათებს. ჩვენ, ასევე, აღვნიშნეთ, საჭიროებს თუ არა პრობლემა გამოსწორებას და რამდენად ძვირი დაჯდება შეკეთება.
თეთრი კვამლი გამონაბოლქვში: შეიძლება იყოს გამოსაბოლქვ მილში კონდენსირებული ორთქლი ან ძრავის გამაგრილებელი სითხის გაჟონვით გამოწვეული უფრო სერიოზული პრობლემა. თეთრი კვამლის ჭარბი რაოდენობა შეიძლება ცილინდრის ბლოკის თავის შუასადების გაუმართაობაზე მიუთითებდეს.
ცისფერი კვამლი გამონაბოლქვში: ზეთი იწვის. არსებობს პოტენციური მიზეზების მთელი რიგი, მათ შორის სერიოზულია სარქვლის ჩობალის, დგუშის რგოლების ან ტურბოკომპრესორის ცვეთა.
ნაცრისფერი კვამლი გამონაბოლქვში: ჭარბი ზეთი, PCV სარქვლის გაუმართაობა ან ტრანსმისიული სითხის გაჟონვა ავტომატური გადაცემის კოლოფის მქონე მანქამებში.
შავი კვამლი გამონაბოლქვში: ბენზინის მანქანაში, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ზედმეტი საწვავი იწვის, რაც შეიძლება ჰაერის ფილტრის ან საწვავის ინჟექტორის მიზეზით იყოს. დიზელის მანქანებში უფრო სავარაუდოა, ჭვარტლის დაგროვებით ან საკუთრივ დიზელის ჭვარტლის ფილტრის თვითწმენდის დარღვევით იყოს გამოწვეული. ხანგრძლივი მგზავრობა, იდეალურ შემთხვევაში, ავტომაგისტრალზე, უფრო მაღალი სიჩქარითა და ბრუნვით, ფილტრს თვითგაწმენდის საშუალებას მისცემს, რაც პრობლემას მოხსნის.
თეთრი კვამლი გამონაბოლქვში
გამონაბოლქვი კვამლის ყველაზე გავრცელებული ფორმა კვამლი საერთოდ არაა. ცივი ძრავი ამუშავებისას მალევე იწყებს გაცხელებას და ამის გვერდითი პროდუქტი წყლის ორთქლია. ეს გამოსაბოლქვ სისტემაში კონდენსაციას ქმნის, რომელიც შემდეგ, ძრავის ტემპერატურის მატებისას, ორთქლად გადაიქცევა.
მანქანის გახურებისთანავე კონდენსატი ორთქლდება. თუმცა, პრობლემები შეიძლება წარმოიშვას, თუ მანქანით მხოლოდ მოკლე მანძილებზე მგზავრობთ, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოსაბოლქვი სისტემა გამოსაბოლქვი მილის ბოლომდე არ თბება. თუ სისტემაში წარმოქმნილი კონდენსატი არ გაიწმინდა, იგი გამოსაბოლქვი მილის გაშიშვლებული ფოლადის შიდა ზედაპირზე კოროზიას გამოიწვევს, წარმოიქმნება ჟანგი, რაც, თავის მხრივ, სისტემიდან გამონაბოლქვი აირების გაჟონვას იწვევს. ამან შეიძლება ხელი შეგვიშალოს MOT ტესტის გავლაში ემისიის ტესტის არასწორი წაკითხვის გამო.
ჰიბრიდულ მანქანებში (განსაკუთრებით დასატენში) ძრავა ყოველთვის მყისიერად არ ირთვება, რაც გამოსაბოლქვი მილიდან გამომავალი ორთქლის დანახვას აფერხებს. იმისდა მიხედვით, თუ ბატარეის როგორ დიაპაზონზე მართავთ, მგზავრობისას შეიძლება გამოსაბოლქვი მილიდან გამოსული ორთქლი ნახოთ. მაგრამ ამაშიც არაფერია სანერვიულო, ეს უბრალოდ იმავე გათბობის პროცესზე დაგვიანებული რეაქციაა, რომელიც ზემოთ იყო აღწერილი
თუ გამოსაბოლქვი მილიდან გამომავალი თეთრი კვამლი სქელია და არ წყდება, ეს მაინც ორთქლია, მაგრამ უკვე პრობლემის მაჩვენებელი და, სავარაუდოდ, გამოწვეულია გამაგრილებლის ძრავში გაჟონვით. ეს ხდება ცილინდრთა ბლოკის თავის შუასადების (ცილინდრის ბლოკსა და თავსახურს შორის არსებული ჩობალის) გამო, რისი შეკეთებაც ძვირი ჯდება, თუმცა არც ისეთი ძვირი, როგორც დაბზარული ცილინდრის ბლოკის ან ცილინდრის თავის.
უმნიშვნელო გაჟონვის დროს, რომელიც თავისით არსად გაქრება, საჭიროა შეკეთება, რადგან უყურადღებოდ დატოვება მხოლოდ პრობლემას დაამძიმებს. ამან შეიძლება გააფუჭოს ძრავა, რაც ძალიან ძვირი დაჯდება. შესაძლოა ძრავა მთლიანად შესაცვლელი გახდეს, თუმცა თუ ეს მეტისმეტად ძვირია, მანქანა, სავარაუდოდ, ჩამოიწერება.
ცისფერი კვამლი გამონაბოლქვში
თუ მანქანის გამონაბოლქვში ლურჯი კვამლია, მას, ალბათ, წვის სუნიც მოჰყვება. ეს ნიშნავს, რომ სისტემაში ზეთი იპარება. ძრავის ზეთი გამიზნულია მოძრავი ნაწილების შესაზეთად და, თუ მანქანა გამართულია, საწვავის სისტემაში არ ხვდება.
თუ თქვენს მანქანას ცოტა ხნის წინ ჩაუტარდა სერვისი, შესაძლოა, სისტემაში ძალიან ბევრი ზეთია ჩასხმული და ეს ჭარბი ზეთი იწვის. თუ ცოტახანში კვამლი შეწყდა, მაშინ პრობლემა არ არის. კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ჩასხმისას ზეთის წვეთები გამოსაბოლქვ მილს დაესხა და მანქანის მართვის დროს ცხელდება და იწვის.
თუ ცისფერი კვამლი ჩნდება დიდი გარბენის მქონე მანქანაში, ეს შეიძლება გაცვეთილი სარქვლის ჩობალით ან დგუშის რგოლების მიზეზით იყოს, რის გამოც ზეთი საწვავის მიწოდების სისტემაში ცილინდრების ან სარქვლების გარშემო ხვდება. ეს პრობლემა იხსნება ყველა ჩობალის გამოცვლით და, როგორც ხვდებით, ძვირადღირებული სამუშაოა, რადგან მისადგომად ძრავის დაშლას საჭიროებს.
ზეთის წვა, ასევე, ნიშნავს, რომ საჭიროზე მეტ ზეთს ხარჯავთ, ამიტომ უფრო ხშირად შეამოწმეთ საზომი ღერო ზეთის დანაკარგის საკონტროლოდ. თუ დანაკარგი უმნიშვნელოა, მაშინ უფრი მარტივი იქნება ზეთის შევსება, ვიდრე შეკეთება, სანამ ზეთის კარგვა არ გაუარესდება.
თუ ცისფერი კვამლი ტურბოკომპრესორიან მანქანას აქვს, მაშინ ამის კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება გაცვეთილი ტურკომპრესორი იყოს. მას დასჭირდება აღდგენა ან ჩანაცვლება, რაც, ასევე, ძვირადღირებული პროცედურაა.
ნაცრისფერი კვამლი გამონაბოლქვში
ნაცრისფერი კვამლი, ლურჯის მსგავსად, შეიძლება იყოს ძრავში ჭარბი ზეთის წვის ან გაუმართავი ტურბოს ნიშანი, მაგრამ სხვა მიზეზებიც არსებობს. ასეთია, მაგალითად, გაუმართავი PCV სარქველი. PCV (Positive Crankcase Ventilation) ნიშნავს კარტერის იძულებით ვენტილაციას და ეს მოწყობილობა გამონაბოლქვის კონტროლის ერთ-ერთ ყველაზე ძირითად ფორმას წარმოადგენს, რადგან დაუწვავ საწვავს ძრავის ქვედა ნაწილიდან ისევ ზევით აბრუნებს.
ის ხელს უწყობს ავტომობილის გამონაბოლქვის შემცირებას, განსაკუთრებით ცივ ძრავზე, მაგრამ დროთა განმავლობაში ცვდება. PCV-ის უკმარისობისას კვამლი ბევრია, მაგრამ PCV-ის შეკეთება, ამ სიის სხვა მიზეზებთან შედარებით, მარტივია.
ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე მანქანის შემთხვევაში, ნაცრისფერი კვამლის კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს სისტემაში გაჟონვის შედეგად ტრანსმისიული სითხის ძრავში მოხვედრა. და ისევ, რემონტი ძვირი ჯდება და აუცილებელია ავტოფარეხი.
შავი კვამლი გამონაბოლქვში
ისევე, როგორც სხვა ტიპებში, შავი კვამლის სხვადასხვა მიზეზი არსებობს და გასათვალისწინებლად ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, ბენზინზე მუშაობს მანქანა, თუ – დიზელზე. ბენზინის მანქანაში შავი კვამლი ძალიან ბევრი საწვავის წვის ნიშანია. ამის გამოსასწორებლად, ჯერ უნდა შეამოწმოთ ან შეცვალოთ მანქანის ჰაერის ფილტრი. თუ ის კარგ მდგომარეობაშია, შემდეგ საჭიროა საწვავის ინჟექტორების გაჭედვაზე და საწვავის წნევის რეგულატორის სისუფთავეზე შემოწმება, მაგრამ ეს უკვე პროფესიონალებს მიანდეთ.
დიზელის მანქანებში შავი კვამლის მიზეზი შეიძლება დაუწვავი დიზელის ჭვარტლის დაგროვება გახდეს. დიზელის ჭვარტლის ფილტრი (DPF) შექმნილია დაუწვარი დიზელის ჭვარტლის დასაჭერად, მანქანის გამონაბოლქვიდან მის გამოდევნამდე. თუმცა დიზელის მანქანას მხოლოდ დაბალი სიჩქარით მართვისას, დროთა განმავლობაში, ჭვარტლის ნარჩენები გროვდება და დაფაზე გამაფრთხილებელი შუქი აინთება.
ამის გამოსასწორებლად, საუკეთესო გზაა მანქანაში საწვავის/ჰაერის ნარევის სწრაფად გადინება, მისი სწრაფი ტარებით. იპოვეთ უახლოესი გზა ორმაგი სავალი ნაწილით ან გზატკეცილი და სწრაფად აკრიფეთ თქვენი დიზელის მანქანით 70 მილი/სთ-მდე სიჩქარე. ამან უნდა გამოდევნოს ჭვარტლი, რომელიც მანქანის უკან შავი კვამლის ბურთულად გამოჩნდება და, ალბათ, გზაზეც დატოვებს ჭვარტლს.
ამან უნდა ეკრანზე გამაფრთხილებელი ნიშანი ჩააქროს და შეიძლება თქვენს მანქანას რეაგირების გაუმჯობესებაშიც დაეხმაროს. თუ გამაფრთხილებელი შუქი რეგულარულად ანათებს, მაშინ შესაძლოა დიზელის მანქანა არ არის თქვენი მართვის სტილის შესაფერისი და, ალბათ, ღირს მის ნაცვლად ბენზინის ან ჰიბრიდული მოდელი იყოლიოთ.
თუ მეორადი დიზელის მანქანა ჩვეულებრივი მგზავრობისას შავ კვამლს გამოყოფს, შეძვერით მანქანის ქვეშ, რათა დარწმუნდეთ, რომ DPF კვლავ სისტემის ნაწილია. ცნობილია, რომ ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი ავტოფარეხი ხსნის DPF-ს პრობლემური მანქანიდან ამ საკითხის აღმოსაფხვრელად, მაგრამ ამის გამო მანქანა მუდამ გამოყოფს დიზელის ჭვარტლს, რაც ნიშნავს, რომ მომავალში, სავარაუდოდ, მანქანა MOT ტესტს ვერ გაივლის.
აღნიშნული სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ორგანიზაცია „ჩემი ქალაქი მკლავს“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს
This article has been produced with the assistance of the European Union. Its contents are the sole responsibility of the organization “My City Kills” and do not necessarily reflect the views of the European Union.
სტატიაზე მუშაობდა : ნატალი სლეპაკოვა
წყარო : www.autoexpress.co.uk