მაკარონის საწრუპები – ინოვაცია, რომელსაც იტალიურ ბარებში პლასტმასის ნარჩენების შესამცირებლად იყენებენ
- მსოფლიოში წარმოქმნილი პლასტმასის ნარჩენების თითქმის 4% საწრუპებს წარმოადგენს.
- იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციურ და ეფექტურ ალტერნატივას მიაგნეს – მაკარონის ჩხირები პლასტმასის საწრუპების ნაცვლად.
- მაკარონის ჩხირების გამოყენების ხანგრძლივობა დაახლოებით 1 საათია.
პლასტმასის ნარჩენებით გარემოს დაბინძურება მსოფლიოში ხალხისათვის ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად და გამოწვევად რჩება. უზარმაზარი რაოდენობის პლასტმასის ნარჩენებით მუდმივად ნაგვიანდება ოკეანეები, ხოლო ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის პროდუქტები ნაგავსაყრელებზე ყოველგვარი რეგულაციის გარეშე იმარხება. ევროკავშირმა უკვე დაუჭირა მხარი 2021 წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ერთჯერადი პლასტმასის პროდუქტების აკრძალვას. ასე რომ, მაკარონის ჩხირები ყურადღების ცენტრში ექცევა.
მსოფლიოში წარმოქმნილი პლასტმასის ნარჩენების თითქმის 4% საწრუპებს წარმოადგენს. ამ მიზეზით, ადამიანები ცდილობენ შეამცირონ და ჩაანაცვლონ პლასტმასი სხვადასხვა ალტერნატივებით, როგორიცაა ბამბუკი, მინა, ფოლადი, ქოქოსის ნიჟარები და მცენარეული ბოჭკოები. მიუხედავად ამისა, იტალიაში ერთ-ერთ ყველაზე ახლებურსა და ეფექტურ ალტერნატივას მიაგნეს – მაკარონის ჩხირებს პლასტმასის საწრუპების მაგივრად. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მას ნამდვილად აქვს რამდენიმე დადებითი მხარე.
იტალიელები საყოველთაოდ ცნობილი არიან რევოლუციური ნივთების და დიზაინის გამოგონებებით, როგორიცაა ჯინსი, სათვალე და ბალეტი. ამჯერადაც, იტალიელებმა დაამტკიცეს, რომ ეს შესაძლოა იყოს ყველაზე დიდი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება. მეტიც, მაკარონის ჩხირები შეიძლება უფრო ეფექტური აღმოჩნდეს ქაღალდის საწრუპებთან შედარებითაც, რომლებიც უმეტესად პლასტმასის ჩასანაცვლებელ ერთ-ერთ ალტერნატივად გამოიყენება.
მაკარონის ჩხირები – რეალური ალტერნატივა
ცოტა ხნის წინ, იტალიის რამდენიმე ბარში, მომხმარებლებმა სასმელებთან ერთად მაკარონის ჩხირების გამოყენება დააფიქსირეს და იქ გადაღებული ფოტოები მყისიერად გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში. ამ ფოტოზე ვხედავთ, თუ როგორ ცდილობს იტალიის ზოგიერთი ბარი შეინარჩუნოს ეკო-მეგობრული პრაქტიკა და, ამავდროულად, არ დააზიანონ საკუთარი ბიზნესსაქმიანობაც. მსოფლიოში მრავალმა ადამიანმა მოიწონა ეს იდეა და შეიქმნა ჰეშთეგი „ერთ-ერთი საუკეთესო იტალიური ტექნოლოგია“. ზოგმა ისიც კი განაცხადა, რომ ის მათ ენაზე „მეტყველებდა“.
თუმცა, მხოლოდ იტალიაში არ იყენებენ მაკარონის ჩხირებს. ლონდონში დაფუძნებული კიდევ ერთი კომპანია მათ “Stroodles”-ის სახელწოდებით იყენებს. ეს ჩხირები სრულიად ბიოდეგრადირებადი და 100%-ით ვეგანურია. Stroodles მზადდება ხორბლისა და წყლის გამოყენებით, რაც მათ აბსოლუტურად ნეიტრალურ გემოს უზრუნველყოფს. შედეგად, ისინი არ მოქმედებენ სასმელის გემოსა და არომატზე. სწორედ მსგავსი ტიპის დაწესებულებებს შეუძლიათ ჩაანაცვლონ პლასტმასის ნივთები მაკარონის ჭიქებით, მოსარევებით, მინითა და პატარა თეფშებით.
მარტივი და ეფექტური მიდგომა
მაკარონის ჩხირების გამოყენება ხანგრძლივად, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში შეიძლება. ისინი უფრო მეტ ხანსაც გაძლებენ, თუ სასმელი ცივია და ადამიანს შეუძლია, ჭიქა კვლავ შეივსოს ამ პერიოდში და იგივე ჩხირი გამოიყენოს. მიუხედავად ამისა, Stroodles–ის ფირმა აფრთხილებს მომხმარებელს ცხელ სასმელებში მაკარონის ჩხირების გამოყენების თაობაზე, რამაც შეიძლება დამწვრობა გამოიწვიოს.
პლასტმასის საწრუპების ასეთმა ეფექტურმა ალტერნატივამ დიდი ინტერესი გამოიწვია არა მხოლოდ ბარის მეპატრონეებში, არამედ სუპერმარკეტების მფლობელებშიც და რიგით მყიდველებშიც. გაერთიანებულ სამეფოში სასტუმროები Marriott და Ibis ამჟამად მაკარონის ჩხირებს სატესტო რეჟიმში იყენებენ. მრავალი სხვა გლობალური ბრენდი, რომელთაც ხშირად აკრიტიკებენ პლასტმასის პროდუქტების გამოყენების გამო, ასევე ტესტავენ Stroodles-ს, როგორც ალტერნატივას.
მაკარონის ჩხირები ახლა საუკეთესო ალტერნატივაა, რადგან ისინი პრაქტიკულიცაა და ხელმისაწვდომიც. გარდა ამისა, კომპანიებს, რომლებიც მაკარონის პროდუქტებს აწარმოებენ, ასევე იოლად შეუძლიათ მათი წარმოება და გაყიდვა. უახლოეს მომავალში ეს შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს მსოფლიოს მასშტაბით, რაც ხელს შეუწყობს გლობალურად პლასტმასის ნარჩენების შემცირებას.
სტატიაზე მუშაობდა : მაია ბურდული და მეგი რუსია
წყარო : theplanetvoice.com