ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ბარსელონაში დაბალი ემისიის ზონის (LEZ) დანერგვიდან ხუთი წლის შემდეგ, აზოტის დიოქსიდის დონე თითქმის 8 მკგ/მ³-ით შემცირდა.
• ბარსელონაში დაბალი ემისიის ზონამ (LEZ) მნიშვნელოვნად შეამცირა NO₂-ის დონე (~16%), განსაკუთრებით ინტენსიური საგზაო მოძრაობის მქონე უბნებში.
• მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცირება მინიმალური იყო, რაც მიუთითებს, რომ მათი ძირითადი წყაროები სხვა სექტორებშია.
• მიუხედავად პროგრესისა, ჰაერის ხარისხი კვლავ არ შეესაბამება WHO-ს სტანდარტებს, რის გამოც დამატებითი ზომების მიღებაა საჭირო, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობისა და ინდუსტრიის მიმართულებით.
ესპანეთში ჩატარებულ კვლევაში გამოიყენეს დახვეწილი „სინთეზური კონტროლის“ მეთოდი, რათა LEZ-ის გავლენა გაემიჯნათ ორ მნიშვნელოვან დამაბნეველ ფაქტორს: COVID-19 პანდემიასა და ყოველდღიური ამინდის ცვალებადობას შორის. მეცნიერების გუნდმა შეადარა 95 კმ²-იან ზონაში განთავსებული ჰაერის ხარისხის სადგურების მონაცემები, ამ ზონიდან შორს მდებარე საკონტროლო სადგურების მონაცემებთან, რათა დაედგინა, რა მოხდებოდა LEZ-ის გარეშე.
ვანესა ნ. დოს სანტოსმა, ISGlobal-ისა და UPF-ის პრე-დოქტორანტმა და კვლევის მთავარმა ავტორმა, განმარტა: „ჩვენ გამოვიყენეთ ინოვაციური ტექნიკა — სტატისტიკური SC-PI მეთოდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევქმნათ იმ ტერიტორიის სიმულირებული ვერსია, სადაც LEZ არ მოქმედებს, რათა შევადაროთ, რა მოხდებოდა ამ ზომის დანერგვის გარეშე. ეს სინთეზური ზონა ჩვენთვის ერთგვარი საცნობარო წერტილია, რათა შევაფასოთ NO₂-ის, PM10-ის და PM2.5-ის დონეები, რომლებიც დაფიქსირდებოდა ამ ზონის გარეშე, და შევადაროთ ისინი რეალურ მაჩვენებლებთან.“
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ 2020–2022 წლებში LEZ-მა აზოტის დიოქსიდის (NO₂) წლიური საშუალო კონცენტრაცია 7.6 მკგ/მ³-ით შეამცირა ინტენსიური მოძრაობის მონიტორინგის ადგილებში და 4.5 მკგ/მ³-ით — ქალაქის ფონურ სადგურებში. ეს დაახლოებით 16%-იანი შემცირებაა LEZ-ის დანერგვამდე არსებულ მონაცემებთან შედარებით.
თუმცა, მყარი ნაწილაკების შემცირებაზე ზონის გავლენა ნაკლებად შთამბეჭდავი იყო. PM₁₀-ისა და PM₂.₅-ის შემცირება დაახლოებით 1 მკგ/მ³ ან ნაკლები იყო, ხოლო ზოგ მოდელურ შეფასებაში სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არც კი აღმოჩნდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი ტრანსპორტია, რომელიც ნაკლებად უწყობს ხელს მყარი ნაწილაკების წარმოქმნას, ვიდრე NO₂-ს, ხოლო მეორადი ნაწილაკების ფორმირებაში უფრო დიდ როლს თამაშობს სოფლის მეურნეობა, გათბობა და ინდუსტრია.
იმ ფაქტმა, რომ LEZ დაინერგა პანდემიის ლოქდაუნების პერიოდში, შეფასება გაართულა, თუმცა საკონტროლო ზონების გამოყენებით კვლევაში გათვალისწინებულია COVID-თან დაკავშირებული ტრანსპორტის შემცირება, რომელმაც გავლენა მოახდინა არა მხოლოდ LEZ ზონებზე.
მიღწეული შემცირებების მიუხედავად, ბარსელონაში NO₂-ის დონე კვლავ აღემატება როგორც განახლებულ ევროკავშირის დირექტივას, ისე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებს. ავტორები ასკვნიან, რომ მიუხედავად იმისა, რომ LEZ ეფექტურია აზოტის დიოქსიდის შემცირებაში, მყარი ნაწილაკების პრობლემის გადასაჭრელად საჭირო იქნება დამატებითი ზომები, რომლებიც იმუშავებენ რეგიონულ სოფლის მეურნეობის, საზღვაო ტრანსპორტისა და ინდუსტრიულ წყაროებთან.
ქსავიე ბასაგანამ, ISGlobal-ის მკვლევარმა და კვლევის კოორდინატორმა, განაცხადა: „ჩვენი შედეგები მიუთითებს, რომ ბარსელონას მეტროპოლიტენში LEZ ეფექტური ინსტრუმენტია ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად, თუმცა მისი ეფექტი დამოკიდებულია დამაბინძურებლის ტიპზე. მიუხედავად იმისა, რომ მან აშკარად შეამცირა NO₂, მისი გავლენა მყარ ნაწილაკებზე შეზღუდული იყო. 2021 წელს WHO-ს მიერ რეკომენდებულ დონეების მისაღწევად, სავარაუდოდ, დამატებითი ზომები დაგვჭირდება, როგორიცაა ტრანსპორტის შემდგომი შემცირება ან სხვა ემისიის წყაროებზე ზემოქმედება, მათ შორის სოფლის მეურნეობაზე.“
სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი და რუსა ციცქიშვილი
წყარო : Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone