ჰაერის დაბინძურების შედეგად მიღებული 6 სიმპტომი
გაინტერესებთ რა არის ჰაერის დაბალი ხარისხის სიმპტომები? საშუალოდ, ამერიკელები თავიანთი დროის 90%-ს შენობაში ატარებენ, სადაც ზოგიერთი დამაბინძურებლების კონცენტრაცია, როგორიცაა ობის სპორები და მტვერი, შეიძლება ბევრად უფრო მაღალი იყოს, ვიდრე გარეთ.
ჰაერის დამაბინძურებელმა ელემენტებმა შეიძლება გააუარესოს სასუნთქი სისტემის მდგომარეობა, როგორიცაა ასთმა, კისტური ფიბროზი და ფილტვის კიბო, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ამ დაავადებების მქონე ადამიანებისთვის ჰაერის მაქსიმალურად სუფთად შენარჩუნებას საკუთარ სახლებში.
მაგრამ რა არის ჰაერის დაბალი ხარისხის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები? და როგორ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ჰაერის ხარისხი ჩვენს სახლებში? ამის გასარკვევად ექსპერტებს ვესაუბრეთ.
თვალების, ცხვირის და ყელის გაღიზიანება
ჩვენი იმუნური სისტემა ხველით და ცემინებით ცდილობს უპასუხოს ალერგენების არსებობას ცხვირისა და ყელის ლორწოვანი გარსების გარშემო. ასევე შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ გაქვთ ქავილი და ცრემლიანი თვალები, რაც კიდევ ერთი სიმპტომია იმისა, რომ თქვენი იმუნური სისტემა ებრძვის ჰაერის დამაბინძურებლებს. მტვერი, მიკრობული დამაბინძურებლები, როგორიცაა ობის სპორები ან ჰაერში მყოფი ბაქტერიები, თამბაქოს კვამლი, პესტიციდები, სადეზინფექციო საშუალებები და სუნამოც კი შეიძლება გახდეს სასუნთქი სისტემის გაღიზიანების მიზეზი და გამოიწვიოს იმუნური სისტემის რეაქცია ან ჰაერის დაბალი ხარისხი. კვლევებმა აჩვენა, რომ ჩვენი სახლები შეიძლება იყოს სავსე ამ გამაღიზიანებლებით, ისევე როგორც, ზოგიერთი გარე დამაბინძურებლით, რომელიც გარედან აღწევს შიგნით, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ცხოვრობთ მჭიდროდ დასახლებულ რაიონში.
ჰაერის სასუნთქი გზების დაავადებები
ჰაერის სასუნთქი გზების დაავადებების, როგორიცაა ასთმა, ხშირად გაცილებით მძიმე ფორმაშია ჰაერის დაბალი ხარისხის მქონე გარემოში. ჰაერის დამაბინძურებლმა ელემენტებმა, როგორიცაა კვამლი, ყვავილის მტვერი და ქვიშის მტვერი, შეიძლება გამოიწვიოს ასთმის შეტევები, რაც შესაძლებელია ფატალურადაც დასრულდეს, განსაკუთრებით ბავშვებში.
ენესტა ჯონსი, აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტოს სპიკერი (EPA), განმარტავს თქვენს სახლში ასთმის მქონე პირის დახმარების საუკეთესო გზებს. „ამერიკელები თავიანთი დროის 90 პროცენტს ატარებენ შენობაში, ხოლო შიდა ალერგენები და გამაღიზიანებლები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ასთმის შეტევების გამომწვევში“, ამბობს ის. „ასთმის გამომწვევი ელემენტები არიან, ის რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი ეპიზოდი ან შეტევა, ანდაც გააუარესოს ასთმა. თუ თქვენ გაქვთ ასთმა, თქვენ შეიძლება რეაგირდეთ მხოლოდ ერთ გამომწვევზე, ან შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ თქვენს ასთმის შეტევას რამდენიმე ელემენტი იწვევს. აუცილებელია იმუშაოთ ექიმთან ერთად ასთმის შეტევის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირებისთვის და მკურნალობის გეგმის შემუშავებისთვის, რომელიც მოიცავს გზებს თქვენი ასთმის გამომწვევი ელემენტების ზემოქმედების შესამცირებლად.“ ფილტვის კიბოს და კისტოზური ფიბროზის სიმპტომები ასევე ხშირად უარესდება ჰაერის დაბალი ხარისხის გარემოში ყოფნისას. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმეტესობამ იცის, რომ მოწევა ფილტვის კიბოს განვითარების ხელშემწყობი ფაქტორია, ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ ჰაერის დაბალი ხარისხი, ასევე ზრდის ამ დაავადების განვითარების რისკს.
თავბრუსხვევა
თავბრუსხვევა ჰაერის დაბალი ხარისხის კიდევ ერთი გავრცელებული სიმპტომია. შიდა დამაბინძურებლები, როგორიცაა ნახშირბადის მონოქსიდი, ხშირად იწვევენ თავბრუსხვევას და გონების დაკარგვას, რაც შეიძლება მიუთითებდეს, რომ ჰაერი, რომელსაც თქვენ სუნთქავთ, შესაძლოა იყოს დაბინძურებული. ნახშირბადის მონოქსიდიც და ნახშირორჟანგიც შეიძლება გახდეს მოწამვლის მიზეზი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილის დაზიანება და სიკვდილიც კი, თუ ამ ელემენტების ჭარბი არსებობა დიდი ხნის მანძილზე გრძელდება. ხოლო თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენი სიმპტომები ქრება ტერიტორიის დატოვების შემდეგ, მნიშვნელოვანია დარეკოთ პროფესიონალთან, რომ შეამოწმდეს გაზის ქსელი პოტენციური გაჟონვის აღკვეთისთვის. ცუდად მოვლილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, როგორიცაა ქვაბები, გაზქურები და წყლის გამაცხელებლები შეიძლება ჟონავდნენ ნახშირბადის მონოქსიდს და გამოიწვიონ ჰაერის დაბალი ხარისხის ზოგიერთი სიმპტომი. შეგიძლიათ შეიძინოთ ნახშირბადის მონოქსიდის დეტექტორები ტექნიკის მაღაზიებში ან სუპერმარკეტებში.
თავის ტკივილი
თუ გრძნობთ თავის ტკივილს, შესაძლოა იმყოფებოდეთ დაბინძურებულ გარემოში.თავბრუსხვევის მსგავსად, თავის ტკივილი შეიძლება ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლის ნიშანი იყოს, ან თუ დახურულ ადგილას იმყოფებით, ასევე შეიძლება ნახშირორჟანგის მაღალი დონის მიერ გამოწვეული სიპტომი იყოს. კვლევებმა აჩვენა, რომ ჰაერის დაბინძურებულ გარემოში ცხოვრება, როგორიცაა მთავარი გზის ან აეროპორტის მახლობლად, შესაძლოა სუნთქვის პრობლემების, ინფექციური დაავადებების და გენეტიკური დეფექტების მიზეზი გახდეს.
დაღლილობა
დაღლილობა შესაძლოა დაბინძურებული ჰაერის კიდევ ერთი ნიშანი იყოს, რომელიც ხშირად დაკავშირებულია სასუნთქი გზების დაავადებებთან, როგორიცაა ასთმა. სასუნთქი გზების გაღიზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის გადაღლა და საბაზო მოქმედებების განხორციელების სირთულე. თუ ვინმეს აქვს ასთმის სიმპტომები, შეიძლება რომ ისინი ასევე განიცდიდნენ დაღლილობას ფსიქოლოგიური სტრესის გამო, რომელიც გამოწვეულია სიმპტომებისა და შეტევების კონტროლის მცდელობისგან.
ლეგიონელას ბაქტერია
დახუთულ ჰაერში ხშირად გვხვდება ლეგიონელას ბაქტერია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ლეგიონერების დაავადება. ეს ბაქტერიები ცხოვრობენ წყალში რომელსაც იყენებს შენობის გამაგრილებელი სისტემა და შეიძლება მოხვდეს ჰაერში, როდესაც სისტემა ჩართულია. შემდეგ შესაძლებელია მისი ჩასუნთქვა, განსაკუთრებით დახუთული ჰაერის მქონე ადგილებში. მნიშვნელოვანია გაგრილების სისტემების სისუფთავის შენარჩუნება, რათა შევამციროთ ამ საშინელი დაავადების განვითარების რისკი.
როგორ გავაუმჯობესოთ ჰაერის ხარისხი
თქვენი გარემოს ჰაერის ხარისხის ინდექსის ცოდნა დაგეხმარებათ გაიგოთ, რამდენად პრობლემურია ჰაერის სისუფთავე, სადაც ცხოვრობთ. აუცილებელია ჰაერის განიავება, როდესაც იყენებთ აეროზოლებს, პრინტერებს, ან წვავთ რაიმე ნივთს, როგორიცაა საკმეველი ან სანთლები, რომლებიც წარმოქმნიან ჭვარტლს. გაასუფთავეთ და სათანადოდ შეინახეთ მოწყობილობები, მათ შორის კონდიციონერები და გაზქურები.
EPA-ს სპიკერი ნიკ კონგერი ასახავს თავის მთავარ რჩევებს შიდა ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად. „არსებობს სამი მარტივი სტრატეგია, რომელსაც EPA ურჩევს შიდა ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად – წყაროების კონტროლი, გაუმჯობესებული ვენტილაცია და ჰაერის გამწმენდები“, ამბობს ის.
წყაროს კონტროლი არის ის, როდესაც ვაიდენტიფიცირებთ ჰაერის ცუდი ხარისხის წყაროებს ჩვენს სახლში და ვანეიტრალებთ მათ. მაგალითად, თუ გაქვთ აზბესტის იზოლაცია თქვენს სახლში ან სამუშაო ადგილზე, ყველაზე ეფექტური იქნება მისი უსაფრთხოდ ამოღება პროფესიონალის მიერ. გარე დამაბინძურებლებმა, როგორიცაა პესტიციდები, შესაძლოა შემოაღწიონ თქვენს სახლში. ასე რომ, ეზოში და ბაღში მათი ბუნებრივი ალტერნატივის პოვნამ შეიძლება შეამციროს შიდა ჰაერის დაბინძურებაც.
სტატიაზე მუშაობდა : ალექსანდრე ფიფია და ვალერი გელოვანი
წყარო : www.livescience.com