დიდ ბრიტანეთში ნავთობისა და გაზის წარმოებით გამოწვეული დაბინძურება ხუთჯერ მაღალია, ვიდრე ოფიციალურადაა ცნობილი
- სათბური გაზების ემისიები სინამდვილეში გაცილებით მეტია, ვიდრე ოფიციალურადაა ცნობილი.
- რეალობასთან აცდენას მონიტორინგის სწორი მექანიზმის არარსებობა იწვევს.
- დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, სადაც დაბინძურება ამ მეთოდით იზომება, შესაბამისად, მსგავსი აცდენა მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა.
გასულ წელს აღმოჩენილი მტკიცებულების შემდეგ, რომ სათბური გაზის ემისიები შესაძლოა გასამმაგებული იყოს მთავრობის მიერ დათვლილ შედეგებში, ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.
პრინსტონისა და კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტების მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, მოდელი, რომელიც მეთანის ემისიებს გამოითვლის ნავთობისა და გაზის წარმოებისას, ბევრად უფრო დაბალ მაჩვენებელს ასახავს, ვიდრე რეალობაშია.
სინამდვილეში, მაჩვენებლები იმდენად აცდენილია რეალობას, რომ გაზით დაბინძურების დონე, რომელსაც მეცნიერები ყველაზე მავნე დამაბინძურებლად მიიჩნევენ, ხუთჯერ აღემატება ოფიციალურად ცნობილ რიცხვებს. დასკვნა გამომდინარეობს დიდ ბრიტანეთში ჩატარებული მკაცრი დაკვირვებითა და ალტერნატიული, რეცენზირებული მიდგომებით.
„დიდწილად გაურკვეველია სანაპიროებიდან შემოსული მეთანის ემისიების რაოდენობა და ვინაიდან ამ სივრცეზე ინფორმაცია მხოლოდ მოკლე პერიოდის განმავლობაშია ხელმისაწვდომი, პირდაპირი საკვლევი მეთოდების გამოყენებით, როგორებიცაა სატელიტი ან დრონი, რეალური დაბინძურების მხოლოდ 25%-ის გაგება იქნება შესაძლებელი“, – ამბობს კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი მეცნიერი სტიუარტ რიდიკი, კვლევის ავტორი. „საბაზისო ემისიების დასადგენად სექტორის მასშტაბით, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მწარმოებლებთან ერთად, რათა განვავითაროთ პრაქტიკული, ეფექტური და ერთობლივი გაზომვის სტრატეგიები,“ – ამბობს რიდიკი.
ვინაიდან დიდი ბრიტანეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ემისიებს ამ მეთოდით ზომავენ, დიდი ალბათობით, მსგავსი დონის ცდომილებები აშკარაა მსოფლიოს არაერთ მხარეში.
წინა წელს Climate Trace-მა გამოაქვეყნა, რომ გლობალური გაზისა და ნავთობის წარმოების ემისიების რიცხვი დაახლოებით ერთი მესამედით აცდენილია სიმართლეს. ამავდროულად, 2022 წლის მარტში საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს (IEA) ცნობით, მისმა „გლობალური მეთანის მზომმა“ (Global Methane Tracker) აჩვენა, რომ ნავთობით, გაზითა და ქვანახშირით დაბინძურება სინამდვილეში 70%-ით მეტია, ვიდრე ოფიციალურადაა ცნობილი.
სიახლეები ვრცელდება მაშინ, როდესაც წიაღისეული საწვავის მასობრივი მწარმოებელი ფირმები BP და Shell კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვნენ, მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა, რომ მათი მოგება 2022 წელს 32.2 და 27.7 ტრილიონ ევროს შეადგენდა. ამასთანავე, BP-მა დააანონსა, რომ კლიმატის მიზნების უკან გადაწევასა და პროდუქციის გაზრდას აპირებს. დეკემბერში, „ჰაერის ხარისხის სიახლეებმა“ (Air Quality News) ჯარიმათა ამონაწერი გამოაქვეყნა, რომელიც ჩრდილოეთის ზღვის ნავთობისა და გაზის მწარმოებლებმა გარემოს დაბინძურებისა და ჭარბწარმოების გამო დაიმსახურეს.
სტატიაზე მუშაობდა : მარიამ სიხარულიძე და გიგი ჭითანავა
წყარო : airqualitynews.com
28 ივნისი 2023 წელი