დაცულ საზღვაო ტერიტორიებს შეუძლია ოკეანის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება
- იმის გამო, რომ ცენტრალური წყნარი ოკეანის გარეთ მდებარე აშშ–ის წყლების 98 პროცენტზე მეტი არ არის დაცული საზღვაო ტერიტორიების ნაწილი, კრიტიკული საზღვაო ეკოსისტემები საფრთხეშია და კლიმატის ცვლილების შერბილების შესაძლებლობები იკარგება, ამბობს მაიამის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი მეცნიერებისა და პოლიტიკის პროფესორი დანიელ სუმანი.
- კანონმდებლობის მეშვეობით მეტი დაცული საზღვაო ტერიტორიის შექმნა შეიძლება გართულდეს, რადგან შესაძლოა წარმოიშვას წინააღმდეგობა ისეთი ჯგუფებისგან, როგორიცაა კომერციული თევზჭერის ინდუსტრია და ოფშორული საბურღი კომპანიები.
- სუმანმა მოითხოვა დაცული საზღვაო ტერიტორიების ფედერალური საკონსულტაციო კომიტეტის აღდგენა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ დაშალა.
თუ ერს სურს, მიაღწიოს თავის მიზანს, დაიცვას კრიტიკული საზღვაო ეკოსისტემები და ოკეანის სხვა რესურსები ადამიანის მავნე საქმიანობისგან, მან არა მხოლოდ მეტი დაცული საზღვაო ტერიტორია უნდა შექმნას (MPA), არამედ, სასურველი შედეგების მისაღწევად, მისი მკაცრი მართვა უზრუნველყოს, რის შესახებაც მაიამის უნივერსიტეტის გარემოს დაცვის მეცნიერი და სხვები ოკეანის ამ მნიშვნელოვანი ზონების შემსწავლელ ბოლო კვლევაში შეთანხმდნენ.
„ადეკვატური რაოდენობის არქონის მავნე ზემოქმედება უბრალოდ ძალიან ძვირია,“ – თქვა დანიელ სუმანმა, გარემოსდაცვითი მეცნიერებისა და პოლიტიკის პროფესორმა როზენსტილის საზღვაო, ატმოსფერული და დედამიწის მეცნიერების სკოლიდან. „ამის შედეგია საზღვაო ბიომრავალფეროვნების გაზრდილი საფრთხეები და უკონტროლო, გადაჭარბებული თევზაობა. ასევე, ვკარგავთ შესაძლებლობას, სრულად დავუპირისპირდეთ კლიმატის ცვლილებას, რადგან MPA-ები (დაცული საზღვაო ტერიტორიები), განსაკუთრებით კი ისინი, სადაც იზრდება ზღვის ბალახი და კელპის ტყეები, რომლებიც ნახშირორჟანგს შთანთქავს, მნიშვნელოვანია სათბურის გაზების შესამცირებლად“.
მსოფლიოში არსებული დაცული საზღვაო ტერიტორიები დალაგებულია მინიმალური ზემოქმედების მქონე ზონებიდან, სადაც რესურსებს ისე იყენებენ, რომ იმედია, ეს გარემოს გრძელვადიან ზიანს არ მიაყენებს, აღკვეთილ ზონებამდე, სადაც დაუშვებელია ბურღვა, თევზაობა, დანაღმვა და სხვა მოპოვებითი საქმიანობები.
ცენტრალური წყნარი ოკეანის გარეთ მდებარე აშშ-ის წყლების 98 პროცენტზე მეტი არ არის MPA-ის ნაწილი. კვლევამ აჩვენა, რომ წყნარი ოკეანის მიღმა არსებული რამდენიმე უბანი, რომელსაც MPA-ის სტატუსი აქვს, ადამიანის მავნე საქმიანობებისგან, როგორც წესი, „მსუბუქად“ ან „მინიმალურად“ არის დაცული.
თუმცა კანონმდებლობის მეშვეობით მეტი დაცული საზღვაო ტერიტორიის შექმნა შეიძლება გართულდეს, რადგან შესაძლოა წარმოიშვას წინააღმდეგობა ისეთი ჯგუფებისგან, როგორიცაა კომერციული თევზჭერის ინდუსტრია და ოფშორული საბურღი კომპანიები. „გამოსავალი არის ამ ჯგუფების დარწმუნებაში, რომ MPA-ები რეალურად მათ ინტერესებშია, რომ კონსერვაციაში მონაწილეობა სასარგებლოა თევზის მარაგებისა და ინდუსტრიის ჯანსაღად შენარჩუნებისთვის,” – თქვა სუმანმა. „ეს შეიძლება რთული იყოს და ალბათ, ამიტომაც არ გვაქვს ამჟამად მეტი MPA“.
იგი ამბობს, რომ აშშ უკვე ხედავს MPA-ების ადეკვატური რაოდენობის არქონის ზოგიერთ ეფექტს.
„ოკეანის ტემპერატურის ცვალებადობით, რაც გლობალური დათბობის შედეგია, ჩვენ თევზის მარაგის ჩრდილოეთისკენ გადაადგილების მოწმენი ვართ,” – განმარტა მან. „მაგალითად, ვხედავთ, რომ ვირთევზა მოძრაობს ახალი ინგლისიდან ჩრდილოეთით, კანადის საზღვაო პროვინციებში. ჩვენ გვჭირდება MPA-ები, რათა დავიცვათ ჰაბიტატები, რომლებიც მნიშვნელოვანია ქვირითობისა და სახეობების სიცოცხლის სხვა მნიშვნელოვანი ეტაპებისთვის”.
ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, რომელმაც ქვეყნის 50 უდიდესი, დაცული საზღვაო ტერიტორია შეისწავლა, განმარტეს, რომ აშშ-ს აქვს დაახლ. 1000 MPA, რომელიც აშშ-ის წყლების 26 პროცენტს მოიცავს, რაც ქვეყანას მხოლოდ 4 პროცენტით აშორებს ბაიდენის ადმინისტრაციის მიზნის მიღწევისგან – ინიციატივა „America the Beautiful“ – ეროვნული ძალისხმევა, რომელიც 2030 წლისთვის აშშ-ის მიწებისა და წყლების 30 პროცენტის კონსერვაციას ისახავს მიზნად.
„თუმცა ეს, ცოტა არ იყოს, შეცდომაში შემყვანია,“ – თქვა სუმანმა, „რადგანაც ეს სინამდვილეში ჰავაი და ცენტრალური წყნარი ოკეანის ის ტერიტორიებია, სადაც MPA-ების უმრავლესობა მდებარეობს. როდესაც ჩვენ კონტინენტურ შეერთებულ შტატებს შევხედავთ, ეს რიცხვები დამთრგუნველი აღმოჩნდება”.
მართლაც, ცენტრალური წყნარი ოკეანის გარეთ მდებარე MPA-ების პროცენტი უმნიშვნელოა, თქვა სუმანმა და აღნიშნა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთში არსებული ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის მხოლოდ 2.1 პროცენტია დაცული MPA-ით. „ოდნავ უკეთესი მაჩვენებელია ჩრდილო-აღმოსავლეთში – 4,7 პროცენტი,” – აღნიშნა მან. „მაგრამ ალასკა მხოლოდ 0,7 პროცენტს შეადგენს, ამიტომაც ალასკის წყლების 1 პროცენტზე ნაკლები არის გამოცხადებული MPA-ად. ეს უკიდურესად დამთრგუნველია, რადგანაც კლიმატის ცვლილების გავლენა პოლარულ რეგიონებში უდიდესია“.
სუმანმა მოითხოვა დაცული საზღვაო ტერიტორიების ფედერალური საკონსულტაციო კომიტეტის აღდგენა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ დაშალა. „ეს გახლდათ შესანიშნავი მექანიზმი ჩვენი საზღვაო გარემოს ყველა განსხვავებულ სექტორს შორის კომუნიკაციისა და ჩვენი MPA–ების სისტემის გასაძლიერებლად,“ – აღნიშნა სუმანმა, რომელიც MPA–ის პირველ ფედერალურ სათათბირო კომიტეტში მუშაობდა. „ჩვენ ეს კვლავ უაღრესად გვჭირდება”.
სტატიაზე მუშაობდა : ქეთო გობრონიძე და მეგი რუსია
წყარო : news.miami.edu
28 ნოემბერი 2022 წელი.