ბელფასტში დაიწყო ჩრდილოეთ ირლანდიის Active Travel Challenge 2023
-
ბელფასტში დაიწყო Active Travel Challenge 2023, რომელიც მოიაზრებს მეგობრულ შეჯიბრს მონაწილეებს შორის, სადაც გამარჯვებულია ის, ვინც ყველაზე მეტს გადაადგილდება ქვეითად, სკუტერით, ველოსიპედით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
-
მსგავსი ტიპის აქტივობა ხელს უწყობს ადამიანებს, იყვნენ უფრო ჯანმრთელები, დაზოგონ საოჯახო ბიუჯეტი, იზრუნონ თავიანთ და გარშემომყოფების კეთილდღეობასა და კლიმატზე.
-
2022 წელს, Active Travel Challenge-ის ფარგლებში, აღიკვეთა 9000 კგ-მდე ნახშიროჟანგის გამოყოფა, ავტომობილების გარეშე მოძრავი ადამიანების დამსახურებით.
ბელფასტში ჩრდილოეთ ირლანდიის Active Travel Challenge დაიწყო, რომელიც მთელ ივნისს გრძელდება ხოლმე.
Active Travel Challenge მეგობრული შეჯიბრია, რომლის მიზანიცაა, მოტივაცია მისცეს ინდივიდებს, სოციალურ ჯგუფებსა თუ ორგანიზაციებს ზაფხულში, დღის განმავლობაში, სულ უფრო მეტჯერ გადაადგილდნენ ფეხით, ველოსიპედით, სკუტერითა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
მონაწილეები მარტივად რეგისტრირდებიან ღონისძიების ვებგვერდზე, შემდეგ კი აღრიცხავენ მოგზაურობებს, როდესაც გადაადგილდებიან ფეხით, ველოსიპედით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით, იქნება ეს უბრალო გასეირნება, მაღაზიებში სიარული, სასკოლო გარბენი თუ საქმიანი მოგზაურობა.
სამოგზაურო აღმრიცხველი რეგისტრირებულს ეკითხება ტრანსპორტის ტიპს, მოგზაურობის მიზანს და გადაადგილდა თუ არა ჩვეულებრივისგან განსხვავებული გზით.
Active Travel Challenge-ს მართავს „სუსტრანსი“, „ტრანსლინკთან“ პარტნიორობით, ინფრასტრუქტურის განყოფილება, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტო, Belfast Health and Social Care Trust და ბელფასტის ქალაქის საბჭო.
„სუსტრანსის“ დირექტორმა კეროლაინ ბლუმფილდმა განაცხადა: „ყოველწლიურად ადამიანებისგან ვიგებთ, რომ ამ შეჯიბრის დამსახურებით მათ კვლავ შეუყვარდათ ფეხით სიარული, ველოსიპედით სეირნობა და აქტიური მგზავრობის სხვა სახეობები. ჩვენ მოვუწოდებთ ადამიანებს, გამოსცადონ თავიანთი თავი, თუ რამდენი ნაბიჯის გადადგმას შეძლებენ, რათა ყოველდღიურ რუტინაში აქტიური მოძრაობის წესი დანერგონ, რასაც უზომოდ დადებითი გავლენა აქვს ჯანმრთელობაზე, საოჯახო ბიუჯეტზე, კეთილდღეობასა და კლიმატზე“.
მონაწილეების მოსაზიდად მაისის თვეში უამრავი საპრიზო გათამაშება, ხოლო ივნისის ბოლოს დაჯილდოება იქნება. პირველი ათი დღის განმავლობაში ენთუზიაზმით აღსავსე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ხუთი სხვადასხვა პრიზი – საშოპინგე ვაუჩერები.
შუა თვეში არის Green Transport Week, ხოლო ღონისძიების დასასრულს გამოვლინდება ფეხით მოსიარულეთა, ველოსიპედისტთა, ავტობუსითა და მატარებლით მოძრავ ქვეითთა საუკეთესო ათეული, რომლებიც დაჯილდოვდებიან თავიანთ კატეგორიაში.
კომპანიები ფრიად მოტივირებულნი არიან შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად. არსებობს ე.წ. „Nemesis Challenge“, რომელიც ბიზნესს საშუალებას აძლევს, თვალყური ადევნოს თავისი კონკურენტების პროგრესს და შემდეგ შესაბამისად მოიქცეს.
2022 წელს, Active Travel Challenge-ის ფარგლებში, აღიკვეთა 9000 კგ-მდე ნახშიროჟანგის გამოყოფა, ავტომობილების გარეშე მოძრავი ადამიანების დამსახურებით.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს დირექტორმა ეიდენ დევსონმა განაცხადა: „ვიცით, რომ ფიზიკური აქტივობის შენარჩუნება აუმჯობესებს ჩვენს სხეულებრივ და მენტალურ ჯანმრთელობას, ცხოვრების ხარისხსა და კეთილდღეობას. ისეთი მცირე აქტივობაც, როგორიც კვირის დღეებში 30-წუთიანი სიარულია, რამდენჯერმე ამცირებს შფოთვას, ხელს უწყობს ჯანსაღი წონის შენარჩუნებას და ამცირებს ისეთი ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკს, როგორიცაა გულის დაავადება, ზოგიერთი სახეობის კიბო, მე-2 ტიპის დიაბეტი და ოსტეოპოროზი. უმჯობესდება ძილის ხარისხიც.
Active Travel Challenge სახალისო, ინტერაქციული გზაა, ვიმოძრაოთ უფრო მეტი და გვიჩვენებს, რომ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ფიზიკური აქტივობის ჩართვა, როგორიცაა ბავშვების სკოლაში ფეხით მიყვანა ან სამსახურში ველოსიპედით მისვლა, დადებითად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტო ჩრდილოეთ ირლანდიაში შეძლებისდაგვარად ბევრ ადამიანს აძლევს მოტივაციას, ჩაერთონ ივნისში ამ გამოწვევაში და მონაწილეობის მისაღებად წაახალისონ საკუთარი ოჯახები, მეგობრები და კოლეგები“.
სტატიაზე მუშაობდა: მარიამ სიხარულიძე, გიგი ჭითანავა
წყარო: airqualitynews.com
1 დეკემბერი 2023 წელი