2040 წლისთვის გაერო პლასტმასით დაბინძურების 80%-ით შესამცირებლად გახსნის სურსათის მარაგის შესავსებ მაღაზიებს და შეიმუშავებს ბოთლების ჩაბარების სქემას
-
ცოტა ხნის წინ პარიზში გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა;
-
განხილვის მთავარი თემა პლასტმასით დაბინძურების შემცირება იყო
-
UNEP-ს ამბიციური გეგმა აქვს და 2040 წლისთვის პლასტმასით დაბინძურების 80%-ით შემცირებას აპირებს
გაეროს გარემოსდაცვითმა პროგრამამ (UNEP) გარემოს დაბინძურების შემცირების 17-წლიანი გეგმა წარადგინა.
UNEP-ის ახალი ანგარიშის თანახმად, 2040 წლისთვის პლასტმასით დაბინძურება შეიძლება 80%-ით შემცირდეს. ამ ამბიციური მიზნის მიღწევა დამოკიდებულია ზოგადი პოლიტიკის შეცვლასა და პლასტმასის წარმოების, გამოყენებისა და უტილიზაციის ტექნოლოგიების გადაწყობაზე.
მაისის ბოლოს პარიზში შეიკრიბნენ 170 ქვეყნის წარმომადგენლები, რათა შეთანხმებულიყვნენ პირველ გლობალურ ხელშეკრულებაზე პლასტმასით დაბინძურების შესაკავებლად.
მაინც რა უნდა შეიცვალოს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ამ მიზნის მისაღწევად?
მეტი სურსათის მარაგის შესავსები მაღაზიები და პლასტმასის ბოთლების ჩაბარების პუნქტები
ამჟამინდელი მოცემულობით, 2060 წლისთვის მსოფლიოში წარმოებული პლასტმასის ნარჩენები გასამმაგდება. Organization for Economic Cooperation and Development-ის გათვლით, დაახლოებით ნახევარი მოხვდება ნაგავსაყრელებზე, ხოლო მეხუთედზე ნაკლები გადამუშავდება.
გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის მოხსენების ავტორები პრობლემის შესამცირებლად გვთავაზობენ „პრობლემური და ზედმეტი პლასტმასის მოშორებას“.
UNEP აცხადებს, რომ პლასტმასით დაბინძურების 30%-ით შემცირება შესაძლებელი იქნება, თუკი მოხდება მრავალჯერადი ბოთლებისა და მშრალი პროდუქტების დისპენსერების პოპულარიზება და აქტიურად დაინერგება გამოყენებული პლასტმასის ბოთლებისა და შეფუთვების ჩაბარების სქემები.
ორგანიზაციის წევრები მოუწოდებენ ქვეყნების მთავრობებს, მსგავსი მიდგომები ბიზნესებისთვის უფრო სარფიანი გახადონ. ამის წყალობით სურსათის მარაგის შესავსები მაღაზიები უფრო პოპულარული გახდება.
მრავალ ევროპულ ქვეყანაში უკვე მუშაობს პლასტმასის ბოთლების ჩაბარების პუნქტები, სადაც მომხმარებლები ფულს იბრუნებენ პლასტმასის ბოთლების გადასამუშავებლად ჩაბარებით.
დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ მსგავს სქემას 2025 წლისთვის აამოქმედებს.
ნარჩენების გადამუშავება უფრო მარტივი და ეფექტიანი გახდება
UNEP-ის მტკიცებით, ნარჩენების გადამუშავება უფრო სტაბილური და მომგებიანი უნდა გახდეს. ამისათვის უნდა გაუქმდეს წიაღისეული საწვავის სუბსიდირება და შემუშავდეს ახალი გაიდლაინები, რათა პროდუქტები უფრო მეტად გადამუშავებადი გახდეს.
ეს გაამარტივებს პლასტმასის შეფუთვების გადამუშავებას სახლის პირობებში და გარემოს დაბინძურებას 20%-50%-ით შეამცირებს.
უფრო უკეთესი იქნებოდა პლასტმასის სხვა მასალებით, მაგ. ქაღალდით, ჩანაცვლება. ეს პლასტმასით დაბინძურებას კიდევ 17%-ით შეამცირებდა.
დაგვეხმარება თუ არა პლასტმასის ნარჩენების შემცირება ფულის დაზოგვაში?
UNEP-ის თქმით, პლასტმასის ციკლურ გამოყენებაზე გადასვლა, მის წარმოებასა და გადამუშავებაზე გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, 1,8 ტრილიონი ევროს დაზოგვის საშუალებას იძლევა.
ასევე მოსალოდნელია დამატებითი მოგებაც: გარემოს დაბინძურების შემცირება ასევე შეამცირებს ადამიანებში ჯანმრთელობის პრობლემებს, შესაბამისად, მსხვილ კომპანიებს უფრო იშვიათად უჩივლებენ სასამართლოებში. ამის შედეგად ისინი კიდევ 3 ტრილიონ ევროს დაზოგავენ.
UNEP-ის მონაცემებით, პლასტმასის გადამუშავებაზე გადასვლა ასევე დამატებით 700.000 სამუშაო ადგილს შექმნის 2040 წლისთვის.
პლასტმასის გამოყენების ციკლური სისტემის დანერგვისთვის გაწეული ხარჯები შეიძლება თავად მწარმოებლებს დაეკისროთ. მათ დაევალებათ პლასტმასის შეგროვების, გადამუშავებისა და გონივრული უტილიზაციის გეგმების განხორციელება და პლასტმასის წარმოებაზე მიმართული დაფინანსების ნაწილის ამაზე დახარჯვა.
UNEP-ის ანგარიში პარიზის შეხვედრამდე გამოქვეყნდა. ეს ღონისძიება 29.05.2023-02.06.2023-ში შედგა. მასზე დიდი ქვეყნების ლიდერებმა განიხილეს პლასტმასის დაბინძურებასთან ბრძოლის მექანიზმები.
მოხსენებაში აგრეთვე ნათქვამია, რომ სასწრაფოდ საჭიროა პლასტმასის დაბინძურების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, 2040 წლისთვის გარემო დამატებითი 80 მილიონი ტონა პლასტმასის ნარჩენით დაბინძურდება.
რა მოუვა არსებულ პლასტმასის ნარჩენებს?
ზემოხსენებული პოზიტიური ცვლილებების განხორციელების შემთხვევაშიც კი, UNEP-ის ცნობით, გარემო მაინც დაბინძურდება წელიწადში 100 მილიონი ტონა პლასტმასის ნარჩენით.
ამიტომაც უნდა დაინერგოს იმ პლასტმასის უტილიზაციის გონივრული მექანიზმები, რომელიც გადამუშავებას არ ექვემდებარება. გარდა ამისა, მწარმოებლებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა ტოქსიკური მიკროპლასტმასის პროდუქციის წარმოებისთვის.
საინფორმაციო სააგენტო Reuters გვატყობინებს, რომ ყველა პოზიტიური გეგმისა და იდეის მიუხედავად, ზოგიერთი ეკოაქტივისტი UNEP-ის პლასტმასის დაწვის მავნე პრაქტიკის დანერგვისთვის აკრიტიკებს.
სტატიაზე მუშაობდა: ლილიან მეტრეველი, მარიამ ტატუაშვილი
წყარო: euronews.green
1 დეკემბერი 2023 წელი