ავტომობილის გამონაბოლქვი თითოეულ ჩვენგანზე ნეგატიურად მოქმედებს: რატომ უნდა გვადარდებდეს ეს?
გარდაცვალების მოწმობებში სიკვდილის მიზეზად დაბინძურებულ ჰაერს არასოდეს ასახელებენ. მაგრამ დაბინძურებული ჰაერი ეფექტური და ჩუმი მკვლელია: მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად 3 მილიონამდე ადამიანი ნაადრევად იღუპება სწორედ დაბინძურებული ჰაერის მავნე ზემოქმედების გამო. სხვადასხვა კვლევების მიხედვით, რომლებიც 2016 წელს მსოფლიო ბანკმა და Health Effects Institute[1]-მა ჩაატარეს, აშშ-ში ყოველწლიურად 91.000-100.000-მდე ადამიანი კვდება დაბინძურებული ჰაერის გამო. ეს სამჯერ აღემატება ავტოკატასტროფების მსხვერპლთა მაჩვენებელს, რომელიც აშშ-ში ყოველწლიურად 35.000 ადამიანს შეადგენს.
დაბინძურებულ ჰაერსა და სიკვდილიანობას შორის კავშირის დადგენა კლინიკური კვლევების დახმარებით ხდება, რომლებიც ადარებენ სიკვდილიანობის დონესა და ჰაერის ხარისხს. დამტკიცებულია რომ დაბინძურებული ჰაერი ზრდის სიკვდილის რისკს ინსულტის, ინფარქტისა და ფილტვების დაავადებებისგან. იმის გამო, რომ აღნიშნული დაავადებებისგან სიკვდილი ასევე განპირობებულია ცხოვრების წესითა და გენეტიკით, დაბინძურებული ჰაერით გამოწვეულ სიკვდილს ნაადრევ სიკვდილად მოვიხსენიებთ. Caiazzo et al.-ის, 2013-ის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული ნაადრევი გარდაცვალება დაახ. 12 წლით ადრე დგება, ვიდრე ბუნებრივი სიკვდილი. ცნობილია ორი ადამიანის სიცოცხლისათვის ყველაზე საშიში ჰაერის დამაბინძურებელი: ტროფოსფერული ოზონი და მყარი ნაწილაკები. ეს უკანასკნელი აგრეთვე ცნობილია PM2.5 ნაწილაკების სახელით (უმცირესი ნაწილაკები, რომლის დიამეტრი 2.5 მიკრონზე იგ. 0,0001 დუიმზე ნაკლებია). ითვლება რომ PM2.5 ნაწილაკები მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე ოზონი.
აშშ-ში დაბინძურებული ჰაერით გამოწვეულ ნაადრევ გარდაცვალებათა რიცხვის ¼-ზე ავტომობილის გამონაბოლქვითაა გამოწვეული
აშშ-ში ავტომობილის გამონაბოლქვით გამოწვეული გარდაცვალებების რაოდენობა სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებლიდან 26%-ს შეადგენს. ეს ნიშნავს რომ აშშ-ში ყოველწლიურად ავტომობილის გამონაბოლქვისგან დაახ. 25.000 ადამიანი კვდება, რაკი ზოგადად დაბინძურებული ჰაერისგან იქ ყოველწლიურად 100.000 ადამიანი იღუპება. გამონაბოლქვით გამოწვეული სიკვდილის მთავარი მიზეზია PM2.5. თუმცა, მათი შემცველობა ჰაერში ფრიად განსხვავებულია სხვადასხვა ქალაქებში: ფინიქსში – 49%, 55% -ლოს-ანჯელესში, მხოლოდ 5% პიტსბურგში – ამ ქალაქში ზოგადად მცირე ნაწილაკების შემცველობა ჰაერში საკმაოდ მაღალია, მაგრამ ამის მთავარი გამომწვევი მიზეზი არა ტრანსპორტი, არამედ ელექტროსადგურია. აშშ-ს ფარგლებს გარეთ ავტომობილების გამონაბოლქვით გამოწვეული PM2.5 ნაწილაკების შემცველობა ჰაერში ასეთია: პეკინი – 6%, 53% – ბარსელონაში.
ავტომობილის გამონაბოლქვით დაბინძურებული ჰაერის მავნე ზემოქმედებისგან დაღუპვის რისკი ყველაზე მაღალია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ავტომაგისტრალებთან და დიდ გზებთან ახლოს ცხოვრობენ. საშიში ზონაა ავტომაგისტრალისგან 500 მეტრ მანძილზე ქარის მიმართულებით, მაგრამ ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით ასეთი ზონა 100 მეტრამდე მცირდება. PM2.5 ნაწილაკების ყველაზე საშიში ოდენობა ავტომაგისტრალიდან უკვე 50 მეტრში ფიქსირდება. ეს კი ნიშნავს, რომ დიდ ქალაქებში მცხოვრები ადამიანები გაცილებით დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან, რადგან გაცილებით უფრო დაბინძურებულ ჰაერთან უწევთ ყოველდღიური კონტაქტი, ვიდრე EPA-ის ჰაერის ხარისხის გამზომი მონიტორები გვატყობინებენ. 2000 წელს ლოს-ანჯელესის მოსახლეობის 44% და ტორონტოს მოსახლეობის 45% ჩქაროსნული ავტომაგისტრალებისგან 500 მეტრში ცხოვრობდა, ხოლო დიდი საავტომობილო გზებისგან მათ 100 მეტრი აშორებდათ.
დაბინძურებული ჰაერის ნეგატიური ზემოქმედების ზრდა მძღოლებზე
PM2.5 ნაწილაკების დონე ჰაერში დიდ საავტომობილო გზებზე გაცილებით მაღალია, ვიდრე ზოგადად ატმოსფეროში. ამიტომაც თუ მანქანის ფანჯრებს ღიად დატოვებთ, საკუთარ სიცოცხლეს უფრო დიდ საფრთხეში ჩააგდებთ. მყარი ნაწილაკების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია შეინიშნება გადატვირთულ საავტომობილი გზებზე და დიზელის ძრავზე მომუშავე მძიმე ავტომანქანების თავშეყრის ადგილებში. თუ მანქანაში ფანჯრებს გააღებთ, დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედება გაიზრდება. თუმცა ის არ შემცირდება დახურულ მანქანაშიც, თუ თქვენს ავტომობილში კონდიცირების სისტემას ჰაერი გარედან შემოაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილებში დამონტაჟებული კონდიციონერები სპეციალური ფილტრებითაა აღჭურვილი, ისინი PM2.5 ნაწილაკების დონეს მანქანის შიგნით მხოლოდ 26%-ით ამცირებენ. ამას ადასტურებს 2010-2013 წლებში ყველაზე პოპულარული მარკების ავტომობილებზე ჩატარებული კვლევა. ფილტრების დემონტაჟის შემთხვევაში მყარი ნაწილაკების დონე დახურული ფანჯრებით მოძრავ ავტომობილში 22% იქნებოდა. საქმე ისაა რომ ფილტრების უმრავლესობა ეფექტურად აკავებს 0.3 მიკრონის დიამეტრის ნაწილაკებს, ხოლო PM2.5 ნაწილაკების დიამეტრი გაცილებით მცირეა.
ავტომობილის ტარებისას სალონის შიგნით დაბინძურებული ჰაერის მავნე ზეგავლენის შესამცირებლად ჩართეთ ვენტილაციის სისტემა რეცირკულაციის რეჟიმზე. შესაძლოა კონდიციონერის ჩართვა მოგიწევთ, რათა ფანჯრები არ დაიბინდოს. რეცირკულაციის რეჟიმში მომუშავე ვენტილაციის სისტემა ავტომობილში მავნე ნაწილაკების დონეს 90%-ით შეამცირებს და სულ რაღაც 3 წუთში ისეთი ჰაერით ისუნთქებთ, როგორითაც ოფისში. მაგრამ რეცირკულაციის რეჟიმის გამო ავტომობილის ჰაერში ზევით იწევს ნახშირორჟანგის (CO2) დონე და უკვე რამდენიმე საათში ატმოსფერულს 6-ჯერ გადააჭარბებს და 2500 ppm-ზე ავა. ნახშირბადის ასეთი დონე ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარს ძლიერ შეამცირებს და ძილიანობას გამოიწვევს. თუ მრავალი საათი გიწევთ მგზავრობა ავტომაგისტრალზე, სადაც ბევრი ტრანსპორტი მოძრაობს, არ დაგავიწყდეთ რეცირკულაციის რეჟიმის გამორთვა 3 წუთით მაინც ყოველ ნახევარ საათში, რათა თქვენი რეაქცია არ შენელდეს და ფხიზლად იყოთ. ზოგიერთ ახალ ავტომობილში რეცირკულაციის რეჟიმი ავტომატურად ითიშება გარკვეული პერიოდის შემდეგ და კონდიცირების სისტემა ჰაერს გარედან იღებს.
ბავშვები, რომლებიც სკოლებში დიზელისძრავიანი ავტობუსებით დადიან, დაბინძურებული ჰაერით სუნთქავენ.
2002 წელს ჩატარებულმა გახმაურებულმა კვლევამ ცხადყო რომ სკოლის მოსწავლეთა უდიდესი ნაწილი დაბინძურებული ჰაერით სუნთქავს, რადგან სასკოლო ავტობუსები დიზელის ძრავებზე მუშაობენ. კალიფორნიის გარემოს დაცვის სამმართველომ დაადგინა რომ სკოლის მოსწავლეებში, რომლებიც 13 წლის განმავლობაში სკოლებში დიზელისძრავიანი ავტობუსებით დადიოდნენ და მავნე გამონაბოლქვს ისუნთქავდნენ, 4% მეტი შანსები აქვთ დაავადნენ კიბოთი, ხოლო 1%-ზე მეტი ასთმით ავადობის რისკი ქვეშ იმყოფებიან. თუ ავტობუსებში ფანჯრები დახურული იყო, ჰაერის ხარისხი კიდევ უფრო ეცემოდა. ყველაზე ცუდი ჰაერი ავტობუსის უკანა მხარეს იყო.
ავტომობილის გამონაბოლქვმა შეიძლება ხელი შეუწყოს დემენციის განვითარებას
2017 წელს ონტარიოში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა რომ გადატვირთული ავტომაგისტრალებიდან 300 მეტრის დაშორებაზე მცხოვრებ ადამიანებში დემენციისა და ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკი უფრო მაღალი იყო. პარკინსონის დაავადებასა და გაფანტულ სკლეროზზე ავტომაგისტრალის სიახლოვეს ცხოვრება გავლენას არ ახდენდა. პირდაპირი კავშირი ზემოხსენებულ დაავადებებსა და გამონაბოლქვს შორის შეინიშნებოდა იმ ადამიანებში, რომლებმაც მთელი ცხოვრება გადატვირთულ საავტომობილო გზებთან 50 მეტრის ფარგლებში გაატარა და არასოდეს გადასულა სხვაგან საცხოვრებლად. დემენციით დაავადებულ პაციენტთა 7-11% შეიძლება უკავშირებოდეს ინტენსიურ ავტომოძრაობას. დემენციის შემთხვევების ზრდას გზისპირას მცხოვრებ ადამიანებში ჰაერის ისეთ დამაბინძურებლებს უკავშირებენ, როგორებიცაა აზოტის დიოქსიდი და PM2.5. თუმცა ეს ბოლომდე მაინც არ ხსნიდა ყველაფერს. ამიტომაც მეცნიერებმა ივარაუდეს რომ დემენციის გახშირებას აგრეთვე ხელს უწყობენ ტრანსპორტის ხმაური და სხვა დამაბინძურებელი ნივთიერებები.
ჰაერის ხარისხის გაზომვის ახალი მეთოდები
ბობ ჰენსონმა თავის აპრილის პოსტში აღნიშნა: „დროა ჰაერის ხარისხს საკადრისი ყურადღება დავუთმოთ“. ახლა უკვე შესაძლებელია თვალი ადევნოთ ამინდის ცვლილებებს თქვენი პირადი მეტეოსადგურისა და თქვენი მეზობლის პერსონალური კომპიუტერული სერვისის მეშვეობით. ჰაერის ხარისხის გაზომვაც ახალი მეთოდებით თავიდანვე ჩვენი სამუშაოს მიზანი იყო. ამჟამად მიმდინარეობს მომხმარებლის დონეზე ჰაერის ხარისხის გაზომვის ახალი შესაძლებლობების შესწავლა. პირველ ეტაპზე დავადგენთ, რომელი პლატფორმებია უკეთესი. დროთა განმავლობაში დაკვირების შედეგად მოპოვებულ შედეგებს გავაზიარებთ, რათა ჩვენმა საზოგადოებამ შეძლოს დაგვეხმაროს ახალი, პერსონალური, ჰაერის ხარისხის გამზომი სადგურების შექმნაში.
ჩვენ აგრეთვე ვამატებთ ჰაერის ხარისხის მრავალ საკვანძო მაჩვენებელს ჩვენს „დეშბორდში“, სადაც მოხდება მონაცემების ანალიზი, რომლებიც ყველა პერსონალურმა ჰაერის ხარისხის გაზომვის სადგურმა მოაგროვა. მაგალითად, ახლახანს დავამატეთ ცნობები ჰაერის ხარისხის შესახებ ჩრდ. ამერიკის მთელ ტერიტორიაზე მდებარე 1500 სადგურიდან. ისინი სააგენტო AirNow-ს ნაწილია, რომელიც აშშ-ს გარემოს დაცვითაა დაკავებული. ყოველი სადგური ახლა უკვე არამხოლოდ ამინდის შესახებ ინფრომაციას აქვეყნებს, არამედ ჰაერის დაბინძურების დონეზედ დებს ცნობებს საათობრივად, სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, სადგურის ადგილმდებარეობის შესაბამისად (იხ. გრაფიკი ქვემოთ). AirNow-ს სადგურები მდებარეობს როგორც დიდ ქალაქებში, ასევე შედარებით მცირე დასახლებულ პუნქტებშიც მაგ. მინეაპოლისში, მასაჩუსეტსის შტატში; პროვოში, იუტას შტატში და ვაშინგტონში, კოლუმბიის შტატში. AirNow-ს სადგურები განსხვავდება, როგორც მეტეოროლოგიური მონაცემების, ასევე ჰაერის დაბინძურების დონისა და სახეობების მონიტორინგის მიხედვით.
[1] ამერიკული არაკომეტციული ორგანიზაცია, რომელსაც EPA და საავტომობილო მრეწველობა აფინანსებენ.
სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი და ვალერი გელოვანი
წყარო : www.wunderground.com