დასახელდა 2021 წლის საუკეთესო და ყველაზე უარესი ჰაერის ხარისხის მქონე ადგილები
- ორგანიზაცია IQAir-მა წლიური ანგარიში გამოაქვეყნა მსოფლიოში ჰაერის ხარისხის შესახებ
- ანგარიში ცხადყოფს რომ ჰაერის ხარისხმა ჯანმო-ს ყველა ნორმატივი დაარღვია
- 2021 წლის მონაცემებით ჰაერი ყველაზე მეტად დაბინძურებულია ინდოეთში, პაკისტანსა და ბანგლადეშში
- ავტომობილის გამონაბოლქვი, ტყის ხანძრები და ენერგიის წარმოება ჰაერის დაბინძურების მთავარი წყაროებია
- გამონაბოლქვიდან და ხანძრებიდან წარმოქმნილი PM 2.5 ნაწილაკები სერიოზულ ზარალს აყენებენ დედამიწის მოსახლეობის ჯანმრთელობას და მათ გამო ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი იხოცება
- სპეციალისტები მსოფლიო ლიდერებისგან სასწრაფო ზომების მიღებას ითხოვენ
CNN-ი გვატყობინებს რომ 2021 წელს ჰაერის დაბინძურების დონემ მსოფლიოში შემაშფოთებელ მასშტაბებს მიაღწია.
კომპანია IQAir, რომელიც მსოფლიოში ჰაერის ხარისხის გაზომვითაა დაკავებული, იუწყება რომ ყველა სახელმწიფოში, ქალაქების 97%-ში ჰაერის დაბინძურების დონემ ჯანმო-ს ყველა ნორმატივი დაარღვია. არადა ეს რეგულაციები იმისთვის შემუშავდა რომ ქვეყნების ლიდერებს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაეუმჯობესებინათ.
ჰაერის ხარისხი 6,475 ქალაქში შემოწმდა და აქედან მხოლოდ 222-მა დააკმაყოფილა ჯანმო-ს სტანდარტები. საერთაშორისო რეგულაციებს შემდეგი ტერიტორიები შეესაბამებოდა: ახალი კალედონია, პუერტო-რიკო და აშშ-ს ვირჯინიის კუნძულები.
ინდოეთი, პაკისტანი და ბანგლადეში იმ ქვეყნების სიაში აღმოჩნდნენ, სადაც ყველაზე უარესი ჰაერის ხარისხი დაფიქსირდა. იქ ჰაერის დაბინძურების დონე ნორმას 10-ჯერ აჭარბებდა. სკანდინავიის ქვეყნები, ავსტრალია, კანადა, იაპონია და დიდი ბრიტანეთი კი – ის ქვეყნებია, სადაც ყველაზე სუფთა ჰაერი იყო. იქ დაბინძურების დონე მხოლოდ 1-2 ნიშნულით თუ სცდებოდა რეგულაციებს.
IQAir-ის მონაცემებით აშშ-ში ჰაერის ხარისხმა ჯანმო-ს ნორმებს 2-3-ჯერ ასცდა.
„ეს მონაცემები ცხადყოფს რომ მსოფლიო ლიდერებმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ ზომები ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად,“ უთხრა CNN-ს ინტერვიუში გლორი დელფინ ჰამესმა, IQAir-ის ჩრ. ამერიკის ფილიალის გენერალურმა დირექტორმა. „მყარ მცირე ნაწილაკებს ყოველწლიურად მეტისმეტად ბევრი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. თითოეული ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა გაამკაცროს ზომები ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად და ამ მხრივ უფრო მაღალი ეროვნული სტანდარტები დააწესოს. ეფექტური საგარეო პოლიტიკური კურსიც მნიშვნელოვანია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის.“
ეს პირველი მასშტაბური და გლობალური ანგარიშია ჰაერის ხარისხის შესახებ, რომელიც ჯანმო-ს 2021 წლის სექტემბერში განახლებულ რეგულარულ რეკომენდაციებს ეფუძნება. ახალი რეგულაციების შესაბამისად ჰაერში მცირე ნაწილაკების (PM 2.5) დასაშვები რაოდენობა შემცირებულია 10-დან 5 მიკროგრამამდე კუბურ მეტრზე.
PM 2.5 უმცირესი და ამავდროულად ყველაზე საშიში ჰაერის დამაბინძურებელია. შესუნთქვისას ისინი ღრმად აღწევენ ფილტვების ქსოვილებში იქიდან კი – სისხლში. მყარი ნაწილაკები ჩნდებიან ჰაერში წიაღისეულის წვის შედეგად, მტვრის ქარიშხლებისა და ტყის ხანძრების შემდეგ და ისეთ დაავადებებს იწვევენ, როგორებიცაა ასთმა, გულისა და სისხლძარღვების დაავადებები, რესპირატორული დაავადებები.
ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებებით მილიონობით ადამიანი იღუპება. ჯანმო-ს 2016 წლის მონაცემებით 4,5 მილიონი ადამიანი მყარი ნაწილაკებით გამოწვეული დაავადებებით გარდაიცვალა. იმ დროს 2021 წლის რეგულაციები რომ დაეცვათ, დაახ. 3,3 მილიონი ადამიანი დღეს ცოცხალი იქნებოდა – თვლიან ჯანმო-ს ექსპერტები.
IQAir-მა გაანალიზა მონაცემები ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურებიდან 117 ქვეყნის 6,475 ქალაქიდან და მრავალი რეგიონიდან.
აშშ-ში ჰაერის დაბინძურების დონემ 2021 წელს მკვეთრად იმატა 2020 წლის მონაცემებთან შედარებით. ამერიკის 2,400 ქალაქს შორის ყველაზე დაბინძურებული ჰაერი ლოს-ანჯელესში აღმოჩნდა, მიუხედავად იმის რომ ჰაერის დაბინძურების დონე იქ 6%-ით გაუმჯობესდა 2020 წელთან შედარებით. ატლანტასა და მინეაპოლისში კი ჰაერის ხარისხის საგრძნობი დაცემა შეინიშნებოდა, ნათქვამია ანგარიშში.
„აშშ-ს დამოკიდებულება წიაღისეულ საწვავზე, ტყის ხანძრების ინტენსივობის ზრდა და განსხვავებული მიდგომები სუფთა ჰაერის კანონის შესრულებისადმი სხვადასხვა შტატში – ყოველივე ეს გახლავთ ამერიკაში ჰაერის ხარისხის დაცემის მიზეზები“ – წერენ ანგარიშის ავტორები.
მკვლევარების აზრით აშშ-ში ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროებია: წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ტრანსპორტი, ენერგიის წარმოება და ტყის ხანძრები, რომლებიც მოსახლეობის მოწყვლად და მარგინალიზირებულ ჯგუფებს ყველაზე მეტად აზარალებენ.
„ჩვენი ტრანსპორტი ძალიან დამოკიდებულია წიაღისეულ საწვავზე,“ განაცხადა ლოს-ანჯელესიდან რამდენიმე მილის მოშორებით მცხოვრებმა ჰამესმა. „ამ საკითხში შეგვიძლია გონივრული მიდგომებით გამონაბოლქვის ოდენობის შემცირება, მაგრამ ამას არ ვაკეთებთ. ამიტომაც ტრანსპორტის გამონაბოლქვი სავალალო გავლენას ახდენს დიდი ქალაქების ეკოლოგიაზე.“
კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულმა მასშტაბურმა ტყის ხანძრებმა 2021 წელს მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს აშშ-ში ჰაერის ხარისხის გაფუჭებაზე. კვლევის ავტორებმა რიგი ხანძრები ჩამოთვალეს, რომლებმაც ქვეყანაში მნიშვნელოვნად დააბინძურეს ჰაერი და ესენია: ხანძრები კალდორი და დიქსი კალიფორნიაში, ასევე ხანძარი ბატლეჯი ორეგონში, რომლის ბოლიც ქარმა აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპირომდე მიიტანა.
ჩინეთში, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია ძალიან დაბინძურებული ჰაერის მქონე ქვეყნების სიაში, 2021 წელს ჰაერი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. იქაური ქალაქების ნახევარში პოზიტიური დინამიკა შეინიშნებოდა. ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით 5-წლიანი პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება, რაც გამოწვეულია სახელმწიფო პოლიტიკით გამონაბოლქვის შემცირების თაობაზე.
ანგარიშში ასევე ნათქვამია რომ დედამიწის მწვანე ფილტვებად ცნობილი ამაზონის ტროპიკული ტყე, რომელიც ჩვენ პლანეტას იცავს გამონაბოლქვისგან, გასულ წელს მეტი ნახშირორჟანგი გამოყო, ვიდრე შთანთქა. გაუტყეურება და ხანძრები განადგურებით ემუქრება ამ უნიკალურ ეკოსისტემას, რეგიონში ჰაერი ბინძურდება, ხოლო დედამიწაზე კლიმატი იცვლება.
„ყოველივე ეს ფორმულის ნაწილია, რომელიც კლიმატის გლობალურ ცვლილებებს გამოიწვევს, უფრო სწორედ – უკვე გამოიწვია.“ თქვა ჰამესმა.
ანგარიშმა აგრეთვე ზოგიერთი ხარვეზიც გამოავლინა: ზოგიერთ განვითარებად ქვეყანაში აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებზე და ასევე ახლო აღმოსავლეთში ჯერკიდევ მცირე რაოდენობითაა დამონტაჟებული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურები. ამის გამო ამ რეგიონებიდან მწირი ინფორმაცია შემოდის, რის გამოც დასკვნების გაკეთება ჭირს.
„მონაცემების უქონლობის გამო გვიწევს შავი კატის ძიება ბნელ ოთახში,“ – დასძინა ჰამესმა.
მან ასევე აღნიშნა რომ აფრიკული ქვეყანა ჩადი პირველად ფიგურირებდა ჰაერის ხარისხის შემოწმებაში, იმის წყალობით რომ იქ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურები დამონტაჟდა. მონაცემებმა ცხადყო რომ ჩადში სავალალო მდგომარეობაა და ჰაერის დაბინძურების დონით ეს ქვეყანა მსოფლიოში მეორე ადგილზე გავიდა ბანგლადეშის შემდეგ.
ტარეკ ბენმარჰნიამ, ეპიდემიოლოგმა და კლიმატის ცვლილებების სპეციალისტმა სკრიპსის სახ. ოკეანოგრაფიის ინსტიტუტიდან, განაცხადა რომ ტყის ხანძრების გავლენის შესწავლისას ადამიანების ჯანმრთელობაზე არ შეიძლება დავეყრდნოთ მხოლოდ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურებს, რადგან ასე ანგარიშებში ბევრი „შავი წერტილი“ გვექნება.
„მშვენიერია რომ მკვლევარები არამხოლოდ სახელმწიფო წყაროებს ეყრდნობოდნენ, არამედ დამოუკიდებელ ქსელებსაც“ – აღნიშნა CNN-თან ინტერვიუში ბენმარჰნიამ. „მრავალ რეგიონში არასაკმარისი რაოდენობით გვაქვს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურები და ალტერნატიულ მეთოდებს უნდა მივმართოთ ხოლმე“.
გაეროს საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფმა კლიმატის ცვლილებების საკითხში 2021 წელს დაასკვნა რომ წიაღისეულ საწვავზე უარის თქმა დაგვეხმარება არამხოლოდ გლობალური დათბობის შენელებაში, არამედ ჰაერის ხარისხის გააუმჯობესებაში და მაშასადამე მოსახლეობის ჯანმრთელობის დონის აამაღლებაშიც.
ჰამესმა თქვა რომ IQAir-ის ანგარიში კიდევ ერთი დამამტკიცებელი საბუთია იმისა რომ კაცობრიობამ აუცილებლად უარი უნდა თქვას წიაღისეულ საწვავზე.
„ჩვენ ანგარიში გვაქვს, შეგვიძლია გავეცნოთ მას და შევუდგეთ მუშაობას ცვლილებებისათვის,“ – თქვა მან. აუცილებელია გადავიდეთ ენერგიის განახლებად წყაროებზე. სასწრაფო და მტკიცე ნაბიჯები უნდა გადავდგათ გლობალური დათბობის შესაჩერებლად; წინააღმდეგ შემთხვევაში ვეღარ შევძლებთ სავალალო შედეგებთან გამკლავებას, რომლებსაც ეს პროცესი მოახდენს მთელ კაცობრიობაზე, რადგან ჩვენი ცივილიზაციის მატარებელი უფსკრულისკენ მიექანება.“
სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი
წყარო : edition.cnn.com