ახალი კვლევის თანახმად, მილიარდობით ადამიანის კვება, გათბობა და შემოსავალი პირდაპირ დამოკიდებულია 50.000 გარეულ ცხოველზე
ბიომრავალფეროვნების დაცვა არა მხოლოდ თავისთავადაა მნიშვნელოვანი, არამედ საკვანძოა კაცობრიობის გადარჩენისთვისაც.
კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფის (The Intergovernmental Science-Policy Platform on Biodiversity and Ecosystem Services (IPBES) – აგრეთვე ხშირად მოხსენიებული, როგორც “IPCC ბიომრავალფეროვნებისთვის“) ბოლო მოხსენებაში ნათქვამია, რომ მილიარდობით ადამიანის კვება, მკურნალობა, საწვავი და შემოსავალი დამოკიდებულია 50.000 გარეულ სახეობაზე. აღარაფერი ითქმის ეკონომიკის ისეთ დარგზე, როგორიცაა ტურიზმი.
„ღარიბების 70% მსოფლიოს მასშტაბით დამოკიდებულია გარეულ ცხოველებსა და მცენარეებზე. ყოველი მეხუთე ადამიანი მსოფლიოში გარეული მცენარეებით, წყალმცენარეებითა და სოკოებით იკვებება; 2.4 მილიარდი ადამიანი საკვების მოსამზადებლად შეშას იყენებს, ხოლო 90% იმ 120 მილიონი ადამიანიდან, ვინც სამრეწველო მეთევზეობაშია დასაქმებული, საკვების დიდ ნაწილს მცირემასშტაბიანი თევზაობით შოულობს“,- განაცხადა პრეს-რელიზის დროს დოქტორ მარლა რ. ემერიმ.
„გარეული ცხოველებისა და მცენარეების გამოყენება არა მხოლოდ გლობალური სამხრეთისთვისაა მნიშვნელოვანი. თევზეული, წამლები, კოსმეტიკა, სახლის დეკორი და ტურიზმი – ყოველივე ეს რომ გვქონდეს, გარეული ცხოველები და მცენარეებია საჭირო.“
IPBES-ის გარეული სახეობების გამოყენებაზე მოხსენების მომზადებას 4 წელი დასჭირდა. მხოლოდ ამ კვირაში, ბონში (გერმანია) IPBES-ის წევრი 139 ქვეყნის წარმომადგენელმა მოაწერა მას ხელი. ამ პროექტზე 85 ექსპერტი და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები ერთობლვად მუშაობდნენ. მოხსენებას 200 ავტორი და 6.200 წყარო აქვს. ეს კი ნიშნავს, რომ მოხსენებაში ძალზე დეტალურადაა წარმოდგენილი ადამიანის დამოკიდებულება ბუნებაზე, რომლის რესურსებსაც ის სწრაფად ფიტავს.
მოხსენებაში 5 „პრაქტიკაზეა“ საუბარი, რომელთა ფარგლებშიც ადამიანი გარეულ სახეობებს იყენებს: თევზაობა, შემგროვებლობა, ტყის ჩეხა, ნადირობა, ასევე ბუნებაში ჩარევის არაექსტაქციული პრაქტიკები, მაგ. ეკო-ტურიზმი. 10.000-ზე მეტი გარეული სახეობა საკვებად გამოიყენება, ხოლო ადამიანების მესამედს საკვების მოსამზადებლად შეშა სჭირდება, მოჭრილი ხეების 50% ენერგიის წარმოებისთვის გამოიყენება. The Guardian-ის ცნობებით, ადამიანების 50% ამა თუ იმ ოდენობით სარგებლობს გარეული ცხოველების, თევზების, მცენარეებისა და სოკოების გამოყენებით ყოველდღიურ ცხოვრებაში.
„კაცობრიობის ნახევარი იყენებს ველური ბუნების რესუსებს და ამით მოგებას ნახულობს,“ – განაცხადა ემერიმ The Guardian-თან ინტერვიუში. „ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება აუცილებელია კაცობრიობის გადასარჩენად.“
სამწუხაროდ, ბუნებრივი ბალანსი დედამიწაზე საფრთხეშია. ეს მოხსენება გამოქვეყნდა სამი წლის შემდეგ, როდესაც IPBES-მ პირველად განაცხადა, რომ მილიონამდე გარეული სახეობა გადაშენების პირასაა ადამიანის მოღვაწეობის გამო. ამის მთავარ გამომწვევ ფაქტორებად იმ პირველ მოხსენებაშია მეთევზეობა, გაუტყიურება და ნადირობა, წერს BBC News-ი.
„დღესდღეობით მილიონამდე სახეობა გადაშენების პირასაა“, განაცხადა პრეს-რელიზში იპონ ჰიგუერომ, გარეული ფლორითა და ფაუნით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ საერთაშორისო სავაჭრო გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა. „ამ პრობლემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია სახეობების არამდგრადი, უკანონო და არარეგულარული გამოყენება. მაგ. გარეული ბუნებით უკანონო ვაჭრობას წელიწადში 23 მილიარდი დოლარის ოდენობის მოგების მოტანა შეუძლია, რომლებიც რამდენიმე უპრინციპო ადამიანის ჯიბეს ასქელებს. ისინი ბუნებისა და ეკოსისტემის ხარჯზე მდიდრდებიან.“
მოხსენებაში სხვა კონკრეტული ციფრებიც დასახელდა: საზღვაო მეთევზეობა – 34% გარეული თევზებისა უკვე დაჭერილია; ტყის ჩეხა – 12% ხეებისა განადგურების პირასაა; ნადირობა: 1341 ცხოველთა სახეობას გადაშენება ემუქრება.
თუმცა მოხსენებაში რესურსების მდგრადი გამოყენების მაგალითებიც დასახელდა. The Guardian-ი გვატყობინებს, რომ ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაში ამაზონის ჯუნგლებში მობინადრე რამდენიმე ტომი ერთობლივად მუშაობს თევზ პირარუკოს პოპულაციის შენარჩუნებისთვის. სინამდვილეში მოხსენებაში აღწერილი სახეობების უმრავლესობა, რომლებსაც ადამიანი იყენებს, მდგრადია.
„ეს სულ სხვა ისტორიაა და, როგორც წესი, ის განსხვავდება იმისგან, რასაც ზოგადად გვიყვებიან ხოლმე და გაცილებით უფრო ნეგატიურია,“ – განაცხადა The Guardian-თან საუბრისას დილის როემ, ველური ბუნების დაცვისა და მდგრადი განვითარების საერთაშორისო ჯგუფის ხელმძღვანელმა.
აბორიგენი მოსახლეობა ლიდერობს გარეული სახეობების მდგრად გამოყენებასა და შენარჩუნებაში. ეს დედამიწის დაცული ტერიტორიების დაახლოებით 40% დაფიქსირებული ტენდენციაა. ამიტომაც ამ აბორიგენი ხალხების ცხოვრების წესისა და უფლებების დაცვა არააბორიგენი მეცნიერების პრიორიტეტი უნდა გახდეს.
„თუ ველური ბუნება გაქრება, ჩვენი ცივილიზაცია და ცხოვრების წესიც საფრთხეში აღმოჩნდება,“ – განაცხადა გაზეთ The New York Times-თან ინტერვიუში ვივიანა ფიგეროამ, არგენტინის აბორიგენი მოსახლეობის უფლებადამცველმა, აქტივისტმა და ადვოკატმა, რომელიც მოხსენების ავტორებსაც ესაუბრა. „წინ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს, თუმცა გარკვეული აღიარება მოვიპოვეთ.“
მოხსენების ავტორებმა BBC News-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადეს, რომ მომავალში ველურ ბუნებას ემუქრება კლიმატური კრიზისი, ზრდადი მოთხოვნა და ტექნოლოგიური პროგრესი მოსავლის აღების სფეროში. მათ რეკომენდაციებიც მოგვცეს ამ სიტუაციის გასაუმჯობესებლად: უკანონო მოპოვების აკრძალვა, აბორიგენი მოსახლეობის უფლებების დაცვა და ტყეების მართვის გაუმჯობესება.
სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი და დეა კუსიანი
წყარო : www.ecowatch.com