მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი PM2.5 ნაწილაკებისგან დაუცველია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) კვლევის მიხედვით, მსოფლიო მოსახლების ნახევარი ისეთ გარემოში ცხოვრობს, სადაც ჰაერის ხარისხი არ შეესაბამება ადეკვატურ სტანდარტს.
ჰაერის დაბინძურების ხარისხი განსხვავდება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, თუმცა საერთო ჯამში მყარი ნაწილაკებით დაბინძურებით გამოწვეულია 4.2 მილიონი სიკვდილი ყოველ წელს. ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლის შეფასებისთვის მკვლევარებმა მაკგილის უნივერსიტეტიდან გამოიკვლიეს გლობალური ჰაერის ხარისხის სტანდარტები.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ადგილებში, სადაც არსებობს დაბინძურების წინააღმდეგი ზომები, სტანდარტი არის უფრო დაბალი, ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა.
ზოგ რეგიონში სადაც დაბინძურება ძალიან მაღალია, მაგალითად, შუა აზიაში, არც კი ზომავენ PM2.5-ის კონცენტრაციას ჰაერში.
მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ყველაზე დაბალი სტანდარტებიც კი ირღვევა ზოგ ქვეყანაში, მაგალითად, ჩინეთსა და ინდოეთში. ხოლო ყველაზე მაღალი სტანდარტებიც კი დაცულია ისეთ უსაფრთხო ქვეყნებში, როგორებიცაა კანადა და ავსტრალია.
ზოგ მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანაში შეძლეს სტანდარტების დაცვა მკაცრი წესებით. ასეა, მაგალითად, იაპონიაში, ტაივანში, სინგაპურში, სალვადორში, ტრინიდად და ტობაგოსა და დომინიკელთა რესპუბლიკაში.
კვლევის მთავარი ავტორი, პარისა არია, მაკგილის უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტის პროფესორი, ამბობს: „კანადაში 5,900 ადამიანი იღუპება ჰაერის დაბინძურების გამო ყოველ წელს. ყოველ 3 წელიწადში ჰაერის დაბინძურება კანადაში კლავს იმდენ ადამიანს, რამდენიც მოკლა კორონავირუსმა დღემდე“.
ევგენი ნაზარენკო, კვლევის თანაავტორი, ამბობს : „ჩვენ მივიღეთ უპრეცედენტო ზომები კორონავირუსისგან ხალხის დასაცავად, თუმცა ყურადღებას არ ვაქცევთ მილიონობით ადამიანის სიკვდილს ჰაერის დაბინძურებისგან, რომელთა გადარჩენაც შეგვიძლია. ჩვენს კვლევებში ჩანს, რომ მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტის დასაცავად სასწრაფოდაა საჭირო ადეკვატური სტანდარტების მიღება გარემოს დაბინძურებისა და ჰაერში PM2.5-ის წინააღმდეგ. ასეთი სტანდარტების დაწესება მილიონობით სიცოცხლის შენარჩუნებაში დაგვეხმარება. მაგალითი უნდა იყოს ქვეყნები, სადაც უკვე რეგულაციები და სტანდარტები გარემოს შესაბამისადაა მიღებული. განვითარებულ ქვეყნებშიც კი უნდა ვმუშაობდეთ ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად, რათა გადავარჩინოთ ასი ათასობით სიცოცხლე ყოველწლიურად“.
სტატიაზე მუშაობდა : შაკო ღლონტი და სალომე აბუაშვილი