„ზოგადი კომენტარი 26“
-
გამოქვეყნდა „ზოგადი კომენტარი 26“ — ახალი სახელმძღვანელო გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის შესახებ, რომელშიც პირველადაა საუბარი ჰაერის ხარისხზე.
-
სახელმძღვანელოში სუბარია, რომ ბავშვების შეხედულებები გასათვალისწინებელია ეკოლოგიური გადაწყვეტილებების მიღებისას და ხაზგასმულია ეკოლოგიური განათლების კრიტიკული როლი.
-
„ბავშვთა ეკოლოგიური უფლებების აღიარებით კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ კლიმატსა და გარემოს ზიანს აყენებენ პირები, რომლებიც არღვევენ ბავშვთა უფლებებს“ — ჯოშუა ჰოფერტი.
გამოქვეყნდა „ზოგადი კომენტარი 26“ — ახალი სახელმძღვანელო გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის შესახებ, რომელშიც პირველადაა საუბარი ჰაერის ხარისხზე.
კონვენცია, რომელიც რატიფიცირებულია 196 სახელმწიფოს მიერ, შეიქმნა 1989 წელს და მოიცავს ბავშვთა საყოველთაო უფლებებს, როგორებიცაა სიცოცხლის, გადარჩენის, განვითარებისა და ჯანმრთელობის უფლება.
„ზოგადი კომენტარი“ იძლევა სამართლებრივ მითითებებს და განმარტავს აღნიშნულ უფლებებს კონკრეტულ თემასა თუ საკანონმდებლო სფეროსთან მიმართებაში. ახლახან გამოქვეყნებული „ზოგადი კომენტარი 26“ ბავშვთა უფლებებისა და გარემოს შესახებ, რომელშიც განსაკუთრებული აქცენტი კლიმატის ცვლილებაზე კეთდება, პირდაპირ საუბრობს საგანგებო კლიმატური მდგომარეობის, ბიომრავალფეროვნების კოლაფსისა და ყოვლისმომცველი დაბინძურების შესახებ; ასახავს ზომებს ბავშვების სიცოცხლისა და ცხოვრებისეული პერსპექტივების დასაცავად.
„კომენტარი“ ინიცირებულ იქნა ბავშვთა უფლებების საერთაშორისო ორგანიზაცია Terre des Hommes-ის მიერ და შემუშავდა ექსპერტ–მრჩევლებთან ერთად, მათ შორის ბავშვების საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა ქვეყნის 12 მრჩევლის ჩართულობით. ამ ინიციატივის უკან დგას ათიათასობით ბავშვი 121 ქვეყნიდან, მათ შორის ეკოლოგიური და კლიმატური კრიზისით ყველაზე მეტად დაზარალებული ბავშვები.
ბავშვების ზოგიერთი განაცხადი ციტირებულია ტექსტში:
-
„გარემო ჩვენი ცხოვრებაა”;
-
„ზრდასრულებმა უნდა შეწყვიტონ გადაწყვეტილებების მიღება იმ მომავლის შესახებ, რომელსაც ისინი ვერ მოესწრებიან. ჩვენ, ბავშვები, ვართ კლიმატის ცვლილების გადაჭრის მთავარი საშუალება, რადგან ჩვენი სიცოცხლე დგას სასწორზე“;
-
„მინდა ვკითხო ზრდასრულებს ერთი რამ, ჩვენ ვართ მომავალი თაობა, თუ თქვენ დაანგრევთ პლანეტას, ჩვენ სად ვიცხოვრებთ?!“
„ზოგად კომენტარში“ მითითებულია, რომ სახელმწიფოები პასუხისმგებელნი არიან დაიცვან ბავშვთა უფლებები არა მხოლოდ უშუალო ზიანისგან, არამედ მომავალში მათი უფლებების მოსალოდნელი დარღვევისგანაც, რაც გამოწვეული იქნება დღეს მათ მიერ ჩადენილი ქმედებებით თუ უმოქმედობით.
სახელმძღვანელოში ნათქვამია, რომ ბავშვების შეხედულებები გასათვალისწინებელია ეკოლოგიური გადაწყვეტილებების მიღებისას და ხაზგასმულია ეკოლოგიური განათლების კრიტიკული როლი ბავშვების მომზადებაში, რათა მათ შეძლონ მოქმედება, ადვოკატირება და ეკოლოგიური ზიანისგან თავის დაცვა.
გახსნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ჯოშუა ჰოფერტმა, გერმანიის terre des hommes-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, განაცხადა: „დღეს კარგი დღეა ბავშვებისთვის და ჩვენი პლანეტისთვის. ბავშვთა ეკოლოგიური უფლებების აღიარებით კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ კლიმატსა და გარემოს ზიანს აყენებენ პირები, რომლებიც არღვევენ ბავშვთა უფლებებს. სახელმწიფოებმა უნდა მოუსმინონ ბავშვებისა და ახალგაზრდების მოთხოვნებს. მათ უნდა შეწყვიტონ გადაწყვეტილებების მიღება მათ ხარჯზე და მოქცნენ შესაბამისად.“
მიკიკო ოტანმა ბავშვთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა: „მე ვიმეორებ ბავშვებისა და ახალგაზრდების დაჟინებულ მოწოდებას კლიმატური სამართლიანობისაკენ. თქვენი ხმები მნიშვნელოვანია და სერიოზულად უნდა იყოს გათვალისწინებული სახელმწიფოების მიერ.“
17 წლის ანივა (მრჩეველი ბავშთა საკითხებში წყნარი ოკეანის კუნძულებიდან) აღნიშნავს: „ჩვენი მონაწილეობა და წვლილი GC26-ის („ზოგადი კომენტარი 26“) განვითარებაში გადამწყვეტი იყო. კომიტეტმა უშუალოდ მოუსმინა ბავშვებს და გაიგო, თუ როგორ პირდაპირ ზემოქმედებს გარემოს დაზიანება და კლიმატის ცვლილება ჩვენზე. მსოფლიოს ბავშვები მოგიწოდებენ მოქმედებისკენ. ჩვენ მოვითხოვთ, რომ მთავრობებმა ახლავე დაიწყონ კლიმატის კრიზისის მოგვარება.“
ჰანა ბატრამმა აღნიშნა: „26-ე კომენტარის მეშვეობით სუფთა ჰაერის, როგორც ბავშვთა უფლების აღიარება, წინ გადადგმული ნაბიჯია. ამ ახალგაზრდების ძალისხმევამ მათ მხარდამჭერთა კოალიციასა და მსოფლიო მასშტაბით კამპანიაში ჩართულ ასობით სხვა მონაწილესთან ერთად ხელი შეუწყო ამ კრიტიკული საკითხის წამოწევას და იგი დაეხმარება დაიცვას ბავშვები იმ დამღუპველი ზემოქმედებისგან, რაც ჰაერის დაბინძურებას მოაქვს მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის.“
სტატიაზე მუშაობდა: თაკო ოზბეტელაშვილი, ნინო ალენიკოვი
წყარო: Airqualitynews.com
14 თებერვალი 2024 წელი