ვიქტორიაში აიკრძალა სამშენებლო ქვის უკონტროლო მშრალი ჭრა
- შეზღუდვა მუშებს უკრძალავს ელექტრო ინსტრუმენტების გამოყენებას, თუკი ხელსაწყოსთან ერთად არ მოიხმარენ წყლის ჭავლს ან მტვრის შემგროვებელ მოწყობილობებს და არ იყენებენ რესპირატორულ დაცვას.
- სილიკოზთან ბრძოლის დიდი გეგმა მოიცავს ვიქტორიაში მომუშავე 1400 ქვისმთლელისთვის ჯანმრთელობის უფასო სკრინინგსა და მაღალი რისკის შემცველი სამუშაო ადგილების გაუფრთხილებლად შემოწმებას.
- ვიქტორიას მთავრობა აპირებს, გააგრძელოს კამპანია სამუშაო ადგილზე სილიციუმის დიოქსიდის გამოყოფის ავსტრალიური სტანდარტის შესამცირებლად, დღიური 8 საათის განმავლობაში 0.02 მგ/მ3-მდე.
ვიქტორიამ აკრძალა სამშენებლო ქვის უკონტროლო მშრალი ჭრა, რათა დაიცვას მუშები კრისტალური სილიციუმის მტვრის ზემოქმედებისაგან. შეზღუდვა, რომელიც 2022 წლის 20 აგვისტოს შევიდა ძალაში, მუშებს უფლებას არ აძლევს, გამოიყენონ ელექტრო ინსტრუმენტები სამშენებლო ქვის მოსაჭრელად, დასაქუცმაცებლად ან აბრაზიულად გასაპრიალებლად, თუკი ხელსაწყოსთან ერთად, დამტვერიანების შესამცირებლად, არ მოიხმარენ წყლის ჭავლს ან მტვრის შემგროვებელ მოწყობილობებს და არ იყენებენ რესპირატორულ დაცვას. იმ შემთხვევებში, როდესაც წყლის ჭავლი ან მტვრის შემგროვებელი არ არის მიზანშეწონილი, უნდა გამოიყენონ გამონაბოლქვის ვენტილაცია.
შტატის მთავრობის თანახმად, ეს არის სილიკოზის წინააღმდეგ ბრძოლის უფრო დიდი გეგმის ნაწილი, რომელიც მოიცავს ვიქტორიას 1400 ქვისმთლელისთვის ჯანმრთელობის უფასო სკრინინგსა და მაღალი რისკის შემცველი სამუშაო ადგილების გაუფრთხილებლად შემოწმებას. 312 ქვისმთლელი უკვე დარეგისტრირდა ჯანმრთელობის უფასო სკრინინგზე, 232-მა დაიწყო შეფასების პროცესი და 73 დასაქმებული 98-დან, რომლებმაც პირველადი სკრინინგი გაიარეს, გადაყვანილია დამატებით სკრინინგზე. სკრინინგის შედეგად მიღებული დადებითი დიაგნოზების შემდეგ 20 ხელოსნისთვის დადასტურდა კომპენსაცია.
ქვისმთლელებად მომუშავე ადამიანები დგანან სილიციუმისგან დაუცველობის მაღალი რისკის წინაშე, მაგიდის ხელოვნური ქვის ზედაპირების მოჭრისა და გაპრიალების გამო, რადგან ქვა შეიძლება შეიცავდეს 95%-მდე კრისტალურ სილიციუმს, – გვაფრთხილებს ვიქტორიას მთავრობა. იმედოვნებენ, რომ აკრძალვა შეამცირებს მუშების სილიციუმისაგან დაუცველობას, ისევე, როგორც სილიკოზის განვითარების ალბათობას. შტატში ტარდება საგანმანათლებლო სემინარები ქვისმთლელებისა და ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებისთვის. ასევე, ოჯახის ექიმები და მედიცინის სპეციალისტები დაესწრნენ სამიტს მელბურნში, რათა განეხილათ დაავადებასთან საბრძოლველად საჭირო ქმედებები.
მთავრობა ასევე გეგმავს ახალი წესების შედგენას სამშენებლო ქვებზე მომუშავე ბიზნესებისთვის და ცნობიერების ამაღლების კამპანიას რისკების ხაზგასასმელად. ამავდროულად, მთავრობა აპირებს, გააგრძელოს კამპანია სამუშაო ადგილზე სილიციუმის დიოქსიდის გამოყოფის ავსტრალიური სტანდარტის შესამცირებლად, დღიური 8 საათის განმავლობაში 0.02 მგ/მ3-მდე.
სტატიაზე მუშაობდა : თამთა კიკვაძე და მარიამ ტატუაშვილი
წყარო : www.safetysolutions.net.au
27 აპრილი 2023 წელი
პუბლიკაცია მომზადებულია ორგანიზაციის „მწვანე პოლუსის და ჩემი ქალაქი მკლავს“ ორგანიზაციის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP). პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).
პუბლიკაციის შინაარსზე პასუხისმგებელია „მწვანე პოლუსის და ჩემი ქალაქი მკლავს“ და შესაძლოა იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, სხვა დონორებისა და კონსორციუმის პარტნიორების შეხედულებებს.