წყლის ნაკლებობა მსოფლიოში
-
მსოფლიო წყლის დეფიციტის სერიოზული პრობლემების წინაშე დგას;
-
კლიმატის ცვლილება წყლის დეფიციტის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია;
-
წყლის დეფიციტის პრევენციისთვის აუცილებელია წყლის მოხმარების სწორი მართვა;
-
წყლის სწორად მოხმარებით ყველა ქვეყანას შეუძლია წყლის დეფიციტის პრევენცია.
მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის მიხედვით, პლანეტის 25 ქვეყნის მოსახლეობის 1/4 ყოველწლიურად წყლის უკიდურეს ნაკლებობას განიცდის.
ამასთანავე მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით ოთხი ტრილიონი ადამიანი წელიწადში მინიმუმ ერთი თვე მაინც განიცდის წყლის ნაკლებობას.
წყლის დიდი რაოდენობით ნაკლებობა საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს, საკვებს, მუშაობასა და ენერგოუსაფრთხოებას, ვინაიდან წყალი აუცილებელია ისეთი ძირითადი სფეროებისთვის, როგორებიცაა მიწათმოქმედება, ელექტროენერგიის გამომუშავება და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა.
„რაც უფრო მცირეა ზღვარი მიწოდებასა და მოთხოვნას შორის, მით უფრო დაუცველია ტერიტორია წყლის დეფიციტის მიმართ. ქვეყანა, რომელიც „უკიდურესი წყლის ნაკლებობის“ წინაშე დგას, სრული მარაგების მინიმუმ 80%-ს მოიხმარს. „წყლის დიდი რაოდენობით ნაკლებობა“ მარაგების 40%-ის მოხმარებას გულისხმობს“, — წერია ანგარიშში. „წყლის ინფრასტრუქტურისა და უკეთესი მართვის სისტემაში ინვესტირების გარეშე წყლის დეფიციტი გაუარესდება, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც სწრაფად მზარდი მოსახლეობა და ეკონომიკაა“.
1960 წელთან შედარებით წყალზე მოთხოვნა მსოფლიოში გაორმაგებულია; მთელ პლანეტაზე კი მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს. წყლის გამოყენების არამდგრადი პოლიტიკა, წყლის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების ნაკლებობა და კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული მომარაგების პრობლემა გავლენას ახდენს წყლის რესურსების ხელმისაწვდომობაზე. „წყალზე პირდაპირ აისახება, თუ როგორ მოქმედებს კლიმატის ცვლილება მსოფლიოს მოსახლეობაზე“ — ამბობს ჩარლზ აისლენდი, მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის საკვების, ტყის, წყლისა და ოკეანის პროგრამის დირექტორი.
იმ ადგილებისთვის, სადაც ყოველწლიური წყლის დეფიციტია, გვალვა უკიდურესად საშიშია.
ქვეყნები, რომლებსაც მსოფლიოში ყველაზე მეტად აწუხებს წყლის ნაკლებობა არის: ქუვეითი, ყატარი, ბაჰრეინი, ლიბანი და ომანი. დეფიციტის გამომწვევი მიზეზი აგროკულტურულ, ინდუსტრიულ და შიდა მოთხოვნაზე წყლის მიწოდების ნაკლებობაა.
წყლის დეფიციტი ყველაზე მეტად ისეთ რეგიონებში ფიქსირდება, როგორებიცაა ჩრდილოეთი აფრიკა და ახლო აღმოსავლეთი. ამ რეგიონებში მოსახლეობის 83% უკიდურესი წყლის ნაკლებობით იტანჯება. სამხრეთ აზიაში კი ეს პრობლემა მოსახლეობის 74%-ს აქვს.
ანგარიშის მიხედვით, 2050 წლისთვის წყლის უკიდურესი ნაკლებობისთვის ერთი მილიარდი ადამიანი იქნება განწირული იმ შემთხვევაშიც კი, თუ კაცობრიობა 2100 წლისთვის მოახერხებს საშუალო გლობალური ტემპერატურის 1.3-დან 2.4 გრადუს ცელსიუსამდე შენარჩუნებას.
„წყალი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია პლანეტაზე და ჯერ კიდევ არ გვაქვს მისი მნიშვნელობის შესაბამისი მოხმარების გეგმა“, — ამბობს სამანტა კუზმა, ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი.
ნავარაუდებია, რომ წყალზე მოთხოვნა შუა საუკუნისთვის 20-დან 25%-მდე გაიზრდება, ხოლო წყალსაცავების რაოდენობა 19%-ით მოიმატებს.
ეს ნიშნავს, რომ 2050 წლისთვის ჩრდილოეთი აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის მთელ მოსახლეობას წყლის უკიდურესი ნაკლებობა ექნება, რაც არა მხოლოდ მომხმარებლებსა და ინდუსტრიაზე იქონიებს გავლენას, არამედ ამ რეგიონების პოლიტიკურ სტაბილურობასაც დაამჩნევს კვალს.
წყალზე მოთხოვნა სუბსაჰარულ აფრიკაში მსოფლიოში, ყველა სხვა რეგიონთან შედარებით, ყველაზე სწრაფად იზრდება; ნავარაუდებია, რომ იგი 2050 წელს 163%-ით მოიმატებს. ეს ოთხჯერ მეტია ამ სიაში მეორე ადგილზე მყოფ ლათინურ ამერიკაზე, სადაც, ვარაუდობენ, რომ წყალზე მოთხოვნა 43%-ით გაიზრდება.
ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მდიდარ ქვეყნებში წყალზე მოთხოვნა სტატიკურია და თითქმის არ იცვლება.
წყლის რესურსებით საერთაშორისო ვაჭრობის ასპარეზზე მაღალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებმა შესაძლოა ცუდი გავლენა იქონიონ შედარებით დაბალშემოსავლიან ქვეყნებზე, სადაც ისედაცაა წყლის დეფიციტი.
მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის მონაცემებით, 2050 წლისთვის 70 ტრილიარდი დოლარი — მთლიანი შიდა პროდუქტის 31% — წყლის დეფიციტს მოხმარდება. ეს დიდი ცვლილებაა 2010 წელთან შედარებით, როდესაც წყალზე გლობალური მშპ-ს 24% მოდიოდა.
მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის განმარტებით, წყლის ნაკლებობა ყოველთვის როდი იწვევს კრიზისს. ადგილებში, სადაც ბუნებრივი წყლის სიმცირეა, შესაძლოა გამოყენებულ იქნას წყლის დამზოგავი ტექნიკები, როგორებიცაა კანალიზაციის გაწმენდა და ხელახლა გადამუშავება, დეზინფექცირება და ბალახის მოცილება.
წყლის რესურსების პრობლემის მოგვარებას მშპ-ს ერთი პროცენტიც ეყოფა სათანადო ფინანსური მხარდაჭერითა და პოლიტიკური მოქმედებით, ამბობს მსოფლიო რესურსების ინსტიტუტი.
წყლის ნაკლებობის აღმოფხვრის მნიშვნელოვანი სტრატეგიებია: წყლის მენეჯმენტის გაუმჯობესება აგროკულტურულ სფეროში, ასევე წყალდიდობისა და გვალვის საპრევენციოდ ჭაობების, ტყეებისა და მანგროების აღდგენა და დაცვა, რაც ამცირებს წყლის დამუშავების ხარჯებსა და აუმჯობესებს მის ხარისხს. პოლიტიკოსებს ასევე შეუძლიათ, გამოიყენონ ქარისა და მზის ენერგიები, რათა თავიდან აიცილონ წყლის სიმცირით გამოწვეული ელექტროენერგიის მიწოდების წყვეტა.
„მთავრობებმა, საზოგადოებამ და ბიზნესებმა უნდა გადადგან სათანადო ნაბიჯები, რათა ყველა ადამიანს ჰქონდეს წყლის რესურსებით უზრუნველყოფილი მომავალი. მსოფლიომ ამჯერად ყველანაირი მიდგომა უნდა გამოიყენოს, მათ შორის სპეციფიკური მიდგომები კონკრეტულ სფეროებში“, — ამბობს მსოფლიო რესურსების ინსტიტუტი. „შესაძლოა ეს მიგნებები დამღლელი იყოს, თუმცა სწორი მიდგომებით წყლის დეფიციტის პრევენცია ყველა ქვეყანას შეუძლია“.
სტატიაზე მუშაობდა: მარიამ სიხარულიძე, ანა კვეკვესქირი
წყარო: Ecowatch.com
4 თებერვალი 2024 წელი