თოვლის საფარის მნიშვნელობა
მილიარდობით ადამიანის სასმელი წყალი სწორედ თოვლზეა დამოკიდებული. მისი, როგორც წყლის რეზერვუარის ფუნქცია ძალზედ მნიშვნელოვანია. თოვლის გარეშე, დედამიწის ზედაპირი მეტ სითბოს შთანთქავს. თოვლი ირეკლავს მზის სინათლეს და აგრილებს ატმოსფეროს. თოვლის ნაადრევი დნობა ნაადრევ დათბობას იწვევს, რაც თავისმხრივ მეტად ცხელი ზაფხულის წინაპირობაა. ცხელი ზაფხული კი ნიადაგის კიდევ უფრო გამოშრობას იწვევს.
თოვლს, მეცნიერული თვალსაზრისით, მაღალი ბუნებრივი ცვალებადობა ახასიათებს: თოვლი მხოლოდ მცირე ტემპერატურულ ფანჯარაში ყალიბდება და მისი რაოდენობა შესაძლოა წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად შეიცვალოს.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩატარებულმა დაკვირვებებმა ცხადჰყო, რომ თოვლის რაოდენობა გლობალური დათბობის პირობებში სულ უფრო იკლებს და პროგნოზების თანახმად ევროპაში მომდევნო 10-20 წლის განმავლობაში კიდევ უფრო შემცირდება.
”ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში თოვლის რაოდენობის აშკარა დაღმავალ ტენდენციას ვხედავთ”, – ამბობს დოქტორ კარი ლუოხუსი, ფინეთის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის სატელიტური სერვისების კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი. მისმა გუნდმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელიც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში თოვლის პირობებს იკვლევდა. ამ კვლევის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ევრაზიაში თოვლის რაოდენობა მეტ-ნაკლებად იგივე დარჩა, მნიშვნელოვნად იკლო თოვლის საფარის ზომამ, განსაკუთრებით გვიან გაზაფხულზე. ეს ნიშნავს, რომ თოვლი უმეტესად უფრო ადრე დნება, ვიდრე წარსულში.
გამომდინარე იქიდან, რომ მტკნარი წყალი მილიარდობით ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს, აუცილებელი ხდება მთის ფერდობებზე თოვლის რაოდენობის ზუსტი კონტროლი, რათა უზრუნველყოფილ იქნას წყალით მომარაგება და მოსალოდნელი წყალდიდობების შესახებ მოსახლეობის დროული გაფრთხილება.
სტატიაზე მუშაობდა : მეგი წერეთელი და ანა კუხაშვილი
წყარო : https://de.euronews.com/2021/01/04/schnee-monitoring-im-angesicht-des-klimawandels