ევროკავშირის სასამართლომ დაამტკიცა, რომ დიდი ბრიტანეთი ჰაერის დაბინძურების რეგულაციებს არღვევდა
ევროსაბჭოს სასამართლომ დაამტკიცა, რომ დიდი ბრიტანეთი 2010 წლიდან მოყოლებული, ევროკომისიის გაფრთხილებების მიუხედავად, აჭარბებდა აზოტის დიოქსიდის გამოყოფის დასაშვებ ნორმას.
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეხმიანება იმ დარღვევებსაც, რომლებიც განხილვის საგანი იყო მას შემდეგ, რაც კომპანია ClientEarth-მა ინგლისის მთავრობას 2011 წელს უჩივლა.
თუ დიდი ბრიტანეთი მოკლე ვადაში არ გამოასწორებს ვითარებას, ევროკომისიას შეეძლება ოფიციალური წერილის გამოცემა, რომელიც მთავრობას სიტუაციის გასაუმჯობესებელი ზომების მიღებას მოსთხოვს.
მთვრობის მხრიდან რეაგირების არარსებობის შემთხვევაში კი ევროკომისიას მეორედ შეეძლება ამ საკითხის სასამართლოს წინაშე წარდგენა და შესაბამისი ფულადი ანაზღაურების მიღება, თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, ექნება თუ არა სასამართლოს ამის უფლება იქიდან გამომდინარე, რომ დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა.
მთავრობის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი ქვეყნის მიერ ევროკავშირის დატოვებამდე შევიდა. გარემოსდაცვითი ოფისი იქნება ახალი ინსტიტუტი, რომელსაც შეეძლება სახელმწიფოსგან პასუხის მოთხოვნა ეკოლოგიისადმი მიყენებული ზიანისათვის, თუმცა ამისთვის შესაბამისი კანონიერი ბერკეტები ჯერჯერობით არ არსებობს.
ქეითი ნილდი, ClientEarth-ის იურისტი, ამბობს: ,,არავისთვისაა საიდუმლო, რომ წლების განმავლობაში სხვადასხვა პოლიტიკოსით დაკომპლექტებული ინგლისის მთავრობა ჯანმრთელობისთვის საშიში აზოტის დიოქსიდით წამლავდა გაარემოს.
გადაწყვეტილების მიღება ევროპის სასამართლოს შეუძლია, თუმცა „ბრექსიტის“ არსებობის პირობებშიც ირღვევა არა ევროპის, არამედ ინგლისის გარემოსდაცვითი კანონები, რომელთა დამორჩილებაც მთავრობას მაინც მოუწევს.
პოლიტიკოსები ზედმეტად დიდი ხნის განმავლობაში არიდებდნენ თავს ჰაერის დაბინძურებით გამოწვეულ კრიზისულ ვითარებას. კვლევები აჩვენებს, რომ სუფთა ჰაერის ზონები, რომელთა მიზანიც ქალაქის ყველაზე დაბინძურებულ ზონებში გარემოსთვის ყველაზე საზიანო ავტოტრასპორტის გადაადგილების აკრძალვაა, პრობლემის გადაჭრის საუკეთესო ხერხია.
დიდი ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ „ბრექსიტი“ კონტროლის დაბრუნებისა და მსოფლიოში საუკეთესო გარემოსდაცვითი პროგრამის შესამუშავების საშუალებაა. ახლაა შესაძლებლობა არა მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შესაბამისი სტანდარტების დაწესების, არამედ მათი შესრულებისა და დაცვის კონტროლისაც. თუმცა ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული, ექნება თუ არა გარემოსდაცვით ოფისს ამ პროცესების აღსრულებისათვის საჭირო კანონით მინიჭებული ძალა.
ახლა ყველაფერი დიდი ბრიტანეთის მთავრობაზეა დამოკიდებული, რომელმაც უნდა ითანამშრომლოს ადგილობრივ ლიდერებთან, რათა შემუშავდეს გეგმა კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად და ხელი შეეწყოს საზოგადოებაში მდგრადი ტრანსპორტის განვითარებას. სანამ მთავრობა აყოვნებს დამაბინძურებელი ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვას, ადამიანთა სიცოცხლეს მოწამლული ჰაერი უქმნის საფრთხეს“.
სტატიაზე მუშაობდა : ნინი თოიძე