სუფთა ჰაერის საერთაშორისო დღისთვის დაანონსებული ტრენინგი
-
ჯანდაცვის სფეროს პროფესიული სასწავლებლების კურიკულიმების უმრავლესობაში ჯანმრთელობაზე ჰაერის დაბინძურების მავნე გავლენას საკმარისი ყურადღება არ ეთმობა.
-
სტუდენტ მედიკოსთან საერთაშორისო ასოციაციის ანგარიშის თანახმად, ჰაერის დაბინძურება, როგორც რისკის ფაქტორი, სამედიცინო სასწავლებლების მხოლოდ 11%-შია მოხსენიებული.
-
არსებული სამედიცინო სასწავლო პროგრამები საკმარის ყურადღებას არ აქცევს მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს.
-
წელს, სუფთა ჰაერის საერთაშორისო დღეს, პროგრამა „ლურჯი ცისთვის“ ჯანმოს მეთაურობით მედმუშაკებისთვის პირველ საერთაშორისო ონლაინკურსს აანონსებს ჰაერის დაბინძურების მავნე შედეგების შესახებ.
-
მედმუშაკები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სუფთა ჰაერისთვის ბრძოლაში.
მედმუშაკების ინოვაციური ტრენინგი
მსოფლიო მასშტაბით 30-ზე მეტი ექსპერტის ეპოქალური თანამშრომლობის წყალობით, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ჯანმო) „ჰაერის დაბინძურების და ჯანმრთელობის“ პირველი კურსი (APHT) შეიმუშავა. ეს პროგრამა უშუალოდ მედმუშაკებისთვისაა შექმნილი და 2023 წლის ბოლოსთვის დაიწყება. სასწავლო კურსი მოიცავს ონლაიმოდულებს ინსტრუქციებით, რომლებიც დამოუკიდებელი სწავლის პრინციპებზე დაყრდნობით შემუშავდა ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე პროფესიონალების კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ტრენინგის დაწყებამდე მნიშვნელოვანი სამუშაო ტარდება მედმუშაკების მომავალი გამოწვევებისთვის მოსამზადებლად: სუფთა ჰაერის საერთაშორისო დღეს პროექტი „ლურჯი ცისთვის“ ფარგლებში გამოქვეყნდა მარტივი და მომხმარებელზე მორგებული ონლაინპროგრამა OpenWHO. ეს სტრატეგიული ნაბიჯი ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარებას და ყველასათვის უფრო ჯანსაღი გარემოს შექმნას ემსახურება.
ჰაერის დაბინძურება და მედმუშაკების როლი
ჰაერის დაბინძურება ჯანდაცვის მნიშვნელოვანი გლობალური პრობლემაა, რომელსაც მძიმე შედეგები მოჰყვება, როგორც ცალკეული ადამიანების ასევე მთელი ერების კეთილდღეობასა და ჯანდაცვისთვის. ჯანმოს გამოთვლით, ჰაერის დაბინძურებას ყოველწლიურად 7 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ეწირება, გულის იშემიური დაავადებით, ინსულტით, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებითა და კიბოთი, მწვავე რესპირატორული ინფექციებით, როგორიცაა პნევმონია. უდიდესი მსხვერპლია საშუალო და ღარიბი ქვეყნების მაცხოვრებელ ბავშვებში.
ჰაერის დაბინძურება ასევე საფრთხეს უქმნის მსოფლიო ეკონომიკას, რადგან მკურნალობაზე უზარმაზარი თანხები იხარჯება — მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 6,1% (8 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტს, 2019 წლისთვის).
საერთაშორისო ორგანიზაციებმა აღიარეს, რომ სუფთა ჰაერისთვის ბრძოლაში მედმუშაკებს მნიშვნელოვანი როლი ეთმობათ. მიუხედავად ამისა, კრიტიკული დანაკლისი არსებობს, უამრავი სამედიცინო სასწავლებლის პროგრამაში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული მძიმე დაავადებები ყურადღების მიღმაა დატოვებული. ჯანმო ამ პრობლემის გადალახვისთვის მედიკოსების კვალიფიკაციის ასამაღლებლად ტრენინგებს ქმნის, რათა ყოველ ჩვენგანს, განსაკუთრებით კი საზოგადოების მოწყვლად ჯგუფებს, უკეთესი და ჯანსაღი მომავალი ჰქონდეთ.
სასწავლო კურსი „ჰაერის დაბინძურება და ჯანმრთელობა (APHT)
APHT შემუშავებულია, როგორც კლინიკებში, ასევე ჯანდაცვის სფეროებში მოღვაწე მედმუშაკებისთვის, რათა ნათელი წარმოდგენა შეექმნათ, თუ რა რისკებს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას ჰაერის დაბინძურება. ეს სასწავლო კურსი ამზადებს მედმუშაკებს შესაბამისი არგუმენტების გამოსაყენებლად ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სუფთა ჰაერის პროგრამების პროპაგანდისთვის სამოქალაქო სამართლის სუბიექტებთან და სახელმწიფო მოხელეებთან დიალოგისას. ტრენინგის მეთოდის გამოყენებით APHT საშუალებას იძლევა როგორც ონლაინ, ისე ადგილზე დასწრების რეჟიმში სემინარების ორგანიზებისთვის.
ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებები სერიოზულ პრობლემებს უქმნის ჯანდაცვის სფეროს. ამიტომაც ეს სექტორი განსაკუთრებით დაინტერესებულია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებით. ჯანმოს მიერ მიწოდებულ მექანიზმებს, როგორიცაა ეს სასწავლო პროგრამა, შეუძლია ადგილობრივი მედმუშაკების შემზადება პოლიტიკური რეფორმებისთვის. ასევე მედიკოსები უკეთ შეძლებენ ადამიანებისთვის რჩევების მიცემას, თუ როგორ დაიცვან თავი დაბინძურებისგან.
სასწავლო პროგრამის პირველი ნაწილია ონლაინკურსი OpenWHO. მისი გავლის შემდეგ მედმუშაკებს ჰაერის დაბინძურების რისკები ნათლად ექნებათ გააზრებული და უკეთ შეძლებენ პაციენტებისთვის ამ ინფორმაციის მიწოდებას. ეს კურსი 4-მოდულიანია: ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება, შენობის შიდა ჰაერის დაბინძურება, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებები და მედმუშაკების სამოქმედო გეგმები.
უფასო ონლაინ კურსის მთავარი აუდიტორიაა მსოფლიო მასშტაბით ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე პროფესიონალები: ექიმები, მედდები, მეანები, ჯანდაცვის ორგანიზაციების თანამშრომლები, სტუდენტმედიკოსები და ჯანდაცვის მომავალი სპეციალისტები, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტები, ჯანდაცვის სამინისტროებში შემავალი მოხელეები და პოლიტიკოსები.
2023 წლის სუფთა ჰაერის საერთაშორისო დღე, პროგრამა „ლურჯი ცისთვის“
ამ ინოვაციური სასწავლო კურსის გამოშვება დაემთხვა პროგრამა „ლურჯი ცისთვის“ ფარგლებში გამართულ სუფთა ჰაერის საერთაშორისო დღეს. ამ ღონისძიების მიზანია საზოგადოებრივი თვითშეგნების ამაღლება. ამ წლის თემა „ერთად სუფთა ჰაერისთვის“ ეხმიანება ჯანმოს მიზანს ადამიანების ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის შესახებ.
ეს კურსი ჯანმოს დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილია პროგრამა „სუფთა ჰაერი და სასიცოცხლო ენერგია: არგუმენტები და პრობლემების გადაჭრის გზები.“ ამ ღონისძიებების მეშვეობით მოხდება თანამედროვე მეცნიერების, სახელმწიფოებისა და ჯანდაცვის ორგანიზაციების ხელთ არსებული რესურსების სრული მიმოხილვა. ასევე კურსზე წარადგენენ დაბინძურებული ჰაერის ჯანმრთელობაზე მავნე გავლენების შემცირების გზებს, ჯანდაცვის სფეროს პრობლემების გადაჭრის ვარიანტებს, განიხილება ეკონომიკისა და ეკოლოგიის სფეროების პრობლემები.
ტრენინგს დაესწრებიან ლიდერები, პოლიტიკოსები, ექსპერტები, საზოგადო მოღვაწეები და ნოვატორები. მსგავსი ღონისძიება უდავოდ შეუწყობს ხელს ინოვაციური გადაწყვეტილებების მიღებასა და ახალი იდეების შემუშავებას, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას. ყოველივე ეს დაგვეხმარება უკეთესი მომავლისა და სუფთა ჰაერის უზრუნველყოფაში.
სტატიაზე მუშაობდა: გიორგი ქარქუზაშვილი
წყარო: Who.int
6 იანვარი 2024 წელი