კანონი გარემოს აღდგენის შესახებ
-
ევროპის უმაღლესი სამმართველო ორგანო ცოტა ხანში დაამტკიცებს გარემოს აღდგენის შესახებ ახალ კანონს;
-
მას მრავალი წინაღობა შეხვდა, მაგრამ საბოლოოდ „მწვანე ხაზმა“ გამარჯვება იზეიმა;
-
კანონი ითვალისწინებს 2030 წლისთვის ევროპის ბუნების 40%-ის აღდგენას.
20 ივნისს ევროკავშირის ეკოლოგიის მინისტრებმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს და ევროპის ეკოსისტემის აღდგენის შესახებ კანონი ევროპარლამენტის კენჭისყრაზე გაიტანეს.
ევროპის ბუნება სავალალო მდგომარეობაშია: დაცული ტერიტორიების 81%-ზე მეტი არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია. სიტუაციის გამოსასწორებლად მიიღეს ახალი კანონი, რომლის შესაბამისადაც 2030 წლისთვის უნდა აღადგინონ ევროპის ველური ბუნების სახმელეთო და საზღვაო ნაწილის 20-20%.
„დღეს გარემოსთვის კარგი დღეა“ — აღნიშნა შვედეთის გარემოს დაცვის მინისტრმა რომინა პურმუხტარიმ, რომელიც შეხვედრის თავმჯდომარე იყო.
„ვიმედოვნებ, რომ ახალი კანონი მოგვცემს ბიომრავალფეროვნების გაჯანსაღების საშუალებას, ეფექტური იქნება კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში და დაგვეხმარება ქანმინ-მონრეალის შეთანხმების შესრულებაში“ — დაამატა პურმუხტარიმ.
„მიღწეული შეთანხმება მოწმობს, რომ ევროკავშირი არ დაიშურებს ძალისხმევას ბიომრავალფეროვნების აღსადგენად და შეასრულებს საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს“ — განაცხადა ევროკავშირის გარემოს დაცვის კომისარმა ვირგინიუს სინკევიჩმა.
„გარემოს აღდგენის შესახებ კანონი არა მხოლოდ გამოხმაურებაა აქტუალური დღის წესრიგისა, არამედ მრავალწლიანი ინვესტიციაცაა, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი გარემოს გაუმჯობესებაში. გარემოს აღდგენა თავის დაზღვევის საუკეთესო ვარიანტია, რათა უზრუნველვყოთ საკვების შეუფერხებელი მიწოდება კლიმატური კრიზისის პირობებში“— დასძინა სინკევიჩმა.
აღსადგენი ობიექტები
კანონში გაწერილია კონკრეტულ ტერიტორიებზე მდებარე ობიექტების აღდგენის ვალდებულებები. მათ რიცხვშია სასოფლო-სამეურნეო მიწები, ტყეები, ზღვები, ტბები, მდინარეები და ქალაქების ეკოსისტემები.
2030 წლისთვის ევროკავშირის წევრმა ქვეყანებმა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგან განადგურების პირას მისული ტერიტორიების მინიმუმ 30%-ის აღსადგენად. იგულისხმება საფრთხეში მყოფი ტერიტორიების საერთო რაოდენობის 30% და არა თითოეულ ქვეყანაში მდებარე აღსადგენი ტერიტორიების 30%, რასაც თავიდან სთავაზობდა ევროკომისია.
2040 წლისთვის აღსადგენი ტერიტორიების წილი 60%-ამდე, ხოლო 2050 წლისთვის 90%-ამდე გაიზრდება.
შეთანხმების მიღწევის შემდეგ პურმუხტარიმ განაცხადა, რომ კომპრომისები აუცილებელი იყო. „მრავალი ქვეყნის წარმომადგენელმა დაგვანახა, რომ ამბიციური გეგმები აქვთ გარემოს დაცვის კუთხით, თუმცა ჩვენთვის მთავარია კანონის აღსრულება“ — თქვა მან.
მართალია, ზოგიერთმა ეკოორგანიზაციამ კანონი გააკრიტიკა, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, რომ ევროპის ქვეყნებმა საერთოდ მოახერხეს შეთანხმება. კანონს უამრავი მოწინააღმდეგე ჰყავდა.
„მართალია კომისიის წევრებმა საბოლოო კანონის ზოგიერთი პუნქტი შეარბილეს, მასში მაინც შეიტანეს ევროპის ეკოსისტემის აღდგენის იურიდიული დასაბუთება“— განაცხადა ნიკოლა ფურნიემ.
ძლიერი მოწოდება ევროპარლამენტისთვის
ქვეყნების უმრავლესობამ კანონს მხარი დაუჭირა, თუმცა უარი განაცხადეს ბელგიამ, შვედეთმა, ფინეთმა, პოლონეთმა, ჰოლანდიამ და იტალიამ. პოზიტიური შეფასების მიუხედავად კანონს ვერც ავსტრიამ დაუჭირა მხარი ადგილობრივ თვითმმართველობაში არსებული წინაღობების გამო.
კანონის მიღება რამდენიმე წარუმატებლობის შემდეგ მოხდა. ის ჯერ ევროპარლამენტის ორ კომიტეტში დაიწუნეს, შემდეგ მის წინააღმდეგ მემარჯვენე პარტიამ (The centre-right European People’s Party EPP) წამოიწყო კამპანია.
ევროპის საბჭოს გარემოს დაცვის თავმჯდომარე პასკალ კანფინი მიიჩნევს, რომ ეკოლოგიის მინისტრებისგან მოწოდებული კანონის პოზიტიური შეფასება EPP-ს მიერ წამოწყებულ კამპანიას შეასუსტებს.
„ეს „მწვანე კურსის“ გამარჯვება და ბ.-ნ ვებერის მარცხია“ — დაწერა კანფინმა ტვიტერში, როდესაც EPP-ში შემავალი შვიდი მინისტრიდან ოთხმა კანონს მხარი დაუჭირა.
მოქნილობა და დაფინანსების დაპირებები
კანონპროექტის პირველადი ვერსია ეწინააღმდეგებოდა ისეთ სფეროებს, როგორებიცაა საკვები პროდუქტების წარმოება, ენერგიის განახლებადი წყაროები და საცხოვრებელი ფართის მშენებლობა.
შვედეთის წარმომადგენლებმა შეძლეს ამ წინაღობების გაბათილება. საბოლოო ტექსტში შევიდა განმარტებები ენერგიის განახლებადი წყაროების შესახებ, რამაც დაამშვიდა ისეთი ქვეყანა, როგორიცაა ლიეტვუა, რომლის პრიორიტეტი სამხედრო ინფრასტრუქტურაა.
კანონში აგრეთვე ნათქვამია, რომ ბუნებრივი გარემოს აღდგენისას ევროკავშირი გაითვალისწინებს მისი წევრი ქვეყნების მრავალფეროვანი: ეკონომიკურად, სოციალურად და კულტურულად განსხვავებული რეგიონების თავისებურებებსა და მოსახლეობის სიმჭიდროვეს.
კანონში აგრეთვე შევიდა სპეციალური რემარკები კონკრეტულ ეკოსისტემებზე. მაგალითად, მასში გათვალისწინებულია მოქნილობა გამოშრობილი ტორფნარების აღდგენის კუთხით, რაკი ასეთ მიწებს ხშირად სოფლის მეურნეობაში იყენებენ.
საბოლოო ტექსტში ასევე აღიარეს დაფინანსების სირთულეებიც, მაგრამ ეს რთული საკითხია ისეთი კონსერვატიული ქვეყნების პოზიციის გათვალისწინებით, როგორებიცაა დანია და ფინეთი. მათ მიაჩნიათ, რომ გარემოს აღდგენის შესახებ კანონი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ დებატები ევროკავშირის მომდევნო შვიდი წლის ბიუჯეტზე ამ თემასთან არც კი უნდა ახსენონ.
27 ივნისს ევროპარლამენტში ხმა უნდა მისცენ კანონპროექტის საბოლოო ვერსიას, ხოლო ივლისში საბოლოოს დამტკიცდება, როდესაც ევროპარლამენტი სრული შემადგენლობით შეიკრიბება. მას შემდეგ, რაც პარლამენტი შეთანხმებას მიაღწევს, კანონი გადავა „ტრიალოგის“ საბოლოო საფეხურზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკომისიას შორის.
სტატიაზე მუშაობდა: ლილიან მეტრეველი, გიგი ჭითანავა
წყარო: Euractiv.com
28 დეკემბერი 2023 წელი