სილიკოზის დაავადების პროგნოზის „დიდი საშიშროება“
- ნავარაუდევია, რომ 10 000-ზე მეტი ავსტრალიელი ხელოვნური ქვის დამუშავებისას გამოყოფილი მტვრისგან გამოწვეული ფილტვის კიბოთი დაავადდება. ამასთან დაკავშირებით უახლესი კვლევა კურტინის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა.
- მკვლევრები და ავსტრალიის ჯანდაცვის სამინისტრო რეკომენდაციებს გასცემენ ქვის მშრალად დამუშავების წესის აკრძალვის თაობაზე.
- აუცილებელია პრევენციული ზომების მიღება – ქვის სავალდებულო სველი დამუშავება, ინსტრუმენტების გამოყენებამდე მათი მტვრისგან გაწმენდა, რომელიც კომბინირებული იქნება მაღალი ხარისხის რესპირატორული დამცავის მუდმივ გამოყენებასთან.
უახლესი პროგნოზის მიხედვით, დაახლოებით 10.000 ავსტრალიელს განუვითარდება ფილტვის კიბო, რომელიც პირდაპირ კავშირშია კვარცის მტვერთან. რა შეიძლება მოვიმოქმედოთ ამ რიცხვის შესამცირებლად?
ავსტრალიაში სილიკოზისა და მასთან დაკავშირებული ფილტვის კიბოს ნამდვილი ეპიდემიაა და ნავარაუდევია, რომ ეს მანამ გაგრძელდება, სანამ არ შესრულდება საკვანძო რეკომენდაციები და ჯანდაცვის პროფილაქტიკური ზომები.
დღესდღეობით, დაახლოებით 584 050 ავსტრალიელი მუშა ჩაისუნთქავს სილიციუმის დიოქსიდს (RCS), ამ ნივთიერების კრისტალების შემცველი მასალის, მაგ. ქვის ლოდების, ბეტონისა და აგურების, ჭრის, ხეხვისა და გახვრეტის პროცესში. ამ დროს მათ ფილტვებში RCS მტვრის ნაწილაკები ილექება.
პროგნოზის მიხედვით, ამ მტვრის ზემოქმედების შედეგად, 10.000 ავსტრალიელზე მეტი ფილტვების კიბოთი დაავადდება. ეს შეესაბამება ფილტვის კიბოს პროგნოზირებული შემთხვევების 1.02%-ს.
დაავადებულთა უმრავლესობა მამაკაცები იქნებიან – 10 040, ხოლო ქალების შემთხვევაში ეს რიცხვი 350 იქნება. მეცნიერთა შეფასებით, მუშაობის პროცესში მავნე მტვრის ზეგავლენას 554 375 მამაკაცი და 39 675 ქალი განიცდის.
ეს რიცხვები აღებულია კურტინის უნივერსიტეტის გამოქვეყნებული ანგარიშიდან, რომელშიც ასახულია RCS-ის ზემოქმედების აქტუალური ვითარების შედეგები და მომავლის პროგნოზები.
ავსტრალიის სტატისტიკის სამმართველოსა და ავსტრალიის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა გააანალიზეს სოციოლოგიური და სამეცნიერო კვლევების უახლესი მონაცემები. ამან კვლევის ავტორებს საშუალება მისცა, გაეკეთებინათ პროგნოზი სილიკოზისა და ფილტვის კიბოსი, რომლებსაც პროფესიული საქმიანობის შესრულებისას RCS-ის მტვრის ზემოქმედება იწვევს. მეცნიერებმა ასევე გაანალიზეს ის პროფილაქტიკური ზომები, რომლებიც მუშების დასაცავად არსებობს.
დოქტორი კერი ჰენკოკი, RACGP-ის თავმჯდომარე რესპირატორული მედიცინის სპეციფიკური ინტერესების დარგში, გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით დიდ შეშფოთებას გამოხატავს.
„მუშები, რომლებიც ხელოვნურ ქვებს ამუშავებენ, RCS-ის მტვრის განსაკუთრებით ძლიერ ზემოქმედებას განიცდიან და ძალიან შემაშფოთებელია მისი სავალალო შედეგები ამ ადამიანების ჯანმრთელობაზე,“ – განაცხადა მან NewsGP-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
„ამ დაავადებების პრევენცია შესაძლებელია, თუ მკაცრ და პროფესიონალურ კონტროლს დავაწესებთ, რითაც მავნე მტვრის ზემოქმედების რისკებს შევამცირებთ.
რატომ უნდა გვინდოდეს, რომ ჩვენი მუშები საკუთარი პროფესიული მოვალეობების შესრულებისას ესოდენ მავნებელი ნივთიერების ზემოქმედებას განიცდიდნენ? ეს ხომ მათ ჯანმრთელობას სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს – იწვევს ფილტვის კიბოსა და სხვა დაავადებებს“.
RCS-ის მტვრის შესუნთქვისას მისი ნაწილაკები ფილტვის ქსოვილში ილექება, რაც ანთებით პროცესებსა და ნაიარევების აჩენს. RCS-ს ზემოქმედება დაკავშირებულია სხვადასხვა დაავადებებთან, მათ შორის ფილტვის კიბოსა და აუტოიმუნური დაავადებებთან, თუმცა მათ შორის ყველაზე გავრცელებული დაავადება სილიკოზია.
ოდესღაც ითვლებოდა, რომ სილიკოზი „მაღაროელთა ისტორიული დაავადებაა“, თუმცა 1992 წლის კვლევის მიხედვით, მომდევნო 40 წლის განმავლობაში ავსტრალიაში სილიკოზის შემთხვევების რაოდენობამ 1010 უნდა შეადგინოს.
კურტინის უნივერსიტეტის მკვლევრები აცხადებენ, რომ ზემოხსენებული პროგნოზის გამოქვეყნებისას ხელოვნური ქვა ჯერ კიდევ არ არსებობდა. ამიტომაც, „ავსტრალიის მასშტაბით, პრაქტიკულად შეუძლებელია სილიკოზის ზუსტი პროგნოზის გაკეთება“.
„იმის გათვალისწინებით, თუ რა ფართოდ იყენებენ სილიციუმის შემცველ მასალას, RCS-ის ზემოქმედება შეიძლება მრეწველობის უამრავ დარგს შეეხოს,“ – ნათქვამია ანგარიშში.
დაავადების განმეორებითი შემთხვევების გამოვლინებამ სახელმწიფოს ზომების მიღება აიძულა. მათ შორის იყო მოსახლეობისთვის მკურნალობის დაფინანსება, ექსპერტების რეკომენდაციები კვარცის მშრალად დამუშავების აკრძალვის თაობაზე და „მტვრის დაავადებების ეროვნული კომისიის“ სხვადასხვა რეკომენდაციები, რომლებიც პროფესიული ჯგუფებისთვის იყო განკუთვნილი და დაავადებების პრევენციას ემსახურებოდა.
2019 წელს დაარსებული ეროვნული კომისია შემდეგ მიდგომას იყენებს: მტვრის ზემოქმედებით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკა, მათი ადრეულ სტადიაზე გამოვლინება, მკურნალობა და კონტროლი მთელი ავსტრალიის მასშტაბით. იმავე წელს მიიღეს ფილტვის დაავადებებთან ბრძოლის სტრატეგიული გეგმა.
კომისიამ დამოუკიდებელი დაკვირვება 2021 წელს დაასრულა და ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიში წარუდგინა. მასში 7 რეკომენდაციაა, რომლებიც დოქტორ ჰენკოკის თქმით, რიგ ნორმატიულ და არანორმატიულ ქმედებებს უჭერს მხარს. „ისინი (რეკომენდაციები) მიმართულია მუშების ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში“.
„კომისიის ყურადღების ცენტრში იყო სწრაფად განვითარებადი სილიკოზი და ხელოვნური ქვა, თუმცა კომისიის წევრები აღიარებდნენ, რომ დაავადებასთან ბრძოლისთვის უფრო ფართომასშტაბიანი ზომების მიღებაა საჭირო,“ – აღნიშნავს დოქტორი ჰენკოკი.
ამის საპასუხოდ, მიმდინარე წლის თებერვალში, ავსტრალიის ხელისუფლებამ ექიმებისთვის განკუთვნილი ეროვნული სახელმძღვანელო გამოუშვა, რომელშიც შევიდა პრაქტიკული რჩევები RCS-ის ზემოქმედებისგან დაავადებული პაციენტების შეფასებისა და მათი მდგომარეობის საბოლოო განსაზღვრის შესახებ (ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ არაა დადასტურებული RACGP-ის მიერ და „მეხუთე კლინიკური რესურსის“ სახელითაა ცნობილი).
დოქტორი ჰენკოკი ამბობს, რომ ეროვნულ სახელმძღვანელოში დასახელებულია კონკრეტული რესპირატორული დაავადებები, რომლებიც ხელოვნურ ქვასთან მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს. ეს დაეხმარება თერაპევტებს, რადგან ისინი უნდა ელოდონ უფრო მეტ პაციენტს, რომლებიც არიან სილიკოზის რისკის ქვეშ ან დასმული აქვთ ამ დაავადების დიაგნოზი.
„ეს სახელმძღვანელო ოჯახის ექიმებისთვისა და თერაპევტებისთვის შემუშავდა და მიმართულია მათი დახმარებისთვის, გამოავლინონ სილიკოზის შემთხვევები და სწორად შეაფასონ იმ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვინც ამ დაავადების რისკ-ჯგუფშია და RCS-ის ზეგავლენას განიცდის,“ – თქვა მან.
„სილიკოზის უახლესი „აღორძინება“ დაკავშირებულია ხელოვნური ქვის პოპულარობასთან, რის შედეგადაც გაიზარდა მოთხოვნა მისი ჭრის, თლისა და ხვრეტის მეთოდებით დამუშავებაზე.
ჩვენი რეკომენდაციები კონსენსუსზეა დაფუძნებული და გამოქვეყნების მომენტისათვის არსებულ, საუკეთესო ხელმისაწვდომ მონაცემებს ეყრდნობა – ლიტერატურა მუდმივი განვითარების პროცესშია და, ამიტომაც, სახელმძღვანელოს გამოქვეყნებისას გარკვეულწილად დროში შეზღუდულები ვიყავით ახალი კვლევის ჩატარებასა და დასკვნების გამოტანაში“.
კურტინის უნივერსიტეტი ავტრალიის მთავრობას აფრთხილებს, რომ სილიკოზის შემთხვევები 83 090-დან 103 860-მდე გაიზრდება, თუ RCS-ის ზემოქმედება იგივენაირი დარჩება, როგორიც ახლაა. უნივერსიტეტი ემხრობა ქვის მშრალი დამუშავების აკრძალვას და მოითხოვს ასევე სხვა პრევენციული ზომების მიღებას ჯანმრთელობის რისკების შესამცირებლად.
ამაში შედის ქვის სავალდებულო სველი დამუშავება, ინსტრუმენტების გამოყენებამდე მათი მტვრისგან გაწმენდა, რომელიც კომბინირებული იქნება მაღალი ხარისხის რესპირატორული დამცავის მუდმივ გამოყენებასთან.
დოქტორი ჰენკოკი ეთანხმება, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს პროფილაქტიკური ღონისძიებები ჯანდაცვის სტანდარტად უნდა იქცეს.
„ვიზიარებ იმ აზრს, რომ ქვის მშრალი ჭრის აკრძალვა ყველაზე დიდ რისკ-ფაქტორს მოხსნის და ძალზე ქმედითი იქნება.“ – ამბობს ის.
„თუ ამას არ ვიზამთ, აუცილებელი იქნება სხვა ადმინისტრაციული და საინჟინრო კონტროლის საშუალებების დანერგვა, როგორც ზემოთაა აღნიშნული.
ოჯახის ექიმები უზარმაზარ როლს თამაშობენ იმ პაციენტების გამოვლენაში, რომლებიც წარსულში ან ახლაც RCS-ის ზემოქმედებას განიცდიდნენ და განიცდიან, ხელოვნურ ქვასთან მუშაობის გამო.
რადგანაც დაავადების განვითარებასა და პირველი სიმპტომების გამოჩენას წლები სჭირდება, მრავალი მუშა ახლაც და მომავალშიც საფრთხეშია. თერაპევტებმა ასეთი პაციენტები სასწრაფოდ უნდა გადაამისამართონ ხოლმე შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებთან, რათა მოხდეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი, მათი ფილტვების ფუნქციონირების ვიზუალიზაცია და ჩაუტარდეთ აკრედიტაციის სტანდარტების შესაბამისი ტესტები“.
კურტინის უნივერსიტეტის მკვლევრები ამბობენ, რომ მათი ანგარიშის გამოყენება შესაძლებელია ფილტვების დაავადებების ყველაზე ეფექტიანი მკურნალობისა და პრევენციის მეთოდების სადემონსტრაციოდ, რაც „მომავალში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას მოგვცემს“.
დოქტორი ჰენკოკი მოუწოდებს ოჯახის ექიმებს, არსებული რესურსების საშუალებით მეტი გაიგონ ფილტვების კიბოს სიმპტომების შესახებ, რათა პაციენტებს შესაბამისი ანალიზები და გამოკვლევები დროულად დაუნიშნონ.
„შემაშფოთებელია ფილტვის კიბოს მაღალი მაჩვენებლები იმ მუშებში, რომლებიც RCS-ს ზემოქმედებას განიცდიან,“ – ამბობს იგი.
„სიტუაციის შეცვლა შეგვეძლება, თუკი ფილტვის ყველანაირ კიბოს უფრო ადრეულ სტადიაზე გამოვავლენთ, ვიდრე ახლა ხდება.
ქრონიკული რესპირატორული დაავადებები არ უნდა უგულვებელვყოთ. კარგი პრაქტიკის ნაწილია პროფესიული ანამნეზისთვის სრული მონაცემების შეგროვება, რომელიც მოიცავს შეკითხვას პაციენტის მიერ შესუნთქული მტვრის – მაგალითად, კვარცის შესახებ“.
ავტრალიის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გარდა, RACGP ოჯახის ექიმებს ონლაინ კურსებს უტარებს სილიკოზის დიაგნოსტირებისა და ადრეულ სტადიაზე გამოვლენის მეთოდებზე. ასევე, ორგანიზაცია რეკომენდაციას აძლევს ოჯახის ექიმებს, გაეცნონ „ფილტვის კიბოს სიმპტომების კვლევას“ (Cancer Australia’s Investigating symptoms of lung cancer) და აქტიურად გამოიყენონ იმ სიმპტომური პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისას, ვისზეც ეჭვი აქვთ, რომ შეიძლება ფილტვების კიბო ჰქონდეთ. ეს ხელს შეუწყობს ამ დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკას და გაამარტივებს მკურნალობას.
სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი და მეგი რუსია
წყარო : www1.racgp.org.au
25 ნოემბერი 2022 წელი.
პუბლიკაცია მომზადებულია ორგანიზაციის „მწვანე პოლუსის და ჩემი ქალაქი მკლავს“ ორგანიზაციის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP). პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).
პუბლიკაციის შინაარსზე პასუხისმგებელია „მწვანე პოლუსის და ჩემი ქალაქი მკლავს“ და შესაძლოა იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, სხვა დონორებისა და კონსორციუმის პარტნიორების შეხედულებებს.