შოტლანდიის მთავრობამ ჰაერის ხარისხის შესახებ გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა
-
2022 წელს შოტლანდიაში ჰაერის ხარისხის პრობლემებთან დაკავშირებით მოსახლეობა გამოკითხეს.
-
გამოკითხვაში 16 წელს გადაცილებული 1 520 მოქალაქე მონაწილეობდა.
-
შედეგები ფრიად საინტერესო იყო, რადგან კითხვები ეხებოდა ჰაერის დაბინძურების შესახებ ინფორმირებულობას, ცალკეული მოქალაქისა თუ ორგანიზაციის როლს ამ პრობლემის მოგვარებაში.
2022 წლის სექტემბერში შოტლანდიაში ჩატარდა გამოკითხვა, რომელშიც 16 წელს გადაცილებულმა 1 520-მა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. გამოკითხვა ჰაერის ხარისხთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს ეხებოდა: ჰაერის დაბინძურების შესახებ ინფორმირებულობას, შედეგების ცოდნას, ამით გამოწვეულ შეშფოთებას, ცალკეული პირებისა და ორგანიზაციების როლის აღქმას ამ პრობლემასთან ბრძოლაში, დამოკიდებულებას ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და მცირე გამონაბოლქვის ავტომობილებისადმი.
შოტლანდიის მაცხოვრებლების 68%-ს გაცნობიერებული აქვს, ჯანმრთელობის რამდენად მძიმე პრობლემებს იწვევს ჰაერის დაბინძურება. თუმცა უფრო მეტს ესმის მწეველთა რისკები (89%), ალკოჰოლითა (88%) და წონის მომატებით (86%) გამოწვეული მავნე შედეგები.
ჰაერის დაბინძურების მთავარ გამომწვევ მიზეზებს შორის შოტლანდიელების 56%-მა ავტოტრანსპორტი დაასახელა, 14%-მა – ენერგიის გამომუშავება, 13%-მა – მრეწველობა, ხოლო ხე-ტყისა და ნახშირის წვა – 2%-მა.
რესპოდენტებს წარუდგინეს პრობლემების სია და სთხოვეს მათი რანჟირება სიმწვავის მიხედვით. აღმოჩნდა, რომ საზოგადოებას ყველაზე მეტად პლასტმასით დაბინძურება აწუხებს, რომელსაც შემდეგ ოკეანის დაბინძურება მოჰყვება. რანჟირების მიხედვით, ჰაერის დაბინძურება რიგით მე-7 ადგილზეა.
ჰაერის დაბინძურება უფრო მეტად ახალგაზრდა შოტლანდიელებს ადარდებთ: 16-24 წლის რესპოდენტების 52%-მა განაცხადა, რომ ამ პრობლემით შეშფოთებულნი არიან. შედარებისთვის, 65 წელზე მეტი ასაკის გამოკითხულებში ეს პრობლემა მხოლოდ 31%-ს აწუხებს. ქალაქის მაცხოვრებლები ამ პრობლემას უფრო მწვავედ მიიჩნევენ (54%), ვიდრე სოფლის მაცხოვრებლები (20%).
რაც შეეხება საზოგადოების ჩართულობას ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლაში, გამოკითხულთა 33% თვლის, რომ პოზიტიური ძვრების მისაღწევად ყოველდღიურ ცხოვრებას ვერ შეცვლის.
კითხვაზე, თუ ვინ უნდა ზრუნავდეს შოტლანდიაში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე, რესპოდენტებმა შემდეგი პასუხები გასცეს: 60% – შოტლანდიის მთავრობა, 47% – დიდი ბრიტანეთის მთავრობა, 46% – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, მხოლოდ 17% თვლის, რომ ამ პრობლემის მოგვარება თითოეული მოქალაქის საქმეა.
ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად გამოკითხულთა 32% ველოსიპედით ან ფეხით ივლიდა, მაგრამ რეალურად ამას მხოლოდ 15% აკეთებს.
კითხვაზე, თუ რა არის მთავარი დაბრკოლება სხვადასხვა პოზიტიური ცვლილებისთვის, 59%-მა ეკოლოგიურად უფრო სუფთა ტრანსპორტის სიძვირე დაასახელა, 49%-ისთვის ველოსიპედითა და ფეხით სიარული უბრალოდ მოუხერხებელია, 44% კი მიეჩვია პირადი ავტომობილით სიარულს და „ამ ჩვევისგან გათავისუფლება უჭირს“.
რაც შეეხება ავტომობილს, რესპოდენტების 33%-ს არასდროს უფიქრია უფრო მცირე გამონაბოლქვის მქონე ავტომობილის შეძენაზე, 23% ამაზე ფიქრობდა, თუმცა მსგავსი ავტომობილი არ შეუძენია, 66%-მა ასეთი ავტომობილის შეძენა ფასის გამო ვერ მოახერხა, 11%-ს ელექტრომობილის დამტენი ეძვირა, 10%-მა კი განაცხადა, რომ შორ მანძილზე გადაადგილებაში ელექტრომობილი არ გამოადგება.
სტატიაზე მუშაობდა: ლილიან მეტრეველი, ანუკი კვეკვესქირი
წყარო: Airqualitynews.com
14 იანვარი 2024 წელი