საცობები, დაბინძურება, საგზაო ავარიები – შეუძლია თუ არა ტექნოლოგიას ურბანული ტრანსპორტის პრობლემების მოგვარება?
- ბიზნესის ჩვეული ტენდენციები მიანიშნებს, რომ 2050 წლისთვის შეიძლება ვიხილოთ დამატებით 1 მილიარდი ავტომობილი, რომელთა უმეტესობაც გადატვირთავს ინდოეთის, ჩინეთისა და აფრიკის ქალაქების ისედაც ხალხმრავალ ქუჩებს.
- მსხვილმა ავტომწარმოებლებმა და პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიებმა განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში სრულად ავტომატიზებულ მანქანებს გამოუშვებენ.
- პრაქტიკული თვალსაზრისით, უმძღოლო მობილობაზე გადასვლა რთული იქნება და ავტომატიზაციის სარგებელი მიიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მძღოლების უმრავლესობა ავტომატიზებულ მანქანებზე გადაჯდება. ამის განსახორციელებლად საჭიროა სწორი პოლიტიკის ჩარჩოსა და ინფრასტრუქტურის შემუშავება. ეს ყველაფერი კი შერწყმული უნდა იყოს მიწათსარგებლობის შერეულ პოლიტიკასთან, რომელიც ადამიანებს, სამუშაო ადგილებსა და სერვისებს ერთმანეთთან აახლოებს.
გახდება თუ არა ტექნოლოგია ურბანული მობილობის მხსნელი?
ურბანიზაციამ და მზარდმა შემოსავლებმა სწრაფი მოტორიზაცია გამოიწვია მთელს აზიაში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქებში ამჟამად გლობალური მოსახლეობის 50% ცხოვრობს, ეს პროპორცია 2050 წლისთვის, სავარაუდოდ, 70%-მდე გაიზრდება. ამავდროულად, ბიზნესის ჩვეული ტენდენციები მიანიშნებს, რომ 2050 წლისთვის შეიძლება ვიხილოთ დამატებით 1 მილიარდი ავტომობილი, რომელთა უმეტესობაც უნდა ჩაეჭედოს ინდოეთის, ჩინეთისა და აფრიკის ქალაქების ისედაც ხალხმრავალ ქუჩებში.
თუ რაიმე გზა არ მოიძებნა, ეს მანქანები ქალაქებს ფაქტობრივად დახრჩობას უქადის, ისინი თან მოიტანს მრავალ უარყოფითი შედეგს, რაც ურბანიზაციის უპირატესობებს სერიოზულ ზიანს მიაყენებს – მუდმივი გადატვირთულობისგან გამოწვეულ პროდუქტიულობის შემცირებას, ადგილობრივ დაბინძურებასა და ნახშირბადის მზარდ გამონაბოლქვს, საგზაო ავარიებსა და დასახიჩრებებს, მზარდ უთანასწორობასა და სოციალურ განხეთქილებას.
როგორია ეს მეგატენდენციები და როგორ შეცვლის ის ურბანული მობილობის მომავალს?
გასული საუკუნის განმავლობაში, ჩვენი სატრანსპორტო სისტემების ეფექტურობასა და ინფრასტრუქტურაში მხოლოდ მცირე ცვლილებები დავინახეთ. თუმცა ეს ნელ-ნელა იცვლება. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, კავშირის, მონაცემთა შეგროვებისა და ანალიტიკის მიღწევები აძლიერებს ტექნოლოგიურ რევოლუციას, რომელიც მკვეთრად შეცვლის ტრანსპორტის სექტორის სახეს. როგორც ვხედავთ, ამ ცვლილებას სამი ფაქტორი განაპირობებს:
გაზიარების პლატფორმები: ონლაინ პლატფორმები აადვილებს მიწოდებისა და მოთხოვნის შესაბამისობას, რაც იწვევს გაზიარების მზარდი ეკონომიკის განვითარებას;
ელექტრო ტექნოლოგია: ბატარეების ინოვაცია, სწრაფი დამუხტვის შესაძლებლობები და ელექტრო ტექნოლოგია ელექტრომობილებს უახლოეს მომავალში სიცოცხლისუნარიან ალტერნატივად აქცევს;
ავტომატიზაცია: დღეს ახალი მანქანების უმეტესობას აქვს უსაფრთხოებისთვის კრიტიკული კონტროლის ფუნქცია – როგორიცაა საჭე, დროსელი (ადგილი, სადაც იფრქვევა საწვავი) და მუხრუჭები – უკვე ავტომატიზებულია. მსხვილმა ავტომწარმოებლებმა და პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიებმა განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში სრულად ავტომატიზებულ მანქანებს გამოუშვებენ. ერთ-ერთი პროგნოზის თანახმად, 2050 წლისთვის ზოგიერთ ბაზარზე ავტომატური მანქანები სავალდებულო გახდება.
შესაბამისი კოორდინაციით, ეს ფაქტორები შეიძლება დაგვეხმაროს მაღალეფექტური, უსაფრთხო და მდგრადი მობილობის განვითარებაში.
ავტომატიზაციის ერთ-ერთი მთავარი პოტენციური უპირატესობა არის უსაფრთხო მართვა. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის დიზაინის ძირითადი ნაწილი დღეს უსაფრთხოების იმპერატივებით არის ნაკარნახევი, უსაფრთხო ავტონომიურ სისტემას შეუძლია დაუშვას განსხვავებული და მნიშვნელოვნად მსუბუქი მანქანები. უფრო დაბალი წონა, თავის მხრივ, ელექტროძრავას მეტად სიცოცხლისუნარიანს გახდის, ბატარეებზე მოთხოვნილი ძალისხმევის შემცირებით. ამასთანავე, ადვილად ხელმისაწვდომი, ავტომატიზებული მანქანების ფლოტმა მგზავრობა, შესაძლოა, უფრო მიმზიდველად აქციოს და პოტენციურად შეამციროს ავტომფლობელობის რაოდენობა. როდესაც მგზავრობის გაზიარება გახშირდება, ეჭვგარეშე იქნება ავტომგზავრობებისა და ავტომანქანით გავლილი მანძილის შემცირება. უმთავრეს დერეფნებზე დამიზნებულმა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა და ურბანული დაგეგმარების პოლიტიკამ, რომლებიც ხელს უწყობს მიწის შერეულ გამოყენებას – ამ ცვლილებებმა შეიძლება მოგვცეს კომპაქტური, მდგრადი, ჯანსაღი და საცხოვრებლად ვარგისი ქალაქები.
თუმცა ციფრული ინოვაცია ავტომატურად არ იძლევა გარანტიას, რომ მობილობის მომავალი მართლაც უფრო მდგრადი იქნება. თუ სწორად ვერ გავიაზრებთ, ამ შეფერხებებმა შეიძლება კვლავ გააძლიეროს ურბანული ტრანსპორტის არსებული პრობლემები. მაგალითად, ელექტრო მანქანების განთავსებამ შეიძლება შეამციროს მოტორიზაციის მართვის აუცილებლობა და გამოიწვიოს ნაკლებად გადატვირთული ქალაქები. უმძღოლო მანქანებზე გადასვლასაც თავისი გამოწვევები აქვს, რადგანაც გაურკვეველია, თუ როგორ იმუშავებს ეს ავტომობილები შერეულ გარემოში. სეირნობისას, ფეხით მოსიარულეები და ცუდი უნარების მძღოლები მანქანების გაჩერებას იწვევენ; ექსპერტების ვარაუდით, ამ გზაზე ფლოტის უმეტესი ნაწილი ავტონომიური უნდა იყოს. პოლიტიკის წახალისების გარეშე, ცალკეულ მომხმარებლებს შეიძლება არ ჰქონდეთ ადეკვატური სტიმული, გახდნენ ავტონომიური მანქანების გამოყენების პიონერები, თუკი სხვა მანქანების უმეტესობა ხელით დაჰყავთ.
გვჯერა, რომ სწორი ფასებისა და პოლიტიკის წახალისების შემუშავება არსებითი იქნება ტექნოლოგიური ინოვაციების მიერ რეალური სარგებლის მოტანაში.
ნახშირბადის გადასახადმა შეიძლება ხელი შეუწყოს ნულოვანი/დაბალი ნახშირბადის ტექნოლოგიებს, ხოლო გადატვირთულობის გადასახადი არსებითი იქნება იმისათვის, რომ არ დადგეს ნულოვანი მგზავრის მანქანების მოძრაობის კოშმარული სცენარი, რა დროსაც მთელი დღის განმავლობაში შეუჩერებლად ივლის, რათა თავიდან აიცილოს პარკირების გადასახადები.
სპეციალურმა ინფრასტრუქტურამ, სპეციალურმა ზოლებმა ან ზონებმა, რომელიც შთაგონებულია დღევანდელი დაბალი ემისიის ზონებითა და მაღალი დატვირთვის ზოლებით, შეიძლება ხელი შეუწყოს მცირე ავტონომიურ “სამგზავრო მანქანებზე” გადასვლას, იდეალურ ვარიანტში – მგზავრობის გაზიარების რეჟიმით.
განსაკუთრებით რთული კითხვა იქნება, თუ როგორ უნდა მოგვარდეს თანაბარი ხელმისაწვდომობის საკითხები ყველაზე ეკონომიური გზით იმ გარემოში, სადაც ტექნოლოგია სწრაფად ვითარდება. ერთ-ერთი პრინციპი შეიძლება იყოს სუბსიდიების პირდაპირ მომხმარებლებზე მიმართვა და არა კონკრეტულ სახეობაზე, როგორიცაა ავტობუსები.
პრაქტიკული თვალსაზრისით, უმძღოლო მობილობაზე გადასვლა რთული იქნება და ავტომატიზაციის სარგებელი მიიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მძღოლების უმრავლესობა ავტომატიზებულ მანქანებზე გადაჯდება. ამის განსახორციელებლად საჭიროა სწორი პოლიტიკის ჩარჩოსა და ინფრასტრუქტურის შემუშავება. ეს ყველაფერი კი შერწყმული უნდა იყოს მიწათსარგებლობის შერეულ პოლიტიკასთან, რომელიც ადამიანებს, სამუშაო ადგილებსა და სერვისებს ერთმანეთთან აახლოებს.
ტექნოლოგიებზე ორიენტირებული მობილობის შეფერხების შესაძლებლობები საკმაოდ საინტერესოა. რა თქმა უნდა, ინოვაცია შეიძლება დამაშინებელი იყოს და ხშირად თან ახლდეს გამოწვევების საკმაოდ დიდ ნაწილს. ტრანსპორტის შემთხვევაში, ახალი ტექნოლოგიების უპირატესობების გამოყენება მოითხოვს ცვლილებების წინასწარ განჭვრეტისა და ადაპტაციის მკვეთრ უნარს. თუმცა პოტენციური სარგებელი ძალისხმევას იმსახურებს: თუკი ამ საკითხში გამჭრიახები ვიქნებით, ჩვენს წინაშე შესაძლოა იყოს უპრეცედენტო შესაძლებლობა, უკეთესობისაკენ შევცვალოთ ურბანული მობილობა და ვაშენოთ კომპაქტური, ადვილად მისადგომი, ჯანსაღი და საცხოვრებლად ვარგისი ქალაქები.
სტატიაზე მუშაობდა : ალექსანდრე ფიფია და თამარ კიკვაძე
წყარო : blogs.worldbank.org
30 მაისი 2023 წელი.