ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
ევროპარლამენტსა და წევრ ქვეყნებს შორის მიღწეულია დროებითი შეთანხმება, რომელიც ადგენს სავალდებულო ეროვნულ მიზნებს ევროკავშირის მასშტაბით ელექტრომობილებისა და წყალბადის დასამუხტი სადგურების განაწილების მიმართულებით. ასევე მიღწეულია შეთანხმება იმის უზრუნველსაყოფად, რომ დამუხტვისა და გადახდის პროცესები მაქსიმალურად მარტივი იყოს.
ასევე დადგინდა, რომ დასამუხტი ინფრასტრუქტურა უნდა გაიზარდოს იმავე ტემპით, რა ტემპითაც გაიზრდება მანქანების მოხმარება. ამის მისაღწევად, წევრ სახელმწიფოებში თითოეულ რეგისტრირებულ ბატარეაზე მომუშავე ავტომობილზე უნდა იყოს უზრუნველყოფილი დასამუხტი ინფრასტრუქტურა 1.3 კვტ სიმძლავრის დამტენით. გარდა ამისა, 2025 წლიდან ტრანსევროპული სატრანსპორტო (TEN-T) ქსელის გასწვრივ ყოველ 60 კილომეტრში უნდა დამონტაჟდეს არანაკლებ 150 კვტ სიმძლავრის სწრაფდამტენი სადგურები.
დიდი ტვირთმზიდი სატრანსპორტო საშუალებებისთვის 350 კვტ მინიმალური სიმძლავრის დასამუხტი სადგურები განლაგდება ყოველ 60 კმ-ში TEN-T-ის ძირითადი ქსელის გასწვრივ, ხოლო 2025 წლიდან – ყოველ 100 კმ-ში TEN-T-ის უფრო დიდ, კომპლექსურ ქსელზე. ქსელის სრულად დაფარვა 2030 წლისთვის მიიღწევა. დასამუხტი სადგურები უნდა დამონტაჟდეს უსაფრთხო და დაცულ საპარკინგე ადგილებზე ღამის განმავლობაში დატენვისთვის.
2030 წლიდან წყალბადის საწვავის სადგურები როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო მანქანებისთვის უნდა განთავსდეს ყველა ურბანულ კვანძსა და ყოველ 200 კილომეტრში TEN-T-ის ძირითადი ქსელის გასწვრივ.
გამონაკლისს დაექვემდებარება ყველაზე შორეული რეგიონები, კუნძულები და გზები, სადაც ძალზე მცირე რაოდენობის ტრანსპორტი მოძრაობს.
საზღვაო პორტები, რომლებიც იღებენ მინიმუმ 50 მსხვილ სამგზავრო გემს ან 100 საკონტეინერო გემს, ვალდებულები იქნებიან, 2030 წლისთვის უზრუნველყონ გემები სანაპირო ელექტროენერგიით. აეროპორტებმა 2025 წლისთვის ელექტროენერგიით უნდა უზრუნველყონ ყველა გასასვლელთან გაჩერებული თვითმფრინავები, ხოლო 2030 წლისთვის – მოშორებით გაჩერებული ყველა თვითმფრინავი.
დამუხტვის ან საწვავის შევსების პუნქტებში გადახდა უნდა იყოს მარტივი და მოსახერხებელი და ღირებულება უნდა იყოს ნაჩვენები:კვტ/სთ-ის, წუთი/სეანსის, ან კგ-ის მიხედვით. იგი უნდა იყოს „გონივრული, თანაზომადი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული“.
„ევროპის მწვანე გარიგების“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ფრანს ტიმერმანსმა, განაცხადა: „ნულოვანი გამონაბოლქვის მობილობაზე გადასასვლელად საჭიროა მისი სწორი ინფრასტრუქტურით მხარდაჭერა, რომელიც საჭირო დროს, საჭირო ადგილას იქნება ხელმისაწვდომი. იქნება ეს ელექტრო, თუ სხვა სახის ავტომობილი, ჩვენი სურვილია, ყველა მძღოლი დარწმუნებული იყოს იმაში, რომ ევროპის კონტინენტზე გადაადგილება თავდაჯერებულად შეუძლია. ამ შეთანხმებით ჩვენ უზრუნველვყოფთ, როგორც მსუბუქი, ისე მძიმე ტვირთმზიდი მანქანებისათვის საკმარისი და მოსახერხებელი არჩევანის არსებობას. “
სტატიაზე მუშაობდა : თაკო ოზბეტელაშვილი და გიგი ჭითანავა
წყარო : airqualitynews.com
17 აპრილი 2023 წელი