ვიზიტი ჭიათურაში

14 ივნისს ჩვენი მოძრაობის წევრები და ჩვენი პარტნიორი ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის, არნიკას, წარმომადგენლები ჭიათურას ვესტუმრეთ. ამჟამად ჭიათურაში მაღაროელთა პროტესტი მიმდინარეობს. ისინი შრომითი პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების მატებას ითხოვენ. ვიზიტის ფარგლებში შევხვდით გაფიცულ მაღაროელებს და გამოვუცხადეთ ჩვენი სრული მხარდაჭერა.
ჭიათურაში ვიზიტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი იყო მუნიციპალიტეტში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობისა და ჰაერის დაბინძურების პირველადი შეფასების გაკეთება. როგორც იცით, 2023 წლის იანვრიდან „ჩემი ქალაქი მკლავს“ და „მწვანე პოლუსის“ გუნდმა დაიწყო საქართველოში პირველი სამოქალაქო მონიტორინგის ქსელის შექმნა ჰაერის ხარისხის მიმართულებით. წლის ბოლომდე იგეგმება საქართველოს მასშტაბით 30 აპარატის დაყენება, რომლებიც PM1.0; PM2.5 და PM10 მტვრის მყარ ნაწილაკებს გაზომავს. სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან ერთ-ერთი სწორედ ჭიათურაა. მეტი ინფორმირებულობისთვის გვქონდა შეხვედრა ადგილობრივ ეკო აქტივისტებთან ორგანიზაციებიდან „მომავლის ჭიათურა“ და „ჭიათურის ეკოლოგიური კლუბი“. მოვინახულეთ ჭიათურაში არსებული მანგანუმის ღია და დახურული საბადოები, რომლებიც ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროს წარმოადგენს, შედეგად დავგეგმეთ ჭიათურაში მუშაობისა და ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის განვითარების სტრატეგია, უშუალოდ აპარატების დაყენება მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში დაიწყება.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნინო თოიძე