“მწვანე პოლუსის” და “არნიკას” საერთო პროექტი დაიწყო
2023 წლის იანვრიდან ჩვენმა გუნდმა, ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „არნიკას“ და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „TRANSITION” პროგრამის მხარდაჭერით, დაიწყო საქართველოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის პირველი სამოქალაქო ქსელის შექმნაზე მუშაობა. დღესდღეობით საქართველოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სამთავრობო ქსელი არსებობს, რომელიც ფარავს საქართველოს 4 მუნიციპალიტეტს და ჯამში შედგება მხოლოდ 7 აპარატისგან. პროექტის ფარგლებში, ვგეგმავთ, დავიწყოთ სამოქალაქო ქსელის ჩამოყალიბება შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ჭიათურა, კასპი, ონი. პირველ ეტაპზე დავიწყებთ საბაზისო დამაბინძურებლების მონიტორინგს, მათ შორის PM2.5 – მტვრის მყარი ნაწილაკები, ადამიანის ორგანიზმისა და რესპირატორული სისტემისთვის ერთ-ერთი ყველაზე საზიანო ნაწილაკი. პროექტის მიზანია, ხელი შევუწყოთ ჰაერის ხარისხის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, მონიტორინგის ქსელით მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე აღვრიცხოთ საქართველოს დაბინძურებული მუნიციპალიტეტები და დასახლებები, რაც საშუალებას მოგვცემს, განვსაზღვროთ სხვადასხვა რეგიონში მუშაობის პრიორიტეტები. წლის ბოლომდე იგეგმება ჰაერის საზომი 30 აპარატის დაყენება, ეს რიცხვი კი, დროთა განმავლობაში, გაიზრდება, რათა საქართველოს ყველა დიდი ქალაქი მოვიცვათ.