პროექტი AirGE: ჰაერის ხარისხის სამოქალაქო მონიტორინგი საქართველოში

თბილისი/პრაღა – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, თბილისი ევროპის ყველაზე დაბინძურებული ჰაერის მქონე ქალაქების სამეულშია. საქართველოში დაბინძურებული ჰაერით ყოველწლიურად თითქმის ოთხი ათასი ადამიანი იღუპება (1). დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა „არნიკამ“ (ჩეხეთი) და „მწვანე პოლუსმა“ (საქართველო) (2) წარმოადგინეს AirGE-ის ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის პირველი სადგური (3). წლის ბოლომდე იგეგმება 30 აპარატის წარმოება და საქართველოს მასშტაბით განთავსება. გარემოსდაცვითი აქტივისტები ამბობენ, რომ პრობლემის საფუძვლიანი ცოდნა მისი გადაჭრის პირველი ნაბიჯია.

AirGE არის როგორც უშუალოდ სადგურის, ასევე ჰაერის დაბინძურების სამოქალაქო მონიტორინგის ქსელის სახელი. სადგურები მზადდება არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე პოლუსის“ მოხალისეების მიერ თბილისში. საქართველოს ნებისმიერ მაცხოვრებელს შეუძლია, მოითხოვოს სადგურის დამონტაჟება საკუთარ სახლსა თუ ბინაში. ქსელში ჩართული მოხალისეები უნდა დარწმუნდნენ, რომ სადგური დაკავშირებულია ელექტროენერგიასა და უკაბელო ინტერნეტთან (ვაიფაისთან) უწყვეტ რეჟიმში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ყოველწლიურად 3741 ადამიანი იღუპება ჰაერის დაბინძურების გამო და აქ დაბინძურების დონე სამჯერ აღემატება უსაფრთხო მაჩვენებლებს.

„თბილისს აკლია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართული სისტემა, კერძო მანქანების ტექნიკური მდგომარეობა კი სავალალოა. დაბინძურების მაღალ დონეს ამძაფრებს სამშენებლო სამუშაოებით გამოწვეული მტვერი. ჩვენ პრაქტიკულად არაფერი ვიცით საქართველოს სხვა ქალაქებში არსებული მდგომარეობის შესახებ. ჰაერის მონიტორინგის სამთავრობო ქსელი მხოლოდ შვიდი სადგურიდან იღებს მონაცემებს, რაც სრულიად არაადეკვატური რაოდენობაა“, – განმარტავს სამოქალაქო მოძრაობის „ჩემი ქალაქი მკლავს“ და ორგანიზაცია „მწვანე პოლუსის“ დამფუძნებელი გიორგი ჯაფარიძე. „მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სამოქალაქო მონიტორინგი ხელს უწყობს უფრო სრულფასოვანი სტატისტიკური ინფორმაციის არსებობას. ახლა საქართველოსაც ექნება საკუთარი ქსელი“.

პროექტში ასევე ჩართულია ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია არნიკა. ჩეხეთი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს ჰაერის დაბინძურება. 1980-იან წლებში ყოფილ ჩეხოსლოვაკიაში ჰაერი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული იყო. „მიუხედავად იმისა, რომ დაბინძურება ჩეხეთში დღესაც მაღალია, ის მნიშვნელოვნად შემცირდა ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში“, – ამბობს მარტინ სკალსკი, არნიკას თავმჯდომარე. „დეტალურ გარემოსდაცვითი მონაცემებზე ხელმისაწვდომობა აუცილებელი პირველი ნაბიჯია. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია, დავიწყოთ მოქმედება. მიგვაჩნია, რომ მოსახლეობის მონიტორინგში ჩართვა შექმნის პირობებს მათი მონაწილეობისთვის ამ პრობლემის მოგვარებაში“, – განაცხადა მან.

აპარატების წარმოების ფოტომასალა, შეგიძლიათ, იხილოთ აქ

დღესდღეობით საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის ხარისხის შვიდი ავტომატური სადგურია, ჩეხეთში კი – ორასი. ორივე ქვეყნის ტერიტორიის ფართობი იდენტურია. „1989 წელს, კომუნისტური რეჟიმის დასრულების შემდეგ, ჩვენ დავიწყეთ ნულიდან. მანამდე ეკოლოგიური ინფორმაცია საიდუმლოდ ინახებოდა“, – ამბობს ბლანკა კრეიჩი, ჩეხეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის ჰაერის მონიტორინგის განყოფილების ხელმძღვანელი (4) ინდუსტრიულ ქალაქ ოსტრავაში. ბლანკა დღეს, როგორც ექსპერტი, მონაწილეობდა მრგვალი მაგიდის შეხვედრაში, რომლის ფარგლებშიც გაიმართა პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია თბილისში. „მნიშვნელოვანია პოლიტიკური მხარდაჭერა, სტაბილური დაფინანსება და სწორი სტრატეგია. ჰაერის მონიტორინგი გრძელვადიანი პროექტია; თუ ის თავიდანვე სწორად არ არის დაყენებული, ჩვენ უბრალოდ დავხარჯავთ ფულს უმიზნოდ”(5).

ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს „TRANSITION” პროგრამა ფინანსურად უჭერს მხარს „არნიკასა“ და „მწვანე პოლუსს“ შორის თანამშრომლობას. ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა მათ ერთობლივ საქმიანობას პოზიტიურად აფასებს, განსაკუთრებით საქართველოს დღევანდელი განვითარების კონტექსტში: „მე ვხედავ სამოქალაქო მონიტორინგს, როგორც ჰაერის ხარისხის ინსტიტუციონალიზებული სახელმწიფო მონიტორინგის შესაფერის დანამატს. აღნიშნული საკითხი არის ევროკავშირის საქართველოსთან თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში. ამ მხრივ, ჩეხეთს შეუძლია, შესთავაზოს საქართველოს თავისი გამოცდილება თბილისსა და სხვა ქალაქებში ჰაერის ხარისხის სახელმწიფო და სამოქალაქო მონიტორინგის წარმატებით განხორციელების კუთხით. მჯერა, რომ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება საქართველოში ჰაერის ხარისხის არსებითად გაუმჯობესება. იმედია, ამ პროცესში იქნება ჩეხეთის რესპუბლიკის წვლილიც“.

შენიშვნები:

(1) გარემოს დაცვის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ჰაერის დაბინძურებაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გამოაქვეყნა მონაცემები 108 ქვეყნის 4300 ქალაქში დაბინძურების შესახებ. კვლევამ აჩვენა, რომ პრაქტიკულად ყველა ევროპული მეტროპოლისი განიცდის მტვრის მყარი ნაწილაკების (PM) დაბინძურებას. ანკარაში (თურქეთი), სკოპიესა (ჩრდილოეთ მაკედონია) და თბილისში (საქართველო) ვითარება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ყველაზე კრიტიკული იყო. ამავე ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ყოველწლიურად 3 741 ადამიანი იღუპება დაბინძურებული ჰაერის გამო – აქ დაბინძურების დონე სამჯერ აღემატება WHO-ს მიერ დადგენილ უსაფრთხო მაჩვენებლებს. მეტი წაიკითხეთ აქ. WHO-ს სრული მონაცემთა ბაზა 2022 წლისთვის, შეგიძლიათ, ნახოთ აქ.

(2) არნიკა (Arnika) არის ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ადამიანებს 2001 წლიდან, რათა იბრძოლონ უკეთესი გარემოსთვის. მისი მისიაა, დაიცვას ბუნება და ჯანსაღი გარემოს მომავალი. პრიორიტეტებია ნარჩენებისა და სახიფათო ნივთიერებების მოხმარების შემცირება, მდინარეებისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, მოქალაქეების გარემოსდაცვითი უფლებების სადარაჯოზე ყოფნა.

მწვანე პოლუსი არის საქართველოში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია. იგი მიზნად ისახავს, საქართველოს ქალაქებში ჰაერის მძიმე დაბინძურების საკითხისა და ამ მდგომარეობის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას.

(3) AirGE არის როგორც უშუალოდ სადგურის, ასევე ჰაერის დაბინძურების სამოქალაქო მონიტორინგის ქსელის სახელი. კამპანია ეყრდნობა არნიკას მხარდაჭერით მსგავსი ქსელების ჩამოყალიბების გამოცდილებას უკრაინასა და ბელარუსში. ვრცლად პროექტის შესახებ იხილეთ აქ.

(4) ჩეხეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტი, მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ.

(5) ბლანკა კრეიჩის პრეზენტაცია, ჩეხეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტი (ოსტრავა), ხელმისაწვდომია აქ.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნინო თოიძე

26 ივნისი 2023 წელი