მოქალაქეების ბრძოლა სუფთა ჰაერისთვის: საქართველოს ჰაერის ხარისხის სამოქალაქო მონიტორინგის ქსელში უკვე 100 აპარატია
თბილისი/პრაღა – ჰაერის ხარისხის სამოქალაქო მონიტორინგის ქსელში უკვე 11 ქალაქი და 100 აპარატია ჩართული, მიმდინარე მწვავე პოლიტიკური პროცესების მიუხედავად. მონიტორინგის სისტემა, რომელსაც კავკასიაში ანალოგი არ აქვს, წარმოადგენს დაბალი დაფარვის მქონე სამთავრობო სისტემის ალტერნატივას, აპარატებით მიღებულ ინფორმაციაზე წვდომა და გარემოს მდგომარეობის შეფასება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. მონიტორინგის სისტემა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანე პოლუსის“ მიერ არის შექმნილი ჩეხურ არასამთავრობო ორგანიზაცია „არნიკასთან“ თანამშრომლობით. ჰაერის დაბინძურება ყოველწლიურად ნაადრევი სიკვდილიანობის ათასობით შემთხვევას იწვევს მხოლოდ დედაქალაქში, ამასთანავე პრობლემა მასშტაბურ ეკონომიკურ დანაკარგებთანაცაა დაკავშირებული.
ჰაერის ხარისხის საზომი აპარატები ზომავს მტვრის მყარი ნაწილაკების (PM) კონცენტრაციას. ეს ნაწილაკები ტოქსიკურ ნივთიერებას წარმოადგენს, რომელიც მარტივად შეიწოვება ადამიანის ფილტვებსა და სისხლის მიმოქცევის სისტემაში. PM ნაწილაკების ორგანიზმში დაგროვება იწვევს ისეთი დაავადებების განვითარებას, როგორებიცაა ასთმა, ქრონიკულ-ობსტრუქციული ბრონქიტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. აპარატები ასევე ზომავს არასტაბილური ორგანული ნაერთების (VOC) კონცენტრაციას. შეგროვებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მწვანე პოლუსის საიტზე.
„ასი აპარატის დაყენება აღსანიშნავი ნიშნულია, მაგრამ მთავარი მიღწევა მოქალაქეებისთვის ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაციის მიღების ინსტრუმენტის შექმნაა. მათ არა მხოლოდ მონაცემებზე დაკვირვება, არამედ ზოგადი ტენდენციების შეფასებაც შეუძლიათ, რაც საბოლოო ჯამში პრობლემის გადაწყვეტისკენ მიგვიყვანს. სწორედ ესაა მთავარი იდეა სამოქალაქო მონიტორინგის ქსელის შექმნის დღიდან“, – ამბობს გიორგი ჯაფარიძე, ორგანიზაცია „მწვანე პოლუსის“ დამფუძნებელი.
საქართველოს ზოგ რეგიონში, მოძველებული საწარმოები ჰაერის დაბინძურების მთავარი წყაროა. პრობლემა ყველაზე მწვავედ დგას რუსთავში, საიდანაც დაბინძურებული ჰაერის მასები თბილისამდეც აღწევს. დაბინძურების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წყარო თბილისში, ქუთაისსა და სხვა დიდ ქალაქებში ავტოსატრანსპორტო მოძრაობაა, ძირითად პრობლემას მოძველებული ავტოპარკი წარმოადგენს.
ჰაერის ხარისხის აპარატები მსურველი მოხალისეების სახლის გარე ფასადზე, ფანჯრის გარე მხარეს ან აივანზე, ყენდება. აპარატს მხოლოდ ინტერნეტი და ელექტროენერგია სჭირდება. „მწვანე პოლუსის“ ტექნიკური ჯგუფი მოქალაქეებს აპარატებთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარვეზის აღმოფხვრაში ეხმარება. აპარატები საქართველოს მასშტაბით დაყენებულია რამდენიმე სკოლაში, ნული ნარჩენის მაღაზია „ზერო ეფექტში“, მარნეულის კოლეჯში, ყვარლის ევროკლუბში, ჩეხეთის საელჩოსა და UNDP-ის ოფისში.
სამოქალაქო მონიტორინგის ქსელის საჭიროება გამოიხატება იმითაც, რომ სამთავრობო ქსელის პირობებში ამ დროისთვის ჰაერის ხარისხის მხოლოდ 15 აპარატი ოპერირებს. შედარებისთვის, ჩეხეთის რესპუბლიკაში, რომელიც ფართობით საქართველოს მსგავსი ქვეყანაა, 200 სამთავრობო სადგური დგას.
სამთავრობო მონიტორინგის სისტემის ეს ხარვეზი, სხვა საკითხებთან ერთად, განხილულია საქართველოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სამთავრობო მონიტორინგის სისტემის შეფასების დოკუმენტში, რომელიც ჩეხეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის მკვლევართან თანამშრომლობით შეიქმნა.
„არნიკასთან“ ერთად ასევე ვიმუშავეთ კვლევაზე „კოსმოსიდან დანახული ჰაერის დაბინძურება საქართველოში“, რომელშიც გამოჩნდა საქართველოს მასშტაბით დაბინძურების ცხელი წერტილები და მათი გამომწვევი მიზეზები – საწარმოო ინდუსტრია, ავტომობილების გამონაბოლქვი და სახლების გათბობის გაუმართავი სისტემა.
კვლევა აერთიანებს რეკომენდაციებს საწარმოო ინდუსტრიის გაჯანსაღების, ენერგიის დაზოგვისა და ეფექტიანობის, განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების, გათბობისა და გაგრილების სისტემების მოდერნიზაციის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სექტორში ინვესტიციებისა და სამეწარმეო სექტორში გამონაბოლქვის მონიტორინგის შესახებ.
„მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, გარემოსდაცვითი საკითხები ნაკლებად პრიორიტეტული გახდა, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებიც დაბინძურებული ჰაერით არის გამოწვეული, ყველა ადამიანისთვის წარმოადგენს საფრთხეს, მათი პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად. სამოქალაქო მონიტორინგის პროექტები საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, ჰქონდეთ წვდომა იმ ინფორმაციაზე, რომელიც მათი კეთილდღეობის დასაცავად არის აუცილებელი. AirGE-ის ქსელი პირველი ნაბიჯია ამ მიმართულებით“, – მარტინ სკალსკი, გარემოსდაცვითი დემოკრატიის ექსპერტი “არნიკაში“.
AirGE ქსელი საქართველოში შეიქმნა ბელარუსში არსებული წარმატებული AirMQ ქსელის საფუძველზე, რომელიც 36 ქალაქში განთავსებულ 294 აპარატს მოიცავს. მსგავსი ქსელი ასევე არსებობს უკრაინაშიც, რომელიც ქვეყნის 24 რეგიონიდან 23 რეგიონში ოპერირებს და სისტემაში 350 აპარატი აქვს ჩართული, ამ შედეგით უკრაინის ქსელი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია ევროპის ტერიტორიაზე. დამატებით, ომის პირობებში, აპარატების ქსელი კრიზისის მართვის ერთ-ერთ ინსტრუმენტად იქცა, რომელიც მოსახლეობას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აწვდის ინფორმაციას.
სამოქალაქო მონიტორინგის აპარატები განსაკუთრებით პოპულარული გახდა 2015 წლის შემდეგ, როდესაც ლაზერული ტექნოლოგიის სენსორების ფასი მკვეთრად შემცირდა და უფრო ხელმისაწვდომი გახდა. მკვლევრების შეფასებით, ამ დროისთვის მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 40,000-50,000 მსგავსი აპარატია დაყენებული.
საქართველოში ჰაერის ხარისხის სამოქალაქო მონიტორინგის ქსელის შეიქმნა ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს „Transition Promotion“ პროგრამის მხარდაჭერით.
დამატებითი ინფორმაციისთვის:
იან კასპარეკი, არნიკას საერთაშორისო PR ოფიცერი, jan.kasparek@arnika.org, +420 770143103
ნინი თოიძე, მწვანე პოლუსი mycitykills2018@gmail.com, + 995 551 858 858
სქოლიო:
“არნიკა” 2001 წელს დაფუძნებული ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციაა. Მისი მიზანია, დაიცვას ბუნება და ჯანსაღი გარემო მომავალი თაობებისთვის. Ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვაწარმოებდით ადვოკატირების კამპანიებს ნარჩენებისა და საშიში ნივთიერებების დაბინძურების შემცირების, მდინარეების დაცვისა და მოქალაქეთა უფლებების, თავისუფალი ნების დაცვის შესახებ. Დამატებით ინფორმაციას “არნიკას” შესახებ აქ იპოვით.
“მწვანე პოლუსი” საქართველოში დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სამოქალაქო მოძრაობის “ჩემი ქალაქი მკლავს” საფუძველზე შეიქმნა. Ორგანიზაციის მიზანია, საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდა ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლის პროცესში, ამჟამად მუშაობის ძირითადი არეალი თბილისია. Დამატებით ინფორმაციას “მწვანე პოლუსის” შესახებ აქ იპოვით.
[1] – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული ჯანმრთელობის დაზიანების მასშტაბი უკვე უტოლდება არაჯანსაღი კვებითა და თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ზიანის მასშტაბს, ჰაერის დაბინძურება ადამიანისთვის გარემოსთან დაკავშირებული ყველაზე დიდი საფრთხეა. დამატებით, ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ არამწეველ ადამიანებში ფილტვის კიბოს შემთხვევების ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სწორედ დაბინძურებული ჰაერია.
[2] – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, PM მყარი ნაწილაკები შედგება გოგირდის, ნიტრატების, ამიაკის, შავი ნახშირბადის, მტვრისა და წყლის ორთქლისგან. ნაწილაკები განსხვავდება ზომით, თუმცა ყველაზე მეტად რეგულირებული PM2.5 და PM10 ნაწილაკებია, რადგან ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით სახიფათო ამ ტიპის ნაწილაკებია. ფილტვებსა და სისხლის მიმოქცევაში შეღწევით PM ნაწილაკებს შეუძლია როგორც გულის იშემიური შეტევის, ასევე ინსულტის გამოწვევა. გრძელვადიანი ზემოქმედება ასევე დაკავშირებულია ფილტვის კიბოსთან.