ჰაერის ხარისხის სამოქალაქო მონიტორინგის განვითარება – გამოწვევები და გეგმები
8-9 ივნისს ორგანიზაციის „მწვანე პოლუსის“ / მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს“ წევრებს ჰქონდათ ტრენინგი და სამუშაო შეხვედრა საქართველოში ჰაერის ხარისხის პირველი სამოქალაქო მონიტორინგის ქსელის განვითარების გეგმის შემუშავებისთვის. ჩეხი და ბელარუსი პარტნიორებისა და მოწვეული ტექნიკური ექსპერტების დახმარებით განვიხილეთ საქართველოს მასშტაბით ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაფართოების სტრატეგია, შევარჩიეთ ძირითადი საკვლევი ქალაქები და ლოკაციები, სადაც დაბინძურების დონე და, შესაბამისად, საზოგადოებრივი ინტერესიც მაღალია. განვიხილეთ მონაცემების დამუშავებისა და მომხმარებლებისთვის წარდგენის სხვადასხვა მეთოდოლოგია, რათა შევძლოთ მიღებული შედეგების გარკვეული დროითი ტრენდების შეფასება და ანალიზი, ვიმსჯელეთ იმ ხარვეზების შესახებ, რომლებიც უნდა დაიხვეწოს აპარატის დიზაინის კუთხით.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის იანვრიდან ჩვენმა გუნდმა, ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „არნიკას“ და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „TRANSITION” პროგრამის მხარდაჭერით, დაიწყო საქართველოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის პირველი სამოქალაქო ქსელის შექმნაზე მუშაობა. გასულ წელს 31 აპარატი დაყენდა, წელს კი – დამატებით 24 აპარატი. ამჟამად ჩვენი აპარატები დაყენებულია თბილისში, რუსთავში, მცხეთაში, კასპში, ჭიათურაში. აპარატების რაოდენობა და დაფარვის არეალი ეტაპობრივად გაიზრდება.