ნაგავსაყრელთან მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობა
-
დაახლოებით 21 მილიონი ამერიკელი ცხოვრობს სუპერფანდის ტერიტორიიდან ერთ მილამდე მანძილის დაშორებით, რის გამოც მათ უწევთ არსებობა ყველაზე ტოქსიკური ნივთიერებების და ტოქსინების გარემოცვაში, როგორებიცაა ტყვია, დარიშხანი და ვერცხლისწყალი.
-
ნაგავსაყრელთან ცხოვრება სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას რამდენიმე წლით ამცირებს.
-
მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი პრობლემის გადაწყვეტის საკითხებში.
ექვსიდან ერთი ამერიკელი ტოქსიკური ნარჩენების ნაგავსაყრელიდან სამი მილის დაშორებით ცხოვრობს. ქვეყნის ტერიტორიაზე გაფანტული ზოგი ნაგავსაყრელი თვალშისაცემია, მაგრამ ზოგიერთი, მაგალითად, მიტოვებული ინდუსტრიალური ქარხნები, შეუმჩნეველი რჩება.
გარემოს დაცვის სააგენტომ (გდს) აღმოაჩინა, რომ ამ ნაგავსაყრელებზე გვხვდება კრიტიკულად საშიში ნივთიერებები. გდს-მ დაადგინა, შეაფასა და დაიწყო ზოგიერთი ყველაზე დაბინძურებული ნაგავსაყრელის მოწესრიგება სუპერფანდის ფედერალური პროგრამის დახმარებით. ნაგავსაყრელების დასუფთავება ხშირად დამქანცველია და გრძელვადიანიც, შესაბამისად, საშიში ნარჩენების აღმოჩენისთანავე უნდა იქონიოს რეაგირება შესაბამისმა ორგანომ.
ამერიკაში არსებული ნაგავსაყრელები ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ფერადკანიან მოსახლეობას. დაახლოებით საუკუნის განმავლობაში დისკრიმინაციული კანონებიდან გამომდინარე დამაბინძურებელი ქარხნები განთავსდა დაბალი ფენის წარმომადგენელი ფერადკანიანი ადამიანების დასახლებებთან ახლოს. დღესდღეობით საშუალო ამერიკელთან შედარებით აფრო-ამერიკელების 75% ცხოვრობს ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხნებთან ან ნაგავსაყრელებთან ახლოს.
ტოქსიკური ნარჩენების ნაგავსაყრელთან ცხოვრება უდიდეს ზიანს აყენებს ადამიანთა ჯანმრთელობას, სახელმწიფომ უნდა მოიმოქმედოს რაიმე ამასთან დაკავშირებით, ან დახუროს ნაგავსაყრელები და დასახლებიდან შორს გადაიტანოს, ან აუთვისებელ ადგილებში გააშენოს კორპუსები და შეუშვას მოსახლეები.
რა რისკებს შეიცავს ტოქსიკური ნივთიერებების ნაგავსაყრელთან ახლოს ცხოვრება?
კვლევა ცხადყოფს, რომ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც 1,8 მილის რადიუსში ცხოვრობენ ნაგავსაყრელებთან, საგრძნობლად უარესდება სწორედ ნაგავსაყრელების მავნე ზეგავლენით. ამერიკაში კი დაახლოებით 21 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ნაგავსაყრელთან ერთი მილის რადიუსში, რაც მათ დაუცველს ტოვებს ყველაზე ტოქსიკური ნივთიერებების წინაშე, როგორებიცაა ტყვია, დარიშხანი და ვერცხლისწყალი. ამ ქიმიური ელემენტების გაჟონვამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას წყალმომარაგებას, ჰაერის ხარისხს და ნიადაგის მდგომარეობას, ეს ყველაფერი კი ადამიანის ჯანმრთელობის კრიტიკულ დაზიანებას იწვევს.
ნაგავსაყრელებთან და ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხნებთან ახლოს მცხოვრებ ადამიანებში ხშირია ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, მათ შორის კიბო, თანდაყოლილი ანომალიები, ინვალიდობა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, უშვილობა, ფსიქიკური აშლილობები და ა.შ. ბავშვები ტოქსიკური ნივთიერებებისადმი მგრძნობიარენი არიან, განსაკუთრებით სიცოცხლის პირველ წლებში. არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ ნაგავსაყრელთან ახლოს ცხოვრება, ჯანმრთელობის მწვავე პრობლემებთან ერთად, რამდენიმე წლით ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას.
კლიმატური ცვლილებები აუარესებს სტიქიური უბედურებების სიხშირესა და სიმძლავრეს, რამაც შეიძლება ტოქსიკური ნაგავსაყრელების სტაბილურობა დაარღვიოს და გაზარდოს ახლოს მცხოვრებთა პრობლემები. ბოლო წლებში კოკისპირულმა წვიმებმა, წყალდიდობებმა და ქარიშხლებმა გამოიწვია საშიში ნივთიერებების და მქროლავი ორგანული ნაერთების გაჟონვა მილებიდან და შესანახი ცისტერნებიდან ჰაერში, მიწისქვეშა და სასმელ წყლებში. აღმოაჩნდა, რომ 945-ზე მეტი ნაგავსაყრელი დაუცველია მძიმე სტიქიური მოვლენებისგან.
როგორ შეუძლიათ პოლიტიკოსებს პრობლემების მოგვარება?
სახელმწიფოს უდიდესი როლი აკისრია ამ პრობლემის გადაჭრაში, მას აქვს იარაღი, რომლითაც შეუძლია გადაარჩინოს ან გაწიროს საკუთარი მოსახლეობა. ნაგავსაყრელებთან, ნარჩენების გადამამუშავებელ თუ საზოგადოდ გაუმართავ ქარხნებთან ცხოვრება (ასევე მუშაობაც) ადამიანებში მასობრივად იწვევს სხვადასხვა ტიპის დაავადებას. მავნე ნივთიერებები ნელ-ნელა ასუსტებს ადამიანის იმუნურ სისტემას და სრულიად ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი ადამიანი შესაძლოა მხოლოდ და მხოლოდ საცხოვრებელი ადგილის გამო კიბოთი და მრავალი რთული დაავადებით დაავადდეს.
სახელმწიფოს შეუძლია ეს ადგილები უსაფრთხო გახადოს, სანიტარული ნორმების დაცვით, რუტინული მონიტორინგითა და შესაბამისი ზომების მიღებით ან თუ ამის შესრულება შეუძლებელია, ნაგავსაყელის დახურვით და ისეთ ადგილზე გადატანით, სადაც დასახლებული პუნქტი არ იქნება ახლოს.
სტატიიდან დიაგნოზების კითხვა მარტივად გვეჩვენება, მაგრამ ეს ყველაფერი რეალურ ადამიანებს ეხებათ. ჩნდება ლოგიკური შეკითხვა, როდესაც პრობლემის გადაჭრის გზა არსებობს, ღირს ყველაფრის დაყოვნება? ადამიანთა ჯანმრთელობა (განურჩევლად რასისა) უპირველესყოვლისა!
სტატიაზე მუშაობდა: გიორგი ქარქუზაშვილი
წყარო: Housingmatters.urban.org
7 თებერვალი 2024 წელი