მსოფლიოში არსებული სახლის სახურავების ნახევარი მზის პანელებით რომ აღიჭურვოს, ელექტროენერგიის მოთხოვნა 100%-ით დაკმაყოფილდებოდა
- მზის პანელები, 2010 წელთან შედარებით, 79%-ით გაიაფდა.
- ჩვენ მიერ წარმოდგენილი ანგარიში Nature Communications იძლევა გლობალური მასშტაბის დეტალურ შეფასებას, თუ რამდენი მზის პანელის მონტაჟია საჭირო მთლიანი მსოფლიოსთვის საკმარისი განახლებადი ენერგიის გამოსამუშავებლად და სად უნდა განთავსდეს ისინი.
- რაც შეეხება მზის პანელების გამოყენებას, როგორც ჩანს, ერთნაირად პრაქტიკული და სასარგებლო იქნება, როგორც მცირემოსახლეობიან ადგილებში, ასევე, ურბანულ ცენტრებშიც.
მზის პანელები, 2010 წელთან შედარებით, 79%-ით გაიაფდა. ფასის ასეთმა დრამატულმა ვარდნამ მზის ელექტროსადგურების მონტაჟი კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა ოჯახებისა და ბიზნესებისთვის, რომლებიც ცდილობენ, მინიმუმადე დაიყვანონ მათი დამოკიდებულება ელექტრო-სისტემაზე და, ასევე, ხელი შეუწყონ გარემოში ემისიების შემცირებას.
თუმცა, ჩნდება კითხვა – არის, თუ არა სახლის სახურავის ზედაპირის ფართობი საკმარისი ამ ტექნოლოგიისთვის, რომ გამოიმუშაოს ყველასთვის საკმარისი და იაფი ელექტრო-ენერგია? ამ საკითხს უფრო სიღრმისეულ ჭრილში რომ შევხედოთ, მზის პანელების ტექნოლოგია არა მხოლოდ იმ ადამიანებისთვისაა საინტერესო, რომლებიც ფლობენ საკუთარ სახლებს და სურთ საკუთარი გადასახადების შემცირება, არამედ მსოფლიოში იმ 800 მილიონი ადამიანისთვისაც, რომელთაც ელექტროენერგიაზე სათანადო წვდომა არ აქვთ.
ჩვენ მიერ წარმოდგენილი ანგარიში Nature Communications იძლევა გლობალური მასშტაბის დეტალურ შეფასებას, თუ რამდენი მზის პანელის მონტაჟია საჭირო მთლიანი მსოფლიოსთვის საკმარისი განახლებადი ენერგიის გამოსამუშავებლად და სად უნდა განთავსდეს ისინი. ჩვენი კვლევა პირველია, რომელიც გთავაზობთ მზის პოტენციალის ასეთ დეტალურ რუკას. ის ზომავს სახურავის არეალს და მზის შუქის დაფარვას ქალაქებიდან დაწყებული კონტინენტების ჩათვლით.
ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ მსოფლიოში ელექტრო-ენერგიის წლიური მოთხოვნის უზრუნველსაყოფად სახურავების მხოლოდ 50%-ია საჭირო.
მეთოდი
ჩვენ შევქმენით სპეციალური პროგრამა, რომელშიც თავი მოვუყარეთ მონაცემებს 300 მილიონ შენობაზე და გავაანალიზეთ 130 მილიონი კმ² მიწის ტერიტორია – პლანეტის, თითქმის, მთელი მიწის ფართობი. ამ მონაცემებზე დაყრდნობით გამოვითვალეთ, თუ რა რაოდენობის ელექტრო-ენერგიის გამომუშავებაა შესაძლებელი 0,2 მილიონი კმ² სახურავების ზედაპირიდან, რომელიც, თითქმის, დიდი ბრიტანეთის ფართობის ტოლია.
შემდეგ ჩვენ გამოვთვალეთ ელექტროენერგიის გამომუშავების პოტენციალი ამ სახურავებიდან მათი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით. ზოგადად, სახურავები, რომლებიც დედამიწის ზედა განედებში მდებარეობს, როგორიცაა ჩრდილოეთ ევროპა და კანადა, შეიძლება განსხვავდებოდეს 40%-მდე მათი გენერირების პოტენციალის მიხედვით მთელი წლის განმავლობაში ზამთარსა და ზაფხულს შორის მზის შუქის დიდი ცვალებადობის გამო. თუმცა, ეკვატორის მახლობლად მდებარე სახურავების საშუალებით ელექტრო-ენერგიის გენერირების პოტენციალი 1%-ით იცვლება, რადგან მზის სხივების მუდმივობა უფრო თანმიმდევრულია.
ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყოველთვიური პოტენციალის დიდმა ცვალებადობამ შეიძლება, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ამ რეგიონში მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურების საიმედოობაზე. ეს ნიშნავს, რომ ადგილები, სადაც მზის სინათლე უფრო არარეგულარულია, მოითხოვს ენერგიის შესანახ გადაწყვეტილებებს, რაც თავის მხრივ, ელექტროენერგიის ხარჯებს გაზრდის.
ცხელი წერტილები
ჩვენი კვლევის შედეგად გამოვლინდა სამი პოტენციური ცხელი წერტილი – აზია, ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა.
ამათგან აზია მოიაზრება ადგილად, სადაც მზის პანელების დაყენება ყველაზე იაფი დაჯდება, რადგან ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ინდოეთი და ჩინეთი, ერთი კილოვატ საათი ელექტრო ენერგიის გამომუშავება, ანუ იგივე, რასაც თქვენი ლეპტოპი 48 საათის განმავლობაში მოიხმარს, მხოლოდ 0.05 ფუნტი შეიძლება დაჯდეს. ამის მიზეზი პანელების წარმოების იაფი ხარჯები და, ასევე, უფრო მზიანი კლიმატია.
რაც შეეხება აშშ-ს, იაპონიასა და დიდ ბრიტანეთს, ამ ქვეყნებში მზის პანელების გამოყენება საკმაოდ ძვირი დაჯდება. ევროპა შუალედურ ადგილს იკავებს, ამ კონტინენტზე საშუალო ხარჯები დაახლოებით 0,096 ფუნტია კვტ/სთ-ზე.
რაც შეეხება მზის პანელების გამოყენებას, როგორც ჩანს, ერთნაირად პრაქტიკული და სასარგებლო იქნება, როგორც მცირემოსახლეობიან ადგილებში, ასევე ურბანულ ცენტრებშიც. დაშორებულ რაიონებში მცხოვრებთათვის პანელები ხელს შეუწყობს პოტენციურად არასანდო ადგილობრივი ქსელების ელექტრო-ენერგიით მომარაგების შევსებას ან სრულად ჩანაცვლებას, ხოლო ქალაქებში, მზის პანელების გამოყენება მნიშვნელოვნად შეამცირებს ჰაერის დაბინძურებას, რაც ძირითადად წიაღისეული საწვავის წვის შედეგად წარმოიქმნება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გლობალურად ელექტროენერგიის მიწოდება არ შეიძლება, დაეყრდნოს წარმოების ერთ წყაროს, რომელიც დააკმაყოფილებს მილიარდობით ადამიანის მოთხოვნებს. ცვალებადი ამინდისა და ჩვენი პლანეტის დღისა და ღამის ციკლის წყალობით, მზის ენერგიის მოთხოვნასა და მიწოდებას შორის შეუსაბამობა გარდაუვალია.
გამომუშავებული ზედმეტი ელექტრო-ენერგიის შესანახი ტექნოლოგია ჯერ კიდევ ძალიან ძვირია. გარდა ამისა, მზის პანელებით ვერ უზრუნველყოფენ ზოგიერთი ინდუსტრიის ენერგიას, მაგალითად, მძიმე წარმოება და ლითონის გადამუშავება საკმაოდ ენერგო-ინტენსიურია მოხმარების თვალსაზრისით და სპეციალიზებულ მიწოდებას მოითხოვს.
მიუხედავად ყველა გასათვალისწინებელი ფაქტორისა, სახურავის მზის პანელებს უზარმაზარი პოტენციალი აქვს ენერგეტიკული დეფიციტის შესამსუბუქებლად და მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, სუფთა, დაბინძურებისგან თავისუფალი ელექტროენერგია თვითონვე გამოიმუშაონ. თუ მზის პანელების ხარჯების შემცირდება კვლავ გაგრძელდა, სახურავის პანელები შეიძლება, აღმოჩნდეს ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი ელექტროენერგიის მიწოდების დეკარბონიზაციისათვის.
სტატიაზე მუშაობდა : მაია ბურდული და ნატალი ბზიკაძე
წყარო : www.ecowatch.com