კვლევის თანახმად მიკროპლასტმასით დაბინძურება ანადგურებს ნიადაგის ბინადრებს
მკვლევრებმა ჩინეთში აღმოაჩინეს იმ ორგანიზმების მკვეთრი რაოდენობრივი კლება, რომლებიც დიდ როლს თამაშობენ ნახშირბადისა და კარბონის გადამუშავებაში
კვლევის თანახმად, მიკროპლასტმასით დაბინძურება საფრთხეს უქმნის ნიადაგის ისეთ ბინადართ, როგორებიცაა: ტკიპა, მატლი და სხვა მცირე ზომის ქმნილებები, რომლებიც ანოყიერებენ მიწას.
კვლევაში აღნიშნულია, რომ გადაყრილი ჩანთები, ჭიქები, ძაფები და სხვა სახის პლასტმასის ნარჩენები უფრო მეტი დოზით არის მიწაში, ვიდრე – ოკეანეებში. მათ საზარელი შედეგები აქვთ იმ მრავალი სხვადასხვა სახეობის ცოცხალი ორგანიზმისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ნიადაგში.
ტკიპები, მრგვალი ჭიები, springtail-ები და მიკროართროპოდებისა და ნემატოდების სხვა სახეობები თითქმის უხილავნი არიან ადამიანის თვალისთვის, თუმცა ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ნახშირბადისა და აზოტის გადამუშავებაში და ორგანულ ნივთიერებებს გარდაქმნიან ისე, რომ შემდგომ ბაქტერიამ შეძლოს მათი მოხმარება.
უფრო და უფრო მეტი საფრთხე მოელით მათ ნავთობით გაჯერებული ნარჩენებისგან. Proceedings of the Royal Society-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი ნაშრომის თანახმად, 1950 წლიდან დღემდე კაცობრიობამ აწარმოა 6,300 მილიონი ტონა პლასტმასის ნარჩენი, რომელთაგან 79% მოგროვდა ნაგავსაყრელებზე ან გაჟონა ბუნებრივ გარემოში.
ავტორთა თანახმად, ეს არის პირველი ადგილზე შემდგარი კვლევა იმის შესახებ, თუ რა გავლენას მოახდენს ეს პროცესები მრავალ მიკროართროპოდზე, ნემატოდსა და ისეთ მიკროორგანიზმებზე, როგორებიცაა სოკო და ბაქტერია.
ჩინეთში, ჩუნცინის მუნიციპალიტეტში, ჯინფოშანის მთასთან, მეცნიერებმა სუბტროპიკული მიწის ნაკვეთი დაყვეს ექვს ნაწილად, რომელთაგან თითოეული მოიცავდა ოთხ სატესტო სივრცეს. თითოეული სივრცე განზრახ დააბინძურეს ოთხი სხვადასხვა დაბალი კონცენტრაციის პოლიეთილენის ნაწილებით: ნული, ხუთი, ათი და თხუთმეტი გრამით ერთ კვადრატულ მეტრზე. მას შემდეგ, რაც 287 დღის განმავლობაში დატოვეს პლასტმასი ნიადაგში, მკვლევრებმა შეაგროვეს ხუთი ნიმუში და დაითვალეს მათში არსებული ორგანიზმები.
მეტად დაბინძურებულ მონაკვეთში, სხვა კონტროლირებად ნაკვეთებთან შედარებით, მათ აღმოაჩინეს მკვეთრი კლება ყველაზე გავრცელებული სახეობის, oribatid ტკიპების რაოდენობაში (15%-იანი კლება) და კიდევ უფრო დიდი კლება სამი სხვა სახეობის ართროპოდებში – Diptera (ბუზი) მატლი (30%-იანი კლება), Lepidoptera (ჩრჩილი და პეპელა) მატლი (44%-იანი კლება) და Hymenoptera (ჭიანჭველები) (62%-იანი კლება). ხოლო ნემატოდებს შორის მათ აღმოაჩინეს 20%-იანი კლება.
მიუხედავად იმისა, რომ ბაქტერიასა და სოკოზე გავლენა შედარებით ნაკლები იყო, ნაშრომის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ „მიკროპლასტმასის ზემოქმედება მკვეთრად იჭრება ნიადაგის ეკოსისტემაში, რომელიც იწვევს ცვლილებებს მიკრობების ფუნქციონირებაში და კიდევ უფრო მეტად იჩენს თავს ნიადაგის ნახშირბადისა და აზოტის წარმოქმნაში.
ავტორები ითხოვენ სხვადასხვა ადგილების კიდევ უფრო სიღრმისეულ კვლევას, თუმცა ამბობენ, რომ პოლიტიკოსებისა და მომხმარებლებისკენ მიმართული მესიჯი ცალსახაა: „ჩვენ მოვუწოდებთ, შევამციროთ პლასტმასის გამოყენება და თავი ავარიდოთ მათი ნარჩენების ნიადაგში დამარხვას იმდენად, რამდენადაც ეს მიგვიყვანს ნიადაგისა და ხმელეთის ბინადართა ეკოსისტემების ბიოგეოქიმიური ციკლურობის არახელსაყრელ შედეგებამდე.
სტატიაზე იმუშავა : ანი ჩუბინიძე – სალომე აბუაშვილი
წყარო : https://www.theguardian.com