კვლევამ აჩვენა, რომ მსოფლიოს იმ რეგიონებში, სადაც ყველაზე დაბინძურებული ჰაერია ორსულობის შეწყვეტა ხშირია
(CNN) – ორსული ქალები სამხრეთ აზიაში, რომლებიც დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედებას განიცდიან, ორსულობის ნაადრევად შეწყვეტის, მუცლის მოშლისა და მკვდრადშობადობის მაღალი რისკის ქვეშ დგანან.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ინდოეთში, ბანგლადეშსა და პაკისტანში დაახლოებით 349,681 ორსულობის შეწყვეტა პირდაპირ კავშირშია ჰაერის ხარისხთან.
ადრე, დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედება მუცლად მყოფ დედებზე, დაკავშირებული იყო მუცლის მოშლის, ნაადრევი მშობიარობების და ახალშობილებში დაბალი წონის შემთხვევების ზრდასთან. სხვა გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ჰაერის დაბინძურებამ შეიძლება დაარღვიოს დედის პლაცენტა და მიაღწიოს მუცლად მყოფ ნაყოფამდე.
თუმცა ამ ტიპის კვლევა, რომელიც აფასებს დაბინძურებული ჰაერით გამოწვეულ ორსულობის შეწყვეტის პრეცედენტებს, პირველად ჩატარდა სამხრეთ აზიაში, ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ რეგიონში. კვლევის ავტორების თქმით, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია საზოგადოების და განსაკუთრებით დედების ჯანდაცვის კუთხით იმ ქვეყნებში, რომლებიც დაბალი შემოსავლის ქვეყნებად ითვლებიან.
სამხრეთ აზიას, მშობიარობის შეწყვეტის კუთხით, ძალიან მაღალი მაჩვენებელი აქვს და ამავე დროს PM2.5 მყარი ნაწილაკებით ყველაზე დაბინძურებული რეგიონია მსოფლიოში. კვლევის დასკვნების თანახმად, ჰაერის ცუდი ხარისხი შეიძლება პირდაპირ კავშირში იყოს მშობიარობის შეწყვეტის მზარდ სტატისტიკასთან და უნდა გახდეს ბიძგი, ქმედითი ზომები გატარდეს დაბინძურების სახიფათო დონის შესამცირებლად.
PM2.5 არის მცირე ზომის ნაწილაკებით დაბინძურება, რომელთაც შესწევთ უნარი სასუნთქი გზების გავლით მოხვდნენ, ჯერ ადამიანის ფილტვებში და შემდეგ სისხლში. ეს ნაწილაკები, რომლებიც შედგება მტვრისგან, ჭუჭყისგან, ჭვარტლისგან ან კვამლისგან, ძირითადად წარმოიქმნება სამშენებლო უბნებიდან, მოუწესრიგებელი გზებიდან, მინდვრებიდან, ხანძრებიდან და შეიძლება შეიცავდნენ ქიმიურ ნივთიერებებს. თუმცა, მყარი ნაწილაკების უმეტესობა წარმოადგენს დამაბინძურებლების ნაზავს ელექტროსადგურების, სამრეწველო და სატრანსპორტო საშუალებების ემისიებიდან.
მკვლევარებმა განსაკუთრებული აქცენტი ამ მცირე ნაწილაკების შესწავლაზე გააკეთეს. აღმოჩნდა, რომ 2000-2016 წლებში, სამხრეთ აზიაში ორსულობის შეწყვეტის 7.1 პროცენტი მოდიოდა იმ დედებში, რომლებიც განსაკუთრებით დაბინძურებულ გარემოში ცხოვრობდნენ, კერძოდ გაცილებით უარეს გარემოში, ვიდრე ინდოეთის ჰაერის ხარისხის ამჟამინდელ სტანდარტია – 40 მიკრო გრამი კუბურ მეტრზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი ჰაერის ხარისხის გაიდლაინების მიხედვით, დასაშვებია 10 მიკრო გრამი კუბურ მეტრ ჰაერზე.
დასკვნების მისაღებად, მკვლევარებმა გაანალიზეს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის მიზნით 1998-დან 2016 წლამდე ჩატარებული კვლევის მონაცემები და შეაფასეს ორსულობის დროს, დაბინძურების ზემოქმედება, თანამგზავრების დახმარებით. შემდეგ, მათ შექმნეს მოდელი, რომელიც შეისწავლიდა, თუ როგორ ზრდის დაბინძურების ზემოქმედება ქალის ორსულობის შეწყვეტის რისკს, დედის ასაკის, ტემპერატურისა და ტენიანობის, სეზონური ცვლილებებისა და ორსულობის შეწყვეტის გრძელვადიანი ტენდენციების გათვალისწინებით.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო 34 197 ქალმა, რომლებმაც დაკარგეს ბავშვი ორსულობის დროს, მათ შორის იყო 27 480 მუცლის მოშლის შემთხვევა და 6 717 მკვდრადშობადობა. ორსულობის შეწყვეტიდან 77% იყო ინდოეთში, 12% პაკისტანში და 11% ბანგლადეშში.
„ჩვენ ვიცით, რომ ორსულობის ნაადრევმა შეწყვეტამ, შეიძლება მძიმედ იმოქმედოს ქალების ფსიქიკურ, ფიზიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ასევე შეიძლება გაიზარდოს მშობიარობის შემდგომი დეპრესიული აშლილობის რისკი, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა შემდგომი ორსულობის პერიოდში და გაზარდოს ორსულობასთან დაკავშირებული ხარჯები, როგორიცაა, მაგალითად, სამუშაო ადგილის დაკარგვა,“ განაცხადა კვლევის თანაავტორმა, დოქტორ თიანჯია გუანმა, ჩინეთის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიიდან და პეკინის სამედიცინო კოლეჯის კავშირიდან.
კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება დაბინძურებულ ჰაერსა და ორსულობის ნაადრევად შეწყვეტას შორის მიზეზ-შედეგობრიობის დასადგენად, ვინაიდან ჩატარებული კვლევის მონაცემები მთლად მიუკერძოებელი არ არის. მით უფრო, რომ მკვლევარებმა ვერ შეძლეს დაედგინათ, თუ რამდენ შემთხვევაში ხდება ორსულობის შეწყვეტა აბორტით და რამდენი ბუნებრივად. ასევე არასრულია ინფორმაცია ორსულობის ბუნებრივად შეწყვეტის შესახებ, დამკვიდრებული სტიგმის გამო.
დაბინძურებული ჰაერი ჯანმრთელობისთვის უმთავრესი რისკია. ჯანმოს ანგარიშით, 4.2 მილიონი ადამიანი იღუპება ყოველწლიურად ინსულტის, გულის დაავადებების, ფილტვების კიბოს, მწვავე და ქრონიკული რესპირატორული დაავადებების გამო, რომლებიც დაკავშირებულია გარემოსთან, კერძოდ კი ჰაერის დაბინძურებასთან.
სტატიაზე იმუშავა : მაია ბურდული – ანა კუხაშვილი