რატომ არის მნიშვნელოვანი ჰაერის ხარისხი სპორტულ ცხოვრებაში?
პიპა ნილი განიხილავს, თუ რატომ არის ჰაერის ხარისხი მნიშვნელოვანი საკითხი სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებასთან მიმართებით.
მაშინ, როდესაც კატარი მსოფლიო თასის წინ აპირებს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას, მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ, თუ რატომ არის ეს სპორტული ღონისძიებებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი.
როდეასც ადამიანი აერობულ აქტივობაში იღებს მონაწილეობას, იგი უფრო მეტ ჰაერს ისუნთაქვს, თანაც უფრო ღრმად, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი სპორტსმენისთვის ჰაერის დაბინძურებით ზემოქმედების რისკი უფრო მაღალია.
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების გავლენა სპორტსმენებზე ხშირად უხილავია, მაგრამ, როგორც ცნობილია, ის მავნე ზეგავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე.
თუმცა ზოგ შემთხვევაში ჰაერის დაბინძურების ზეგავლენა აშკარაა. ამ წლის დასაწყისში ავსტრალიის ღია ტურნირზე ჩოგბურთელი დალილია ჯუკაპოვიჩი იძულებული გახდა დაეტოვებინა მატჩი მას შემდეგ, რაც იგი შეუძლოდ გახდა, რაც გამოწვეული იყო ჰაერის ძლიერი დაბინძურებით.
ამან გამოიწვია ჩოგბურთის ლეგენდის, ნოვაკ ჯოკოვიჩის, რეაგირება. მან საჯაროდ თქვა, რომ თუ ბუნებრივი პირობები არ გაუმჯობესდება, შეჯიბრის ორგანიზატორებს მოუწევთ გარკვეული ზომების მიღება მათ დასარეგულირებლად.
ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი უშუალოდ გამოწვეული იყო ხანძრების შედეგად, რომლებმაც ავსტრალიაში უზარმაზარი ფართობის ტერიტორია გაანადგურეს. ხანძარი ავსტარალიაში ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა კლიმატური კრიზისი და გახანგრძლივებული გვალვის პერიოდი ზრდის ხანძრების გაჩენის რისკს.
როდესაც საქმე ეხება ჰაერის დაბინძურებას, ტყის ხანძარი შეიძლება საზიანო იყოს. ბუჩქის კვამლი მდიდარია წვრილი PM2.5 ნაწილაკებით, რომლებშიც დიდი რაოდენობითაა დამაბინძურებელი ნივთიერება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის უამრავი სერიოზული დაზიანება, ფილტვების დაავადებიდან დაწყებული გულის უკმარისობით დამთავრებული.
ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, ამ ტყის ხანძრებისგან გამოწვეული ჰაერის დაბინძურების შედეგად 400-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ეს რიცხვი 10-ჯერ აღემატება ამავე ხანძრით გარდაცვლილთა რაოდენობას.
ჰაერის დაბინძურების საშიშროება არ შემოიფარგლება მხოლოდ ჩვენი ფიზიკური ჯანმრთელობით, მას ასევე შეუძლია გავლენა იქონიოს ჩვენს შემეცნებით ქცევაზეც.
ფეხბურთის შემთხვევაში, როდესაც მოთამაშეებს სტრესულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირება უწევთ, ხოლო ერთმა არასწორმა მოძრაობამ შესაძლოა მატჩის ბედი განაპირობოს, შემეცნებითი ქცევის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია.
IZA-ის ეკონომიკის ინსტიტუტის მიერ გერმანიის ქალაქ ბონში ჩატარებულმა ბოლოდროინდელმა პროექტმა აჩვენა, რომ ევროკავშირის მიერ რეკომენდირებული ჰაერის სისუფთავის მაჩვენებლის მქონე გარემოშიც კი ფეხბურთელებისათვის ჰაერის დაბინძურება ხელისშემშლელი ფაქტორი იყო.
იმ შემთხვევებში, როცა ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი სცდებოდა ევროკავშირის მიერ დადგენილ საზღვარს, ფეხბურთელთა თამაშის ხარისხი 16%-ით დაბალი იყო.
ეს კვლევა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რაზეც უკვე ბევრჯერ გაკეთდა აქცენტი, რომ არ არსებობს “უსაფრთხო ზღვარი”, როდესაც საქმე ეხება PM2.5 ნაწილაკების ზემოქმედებას. რაც შეეხება სპორტულ ღონისძიებებზე ჰაერის დაბინძურების შემსუბუქებას, კატარის მიერ გადადგმული ნაბიჯები ძალიან მნიშვნელოვანია.
ამასთანავე ცნობილია, რომ თავად სპორტული ღონისძიებებიც იწვევს წერტილოვანი დაბინძურების ზრდას.
როდესაც ათასობით ადამიანი თავს იყრის უემბლიზე ან ჩოგბურთის ტურნირზე უიმბლდონში, ისინი ამ ღონისძიებებზე მოსახვედრად იყენებენ ტრანსპორტის ყველაზე გავრცელებული ფორმას-მანქანას.
ტრანსპორტი ერთ-ერთი მთავარი ჰაერის დამაბინძურებელია. ამის უარყოფა არ შეიძლება განსაკუთრებით მაშინ, როცა ვცდილობთ, რომ სპორტული ღონისძიებებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება შევამციროთ.
მდგრადი განვითარების მოხსენების ავტორები აღნიშნავენ, რომ სპორტული ღონისძიებების ორგანიზატორებმა ხელი უნდა შეუწყონ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკას, რაც განაპირობებს სატრანპორტო ალტერნატივების წარმოქმნას.
შესაძლებელია კომბინირებული ბილეთების შეთავაზება, რომელიც მყიდველებს საშუალებას მისცემს უფასოდ ისარგებლონ ავტობუსებით, მატარებლებითა და ტრამვაით თამაშის დღეს, ან პარკისა და გასეირნების სქემების შეთავაზება, რაც პრობლემას ვერ გადაჭრის, მაგრამ შესაძლოა დაბინძურება გარკვეული დოზით შემცირდეს.
სპორტის სამყაროში ჰაერის დაბინძურების საკითხის იგნორირება შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ დიდი დროა მანამ, სანამ სპორტულ ღონისძიებებს არენებზე დავესწრებით, როდესაც ეს მოხდება, ჰაერის დაბინძურების საკითხი განხილვის თემა უნდა გახდეს.
სტატიაზე იმუშავა : თეკა გრამატოპულო
წყარო : https://airqualitynews.com/2020/12/14/why-air-quality-matters-in-the-sporting-life/