კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული ზარალი
- 2000-2019 წლებში კლიმატის ცვლილებამ ჯამში 60 951 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია;
- ადამიანური საქმიანობით გამოწვეული კლიმატური ცვლილებით მოყენებული ზარალი 260,8 მილიარდს უტოლდება, რაც კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული მთლიანი ზარალის 53%-ს შეადგენს;
- ჯერ კიდევ არ არის შეფასებული ექსტრემალური ამინდებით გამოწვეული ზარალის ისეთი ასპექტები, როგორებიცაა ფსიქოლოგიური ტრავმა, განათლების მიღების შეწყვეტა და სამსახურების დაკარგვა.
ახალი კვლევის თანახმად 20 წლის განმავლობაში ისეთმა ექსტრემალურმა სტიქიებმა, როგორებიცაა ქარიშხლები, წყალდიდობები და სითბური ტალღები, დაახლოებით 2.8 ტრილიონი დოლარის ზარალი მოიტანა, რაც 2000-2019 წლების პერიოდისთვის წლიურად საშუალოდ 143 მილიარდი დოლარის ზარალია, რაც საათში 16.3 მილიონ დოლარს უტოლდება.
მკვლევრებმა ანალიზისას გამოიყენეს ექსტრემალური მოვლენების ატრიბუციის (EEA) მეთოდოლოგიის მქონე უკვე არსებული კვლევები, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს ადამიანური საქმიანობის მიერ გამოწვეულ სათბური აირების ემისიებსა და ამინდის ექსტრემალურ ცვლილებებს. მათ ეს შეადარეს იმ სოციალურ-ეკონომიკურ ხარჯებს, რომლებიც ექსტრემალურ ამინდს თან ახლავს იმისათვის, რომ დაედგინათ, რა ხარჯებთანაა დაკავშირებული კლიმატის ცვლილებები.
ამ მეთოდით მკვლევართა გუნდმა 2000 წლიდან 2019 წლამდე ექსტრემალური ამინდის მონაცემთა 185 ბაზა შეადგინა. პროცესისას გამოვლინდა, რომ კლიმატის ცვლილებამ ჯამში 60 951 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ადამიანური საქმიანობით გამოწვეული კლიმატური ცვლილებით მოყენებული ზარალი 260,8 მილიარდს უტოლდება, რაც კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული მთლიანი ზარალის 53%-ს შეადგენს. ზარალის უდიდესი წილი ქარიშხლებზე, 16% კი სითბურ ტალღებზე მოდის. ზარალის 10% წყალდიდობებსა და გვალვებზე ნაწილდება, ხოლო 2% – ტყის ხანძრებზე.
კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მთლიანი ზარალი 2000-დან 2019 წლამდე 2.86 ტრილიონი დოლარია, რაც ყოველწლიურად 143 მილიარდ დოლარს შეადგენს. წლიური მაჩვენებლები განსხვავდება: 2001 წელს – 23.9 მილიარდი დოლარი, 2008 წელს კი – 620 მილიარდი დოლარი. გუნდმა კვლევის შედეგები გამოცემა Nature Communications-ში გამოაქვეყნა.
რიცხვები ნამდვილად ყურადსაღებია, თუმცა იმაზე ცოტაა, ვიდრე რეალობაშია. კვლევის თანაავტორი და ველინგტონის ვიქტორიას უნივერსიტეტის პროფესორმა, ილონ ნოიმ, გამოცემა The Guardian-თან საუბრისას თქვა, რომ ზოგიერთი სტიქიური მოვლენის შესახებ შეზღუდული რაოდენობის მონაცემები მოიპოვებოდა.
„ეს ნიშნავს, რომ 140 ტრილიონი დოლარი სინამდვილეში უფრო ცოტაა, ვიდრე რეალური ხარჯი იყო“, — ამბობს ნოი და აღნიშნავს, რომ სითბური ტალღების მიერ გამოწვეული სიკვდილიანობის მონაცემები მხოლოდ ევროპის მასშტაბით იყო ხელმისაწვდომი. „წარმოდგენა არ გვაქვს, რამდენი ადამიანი დაიღუპა სითბური ტალღებისგან სუბ-საჰარულ აფრიკაში“.
ავტორები, ნოი და რებეკა ნიუმენი, კვლევაში წერენ, რომ ჯერ კიდევ არ არის შეფასებული ექსტრემალური ამინდებით გამოწვეული ზარალის ისეთი ასპექტები, როგორებიცაა ფსიქოლოგიური ტრავმა, განათლების მიღების შეწყვეტა და სამსახურების დაკარგვა, რაც კიდევ უფრო ზრდის მიყენებული ზიანის ხარჯებს.
კვლევის ავტორები მოუწოდებენ პოლიტიკოსებს ამ მეთოდოლოგიის გამოყენებისკენ საიმისოდ, რაომ განსაზღვრონ, თუ რა თანხა უნდა გამოიყოს ექსტრემალურ ამინდებთან ბრძოლის ფონდებისთვის. აღნიშნული გეგმა გასულ წელს გაეროს კლიმატის ცვლილების კონვენციის დროს (COP27) განისაზღვრა.
„ეს მეთოდი ალტერნატიული ინსტრუმენტია გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის, მათ უნდა შეძლონ რისკებთან ადაპტაცია და კლიმატის ცვლილებით მიყენებული ზიანის მინიმუმამდე დაყვანა“, — დაასკვნეს მკვლევრები. „ასეთი სახის მტკიცებულებები ფაქტებით შეავსებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ სასამართლო დავებს, რაც თავისთავად აიძულებს მთავრობებსა და დიდ კორპორაციებს, შეცვალონ თავიანთი პოლიტიკა“.
სტატიაზე მუშაობდა: მარიამ სიხარულიძე, ნინი თოიძე
წყარო:Ecowatch.com
27 მაისი 2024 წელი