გარემოს დაბინძურების გამო ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი იღუპება
დაბინძურებული წყალი, ჰაერი და ნიადაგი უფრო მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე ომები და პანდემია. სამედიცინო სფეროში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გარემოს დაბინძურების შედეგად, ერთ წელიწადში დაახლოებით 9 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.
ექვსი ადამიანიდან ერთის ნაადრევი სიკვდილის მიზეზი, შეიძლება ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედება იყოს, აცხადებს სამედიცინო ჟურნალი “The Lancet”. გარემოს დაბინძურებამ, უფრო მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ვიდრე, მაგალითად, შიდსმა, ტუბერკულოზმა და მალარიამ.
გარემოს დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილის ძირითადი მიზეზებია: გულის დაავადება, ინსულტი და ფილტვის კიბო. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სიკვდილიანობის თითქმის ყველა შემთხვევა ღარიბ ან განვითარებად ქვეყნებში მოხდა.
ეს ეფექტი განსაკუთრებით იგრძნობა იმ ქვეყნებში, სადაც ინდუსტრია სწრაფად ფართოვდება. მაგალითად, ინდოეთში, პაკისტანში, ჩინეთში, ბანგლადეშსა და მადაგასკარში, გარემოს დაბინძურებით გარდაცვლილთა დაახლოებით მეოთხედი მოდის.
ფილიპ ლანდრიგანმა, აიკანის მედიცინის სკოლის პროფესორმა, რომელიც კვლევაში მონაწილეობდა, განაცხადა, რომ ,,6,5 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა ჰაერის დაბინძურებით. დაბინძურება ბევრად მეტია, ვიდრე ეკოლოგიური გამოწვევა – ეს არის სერიოზული საფრთხე, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობის მრავალ ასპექტზე”. არანაკლებ, დიდი საფრთხეა დაბინძურებული წყალი, რომელიც ავრცელებს ინფექციას და ყოველწლიურად 1,8-მილიონ ადამიანს კლავს.
გარემოს დაბინძურების შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის ფინანსური ზარალი დაახლოებით 4,6-ტრილიონ დოლარს შეადგენს, რაც გლობალური ეკონომიკის დაახლოებით 6,2 პროცენტია.
სამედიცინო ჟურნალ „The Lancet“-ში გამოქვეყნებულ კვლევაზე 40-მდე მეცნიერმა იმუშავა. ანგარიში წარმოადგენს მსოფლიოში, გარემოს დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის შესახებ, მონაცემების შედგენის პირველ მცდელობას.
სტატიაზე იმუშავა : მაია თავაძემ და ანა კუხაშვილმა
წყარო : https://www.handelszeitung.ch/politik/umweltschmutz-toetet-jaehrlich-millionen-menschen-1506558