„ელას კანონს“ სუფთა ჰაერის უფლების კოდიფიკაციისთვის ბრიტანეთის პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილავენ
- ახალი კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ჰაერის დაბინძურების შეზღუდვასა და სუფთა ჰაერზე წვდომის უფლების დაცვას, ლორდთა პალატაში მეორე მოსმენით განიხილეს.
- შემოთავაზებულ კანონს, ელას კანონს, ეწოდა ცხრა წლის ელა ადო-კისი-დებრას სახელი, რომელიც არის პირველი ადამიანი, ვისი გარდაცვალების მიზეზადაც ჰაერის დაბინძურება ჩაითვალა.
- 2019 წელს ჰაერის დაბინძურებამ გამოიწვია ცხრა მილიონი ადამიანის გარდაცვალება, რაც ყოველი მეექვსე სიკვდილია მსოფლიოში.
ახალი კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ჰაერის დაბინძურების შეზღუდვასა და სუფთა ჰაერზე წვდომის უფლების დაცვას, ლორდთა პალატაში მეორე მოსმენით განიხილეს.
კანონპროექტი, რომლის ინიციატორიც იყო მწვანეთა პარტიის წევრი ბარონესა ჯენი ჯონსი, კენჭისყრით დასახელდა, როგორც უპირატესი კერძო წევრების კანონპროექტებს შორის (PMB).
კანონის მიღების შემთხვევაში, ის გააკონტროლებს ჰაერის დაბინძურების ყველა ფორმას, მათ შორის შიდა და გარე; ამავდროულად, უზრუნველყოფს კომისიის შექმნას, რომელიც შეაფასებს მთავრობის პროგრესს სუფთა ჰაერის უზრუნველყოფის მხრივ, მეცნიერების უახლესი მიღწევების ყოველწლიურ მიმოხილვასთან ერთად.
სესიის დასაწყისში ბარონესა ჯონსმა განაცხადა: „მე შევამჩნიე, რომ პოლიტიკოსები მთავრობაში ყოფნისას ვერ უმკლავდებიან საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციებს. ყოველწლიურად ვხედავდი, რომ მთავრობა მალავდა ინფორმაციას დაბინძურებული ჰაერის შესახებ, რადგან ამან, შესაძლოა, შეაშინოს საზოგადოება და აიძულოს მთავრობა ნაბიჯების გადადგმისკენ.
შედეგად, მთავრობამ გზა დაუთმო უხილავ მკვლელს, მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებმა კი ზედიზედ სამი საქმე წააგეს სასამართლოში იმის გამო, რომ არ ჰქონდათ ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად საჭირო გეგმა. ჩემი აზრით, პოლიტიკოსებმა უნდა გააფრთხილონ ადამიანები ჰაერის დაბინძურების შესახებ და ყველა, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ჯგუფები, უნდა დაიცვას ხელისუფლებამ.
ამ კანონპროექტის მიზანია, სუფთა ჰაერი ადამიანის უფლებად აქციოს. იგი უზრუნველყოფს სუფთა ჰაერზე წვდომის უფლების დაცვას გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობაში.
კანონპროექტის შესაბამისად, მთავრობას მოეთხოვება, შეაფასოს ჰაერის დაბინძურება ინგლისსა და უელსში და გამოაქვეყნოს დეტალური ანგარიშები, საჭიროების შემთხვევაში გაფრთხილებების ჩათვლით, ხოლო მოქალაქეთა კომისია ყოველწლიურად განიხილავს მთავრობის ქმედებებს.
ყოველწლიურად განახლდება ჰაერის დამაბინძურებლების შესახებ მონაცემები, დაინერგება გაყიდვის შეზღუდვები წვის სისტემის მქონე ისეთ დანადგარებზე, როგორიცაა ხის ღუმლები. კანონისა და სანქციების მაკონტროლებელი მექანიზმები მიენიჭება ადგილობრივ ხელისუფლებას.
შემოთავაზებულ კანონს – ელას კანონს – ეწოდა ცხრა წლის ელა ადო-კისი-დებრას სახელი, რომელიც არის პირველი ადამიანი, ვისი გარდაცვალების მიზეზადაც ჰაერის დაბინძურება ჩაითვალა.
ელას დედა, როზამუნდი, ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კამპანიის აქტიური მონაწილე, ლორდთა პალატაში უსმენდა დებატებს.
ჰაერის დაბინძურება გლობალური გამოწვევაა. დაბინძურებისა და ჯანმრთელობის შესახებ ლანცეტის კომისიამ გამოავლინა, რომ 2019 წელს ჰაერის დაბინძურებამ გამოიწვია ცხრა მილიონი ადამიანის გარდაცვალება, რაც ყოველი მეექვსე სიკვდილია მსოფლიოში.
ჰაერის დაბინძურება შეადგენს ამ სიკვდილიანობათა თითქმის 75%-ს, ხოლო 1,8 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოწვეულია ტოქსიკური ქიმიური დაბინძურებით, რაც 66%-იანი ზრდაა 2000 წლის მონაცემთან შედარებით.
სტატიაზე მუშაობდა : ალექსანდრე ფიფია და ნინი თოიძე
წყარო : airqualitynews.com